"პოლიტიკურად ასეთი მძიმე წელი არ მახსოვს, ქვეყანას ამდენი პრობლემები შექმნოდეს. დღე არ გავიდოდა, რომ დაძაბულობა არ ყოფილიყო ჩვენი პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებიც ხალხის ნაცვლად თავის კეთილდღეობაზე ზრუნავენ. დაველოდოთ 2020 წელს, იქნებ ეს წელი მაინც იყოს წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის"- ასე აფასებს კინორეჟისორი გოგი თორაძე 2019 წლის ქართულ პოლიტიკას.
"მე ხელოვანი ადამიანი ვარ და გამიჭირდება პოლიტიკური პროცესების შეფასება, თუმცა, ასეთი დაძაბული წელი პოლიტიკის თვალსაზრისით ჯერ არ მახსოვს, ქვეყანას ამდენი პრობლემები შექმნოდეს. ყოველი დღე იყო პოლიტიკურად მძაფრი და ვიტყოდი აუტანელიც.
"ახალგაზრდებზე არ ვამბობ, მაგრამ ერთი და იგივე პოლიტიკოსების ყურება 30 წლის განმავლობაში მოსაბეზრებელია. თანაც, ხალხისთვის სასიკეთოს არაფერს აკეთებენ, ერთ ადგილზე დგანან და მხოლოდ თავის კეთილდღეობაზე ზრუნავენ.
"აქამდე ვერაფერი ვერ შეძლეს და არა მგონია, რომ მომავალშიც რაიმე სასიკეთო გააკეთონ ქვეყნისთვის. რაც შეეხება ეკონომიკას, ეს წელი ეკონომიკური თვალსაზრისითაც უმძიმესი იყო ჩვენი მოსახლოებისთვის და ამ პრობლემების დასასრულიც არ ჩანს. ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც წლის ბოლოს მოხდა იყო ის, რომ განთავისუფლდა ღირსეული ადამიანი ვაჟა გაფრინაშვილი.
"წარამტებული იყო ეს წელი ქართულ სპორტში, რომელიც დახუნძლული იყო ქართველ სპორტსმენთა გამარჯვებებით, ამდენი ოქროს მედალი ჩვენს სპორტსმენებს საერთაშორისო არენაზე არასდროს მიუღიათ.
"რაც შეეხება კულტურას, პირადად ჩემთვის წარმატებული წელი იყო, მქონდა ფილმის პრემიერა. კარგი ამბავია ისიც, რომ უახლოეს მომავალში გადაწყდება კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფა, რადგან ასეთი სფეროს სხვა სტრუქტურებთან გაერთიანება მძიმე შედეგების მომტანია. არადა მსოფლიო საქართველოს კულტურით იცნობს და ამ დარგში მიღწევები ქვეყნის განვითარების საწინადარია.
"დაველოდოთ 2020 წელს, იქნებ ეს წელი მაინც იყოს წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის" - განაცხადა "რეზონანსთან" გოგი თორაძემ.