
საბავშვო ატრაქციონები, რომელიც წუხელ თბილისის მერიამ პარლამენტის წინ განათავსა, ჩაიფუშა. ამ ეტაპზე უცნობია, დააზიანეს თუ არა გასაბერი ატრაქციონი მიზანმიმართულად.
დილით თბილისის მერიის თანამშრომლებმა პარლამენტის შენობის წინ განთავსებული ატრაქციონები რკინის კონსტრქუციით შემოღობეს. მათი განმარტებით, შემოღობილ ტერიტორიაზე დამატებითი ატრაქციონები უნდა დაიდგას, რის გამოც მოქალაქეებს რკინის კონსტრუქციების მეორე მხარეს გადასვლის საშუალებას არ აძლევენ.
დასუფთავების სამსახურმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან კარვები, მათ შორის მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავი გუშინ ღამით აიღო. თბილსერვისის წარმომადგენლებმა ტერიტორია წყლის ჭავლით ჩარეცხეს, რის შემდეგაც ადგილზე საბავშვო ატრაქციონები და საახალწლო დეკორაციები დაამონტაჟეს.
აღნიშნული ფაქტის გასაპროტესტებლად ადგილზე ოპოზიციური პარტიებისა და ახალგაზრდული მოძრაობების წარმომადგენლები მივიდნენ და ხელმეორედ გაშლა სცადეს, რასაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა. შსს-ს ცნობით, დაკავებულია ცხრა პირი.