
32 წლის დიანა ჯიშიაშვილმა დაამტკიცა, რომ შეზღუდული შესალებლობები არ არსებობს. 14 წელია ინვალიდის ეტლში ზის, მაგრამ ამის მიუხედავად, განათლებაც მიიღო, პარალიმპურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს სამი მედალიც მოიპოვა, ოჯახიც შექმნა და, რაც ყველაზე მთავარია, 2 თვის წინ დედა გახდა.
დიანა 17 წლის იყო, როცა მდინარეში ჩახტომისას ფეხი დაუცდა და თავი ქვას ჩამოარტყა. ტრავმამ ხერხემლის პარალიზება გამოიწვია. რამდენიმე თვე ლოგინიდან ვერ დგებოდა. მერე ეტლში გადაჯდომა შეძლო...
დიანა ჯიშიაშვილი: "სკოლა რომ დავამთავრე, იმ წელს აბაშაში, ბებიაჩემთან ჩავედი. გორის რაიონში ვცხოვრობდი და ზაფხულობით აბაშაში ვისვენებდი. ერთ დღეს მეგობრებთან ერთად მდინარეზე წავედი. კარგად ვცურავდი და ყველა ზაფხულის მოსვლა მიხაროდა, რადგან მდინარეზე წავიდოდი. ცურვა ჩემთვის ყველაფერი იყო. გორში ვცხოვრობდი და იქ დავდიოდი სპორტულ ცურვაზე. ნახევრად რუსი ვარ და რუსეთშიც რომ ჩავდიოდი, იქაც ვვარჯიშობდი ცურვაში.
მდინარეში რომ უნდა გადავმხტარიყავი, ფეხი დამისრიალდა, ცუდად დავეცი და თავი ქვას ჩამოვარტყი. ცოტა დიდი, კლდოვანი ქვები იყო და იქიდან ვხტებოდით. ბევრი ხტებოდა და ძალიან სველი იყო ის ადგილი. ამიტომაც დამისრიალდა ფეხი.
თავი ისე ძლიერად დავარტყი, რომ დარტყმის ძალამ კისრის სამი მალა ჩამიმტვრია, რის გამოც მთელი სხეული გამეთიშა. ეს ძალიან რთული ტრავმაა, სიცოცხლისთვის შეუსაბამო, მაგრამ შეიძლება მილიონში 1% გადარჩეს. თავის ტვინი არ დამიზიანდა, მაგრამ ზურგის ტვინი დამებეჟა და პარალიზი ამან გამოიწვია.
იქ მყოფებმა ამომიყვანეს წყლიდან. თავიდან რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა შევძელი, მაგრამ მერე სხეული გამეთიშა და ნაპირზევე ჩავიკეცე. მაშინ 17 წლის ვიყავი.
- მაშინვე ეტლით დაგჭირდათ სარგებლობა?
- არა, ეტლში ჩაჯდომა მოგვიანებით შევძელი. მაშინ სამედიცინო დახმარების მიღება ფაქტობრივად მიუწვდომელი იყო, რადგან ძალიან დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. ამ დაავადებას ვერც მკურნალობდნენ.
უცხოეთში ჩემი წაყვანა ვერ მოხერხდა და ექიმების უცოდინრობის გამო სხვა დაზიანებებიც მივიღე, რამაც კიდევ უფრო გაართულა ჩემი მდგომარეობა. რამდენიმე თვე სულ ვიწექი. მერე ეტლშიც ვერ ვჯდებოდი ნორმალურად, ფაქტობრივად, ეტლში ვიწექი.
პირველ რიგში, დაუშვეს შეცდომა, რომ კისრის მალებდამტვრეული კორსეტის გარეშე გადმომიყვანეს შემთხვევის ადგილიდან, რაც ყოვლად დაუშვებელი იყო. კისრის მალა რომ იმტვრევა, მოძრაობა არ შეიძლება, რადგან ზურგის ტვინს აწვება.
თავიდან ქუთაისში მიმიყვანეს. იქ გადამიღეს კისერი, მიტრიალეს და მიტრიალეს თავი. კისრის მოძრაობა არაფრით შეიძლებოდა და ამას ექიმი უნდა მიმხვდარიყო. წყალში ხტომის დროს დარტყმის შედეგად თურმე სწორედ კისრის მალები ზიანდება და ეს ექიმს აუცილებლად უნდა სცოდნოდა. თავი რომ მიტრიალეს, ძვლის ნატეხებმა ზურგის ტვინი უარესად დამიზიანა და ამიტომაც დავრჩი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად.
ეტლში მჯდომმა განათლებაც მივიღე, სპორტსმენიც გავხდი. ვმუშაობ, მეუღლეც მყავს, შვილიც შემეძინა..."
- ქმარ-შვილი გყავთ. მოგვიყევით თქვენს მეუღლეზე და თქვენს სიყვარულზე.
- ჩემი მეუღლე გიორგი ნარხოზაშვილია. ისიც გორელია. მამამ ეტლით გამიყვანა ქალაქში და მაშინ მნახა.
გადავწყვიტეთ, ერთად გვეცხოვრა. ფარიკაობა რომ დავიწყე, უკვე მასთან ერთად ვცხოვრობდი. გიორგისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ეტლში ვიჯექი თუ არა. ვინც რაიმე კითხვას უსვამდა ამის შესახებ, პასუხსაც არ სცემდა. ერთადერთხელ გასცა პასუხი ჩემს ნათესავს: "ხომ შეიძლება ჯანმრთელი ქალი მოიყვანო ცოლად, მაგრამ ტრავმა მიიღოს და ეტლში აღმოჩნდეს, რა, უნდა მიატოვო? თუ გიყვარს, გიყვარს და მორჩა.
ჩემი მეუღლე ხელოვანია, მუსიკას წერს. პროფესიით ფინანსისტია. წლების განმავლობაში ერთ-ერთ კომპანიაში მენეჯერად მუშაობდა. ახლახან ის კომპანია დაიხურა და უმუშევარი დარჩა.
გვინდოდა, შვილი გვყოლოდა, მაგრამ ვფიქრობდით, კარგი იქნებოდა, ჯერ ფინანსურად მოვძლიერებულიყავით. მშენებარე ბინა გვაქვს განვადებით შეძენილი. იქ ადაპტირებული გარემო იქნებოდა და არ მინდოდა, ორსული ვეტარებინე ხელით. ახლა ქირით ვართ. ჩვენი ბინის აშენება ვერ დასრულდა და ორსული მართლაც ხელში აყვანილი მატარა ექიმებთან თუ სხვაგან.
ჩემი ანდრია ტყუპისცალია. მესამე თვეში ვიყავი, მეორე ემბრიონმა არსებობა რომ შეწყვიტა. ანდრიას კი არანაირი პრობლემა არ ჰქონია მთელი ორსულობის განმავლობაში. ნაადრევი მშობიარობა დამეწყო, მაგრამ ექიმებმა საკეისრო კვეთის გაკეთება მოასწრეს."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე