
ახალი წლის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით „რეზონანსმა“, ტრადიციისამებრ, მცირე სატელეფონო გამოკითხვა ჩაატარა იმის დასადგენად, თუ რომელ მოქმედ ქართველ პოლიტიკოსებს ისურვებდნენ ქვეყნის მოქალაქეები მეკვლედ ახალი წლის ღამეს. გამოკითხვაში შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული 100 მოქალაქე მონაწილეობდა.
გამოკითხვის ჩატარებისას საზოგადოებას მივმართეთ შეკითხვით: არჩევანის საშუალება რომ გქონდეთ, რომელ ქართველ პოლიტიკოსს ისურვებდით მეკვლედ ახალი წლის ღამეს?
გამოკითხულთა უმრავლესობისთვის არასასურველი აღმოჩნდა პოლიტიკოსის მათ ოჯახში მეკვლედ მისვლა და შესაბამისად, პასუხი „არც ერთი“ აირჩიეს.
იყო არაორდინალური და სახალისო პასუხებიც.
გამოკითხვაში მონაწილე ერთმა ქალბატონმა აღნიშნა, რომ მეკვლედ უირიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილს ისურვებდა, რომელიც მისი მეგობარია და სიცილით გვითხრა: „მოვიდეს ჩემი მეგობარი დავით მათიკაშვილი, უნდა გავლახო“.
ერთ-ერთმა შუახნის მამაკაცმა განაცხადა, რომ მეკვლედ თავის ძაღლ ლუსის ისურვებდა: „პოლიტიკოსები არ ვიცი, მარგრამ მეკვლედ ჩემს ძაღლ ლუსის ვისურვებდი, თუ არა და ვლადიმერ პუტინს“.
„ყველა ერთად რომ მოვიდეს, უარს არ ვიტყვი“, - ასე გამოეხმაურა ერთ-ერთი რესპონდეტი „რეზონანსის“ შეკითხვას, მეკვლედ რომელ მოქმედ პოლიტიკოსს ისურვებდა საახალწლოდ.
რესპოდენტთა ნაწილი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ანიჭებს უპირატესობას: „ორ კილო ბადრიჯანს შევწვავ, „მარტინის“ ბოთლს დავიდგამ და დაველოდები გახარიას.“
რესპონდენტთა შორის იყო ერთ-ერთი, რომელიც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას ელოდება: „სააკაშვილს დაველოდებოდი სიამოვნებით.“
გამოკითხვის მსვლელობისას რესპონდენტებს ვთავაზობდით პოლიტიკოსების ჩვენ მიერ შერჩეულ სიას:
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი;
პრემიერი გიორგი გახარია, პარლამენტი;
თბილისის მერი კახა კალაძე;
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი;
ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი;
პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე;
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი;
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი;
„ევროპული საქართელოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა;
„თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე გოგი წულაია.
გარდა ამისა, გამოკითხვის მონაწილეებს შეეძლოთ, დაესახელებინათ მათთვის სასურველი ნებისმიერი სხვა მოქმედი ქართველი პოლიტიკოსი.
რესპოდენტთა მესამედზე მეტმა აღნიშნა, რომ მეკვლედ არცერთ პოლიტიკოსს არ ისურვებდა - „ღმერთმა დამიფაროს, ამათი ფეხი არ ვნახო ჩემს ოჯახში“. ზოგი კი გეგმავს ახალ წელს ყველაფერი თვითონ იყოს საკუთარ სახლში, მათ შორის მეკვლეც. გამოკითხულთა შორის ზოგს სასაუბროდ არ ეცალა, რადგან წინასაახალწლო სამზადისში იყო: „გაზზე მიდგას საჭმელი და არ მცალია.“
საბოლოოდ, ყველაზე სასურველი მეკვლეების საუკეთესო ხუთეული ასეთი გამოვიდა:
1. კახა კალაძე 15%;
2. გიორგი გახარია 14%;
3. ბიძინა ივანიშვილი 11%;
4. გოგი წულაია 8%;
5. შალვა ნათელაშვილი 6%.
გამოკითხულთა 36%-მა განაცხადა, რომ მეკვლედ არცერთ პოლიტიკოსს არ ისურვებდა.