თამარ შუკვანი
30.12.2019

„მთლიანობაში საკმაოდ წარუმატებელი წელი იყო. ვერ ვიპოვით ფლანგს, სადაც რაიმე წარმატება გქონდა და წინ წავიწიეთ. უსაფრთხოების, სოციალური, თუ პოლიტიკური თვალსაზრისით, მდგომარეობა გაუარესებულია," - ასე შეაფასა „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსმა, არჩილ გამზარდიამ 2019 წლის პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში.

ანალიტიკოსი ამბობს, რომ საკმაოდ წარუმატებელი წელი იყო, როგორც „ქართული ოცნებისთვის, ასევე ოპოზიციური სპექტრისთვისაც. მისივე თქმით, მმართველი პოლიტიკური ძალის იმიჯი იმდენად შელახულია, რომ ხელისუფლებას კიდევ უფრო მძიმე და რთული წელიწადი ელის.

„ცალკეული პირებისთვისაც წარუმატებელი წელიწადი იყო, იმ პოლიტიკოსებისთვის, რომლებმაც ხელისუფლების კლანჭებისგან თავი დაიხსნეს და მმართველი პარტიის სივრციდან გამოვიდნენ, თუმცა, მათ პოლიტიკური კაპიტალი არ გამოჰყვათ. საკმაოდ მძიმედ ვხვდებით 2020 წელს," - ამბობს ის.

დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების შესახებ საუბრისას გამზარდია აცხადებს, რომ ხელისუფლების წვლილი ამ საქმეში, ფაქტობრივად, არ არსებობს, მეტიც, „ქართული ოცნება" ექიმის წინააღმდეგ ანტიკამპანიასაც კი აწარმოებდა, რადგან გაფრინდაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ საქმიანობას არ ეწევა, საკმაოდ სერიოზულ პოლიტიკურ ოპონენტად მიაჩნია.

„ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების ფაქტი იმოქმედებდა ხელისუფლების იმიჯზე იმ შემთხვევაში, თუ მმართველი ძალა ამ პროცესში უფრო სერიოზულად ჩაერთვებოდა და გამოჩნდებოდა მოწადინება. ხელისუფლება სინამდვილეში ვაჟა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ ძალისხმევას წარმართავდა იმ პროპაგანდისკენ, რასაც „ქართული ოცნების" შიდა ჯგუფები გამოხატავდნენ.

„ვაჟა გაფრინდაშვილი პროპაგანდისტული შიდა დევნის რეჟიმშია. ხელისუფლების განსაკუთრებული წვლილი არ ყოფილა მის გათავისუფლებაში, ეს იყო მთლიანად საზოგადოების დამსახურება.

"ხელისუფლება ფორმალურად იყო ჩართული ამ პროცესში და გაფრინდაშვილთან მიმართებაში ორმაგ თამაშს თამაშობდა. ერთი მხრივ თითქოს ცდილობდა, გათავისუფლებაში მონაწილეობა მიეღო. მეორე მხრივ ვხედავდით, როგორ ცდილობდა მუდმივად მის შიდა დევნას.

„ხელისუფლებას არ აწყობდა ავტორიტეტული პირი და არც ასეთი ავტორიტეტული ადამიანის დახსნა. მაქსიმალურად ცდილობდა დიდი ანტიკამპანია შეექმნა ვაჟა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ, თუკი მისი სახელი გამარგინალდებოდა და მას არ ექნებოდა მაღალი რეპუტაცია, აქტივობებიც დაიკლებდა.

"ბოლო ორი დღეა ისევ ვხედავთ ცალკეულ ფლანგებზე ვაჟა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ ანტიკამპანიას. ავტორიტეტული ჟურნალისტი, ანალიტიკოსი, სამოქალაქო აქტივისტი და ა.შ., არ არის აუცილებელი პირდაპირი ტიპის პოლიტიკაში ვიყოთ მოქცეული, იმ ფლანგზე ხელისუფლებისთვის საშიში ვართ. ნებისმიერ ავტორიტეტი და დამოუკიდებელი ადამიანი ხელისუფლებისთვის საშიშია.

„ამ ეტაპზე ვაჟა გაფრინდაშვილის პოლიტიკაში ჩართულობის წინაპირობა არ ჩანს, მაგრამ ნებისმიერი მისი წინადადება, რომ რაიმეზე რეაქცია ჰქონდეს, ბუნებრივია, ძალიან ბევრი ადამიანისთვის ისეთივე სანიმუშო იქნება, როგორიც ის, რაც სახელმწიფოებრივი ინტერესებით გადაიტანა.

"შეიძლება ამ წუთში მისი პოლიტიკაში ჩართულობის პირობები არ ჩანს, თუმცა, შეიძლება გაჩნდეს, რადგან ეს მისი პოლიტიკური აქტი იყო, უფრო მეტიც, სახელმწიფოებრიბრივი. ხელისუფლებამ დაინახა ეს რისკები და უფრთხის. ხელისუფლება ებრძვის ყველა ავტორიტეტს, მათ შორის პატრიარქს, ყველა პოლიტიკური პარტიას, ლიდერს, ვისაც შეიძლება პოლიტიკური კაპიტალი ჰქონდეს.

„დღეს ისეთ რეჟიმშია ხელისუფლება, რომ პატარა მედიასაშუალებებსაც კი, რომლებიც მის სივრცეში არ ტრიალებს, ებრძვის. ნებისმიერ ხელისუფლებისგან დამუკიდებელ პირს ებრძვიან ყველა შესაძლო ხერხით. კუხიანიძემ რაც გაახმოვანა, ხელისუფლებისთვის დამახასიათებელი ფორმაა, რადგან ხელისუფლება ხედავს, რომ ბევრ რამეში გამოიჭირეს. ხელისუფლება რისკებს ხედავს, მეტიც, გარკვეული ფობიაც გაუჩნდა ვაჟა გაფრინდაშვილისნაირი ავტორიტეტის მიმართ," - განაცხადა არჩილ გამზარდიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×