
„ჩემი მოლოდინი არის პოზიტიური, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდება, თუმცა ვადებთან დაკავშირებით გადაჭრით რამის თქმა გამიჭირდება", - აცხადებს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე საუბრისას.
„ჩვენი პოზიცია მრავალჯერ გვაქვს გაცხადებული - რომ მომხრე ვართ სატრანსპორტო, სავაჭრო და ჰუმანიტარული კავშირებისა. ბოლო შეხვედრაზეც პრაღაში შევეხეთ ამ საკითხებს, მათ შორის - ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. რუსეთის დელეგაციამ განაცხადა, რომ ფიქრობენ ამ საკითხზე. სამწუხაროდ, ვადების დასახელება არ მოგვისმენია.
„ტექნიკურად საკითხის მოგვარება რთული არ არის. მთავრია, მათი მხრიდან მიღებული იქნას პოლიტიკური გადაწყვეტილება. ჩემი მოლოდინი არის პოზიტიური, რადგან ეს საკითხი, ბოლოს და ბოლოს, დადებითად უნდა გადაწყდეს. მოხდება თუ არა ეს ამ წელს, პასუხი გამიჭირდება, თუმცა ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან ინტენსიური მუშაობა გრძელდება", - განაცხადა „რეზონანსთან" ზურაბ აბაშიძემ.