ირაკლი ლომიძე
31.12.2019

2020 წელს მთავრობა უპრეცენდენტოდ მაღალი სოციალური ხარჯის გაწევას აპირებს. ბუნებრივია, ეს ხდება იმის გამო, რომ წინ საარჩევნო წელია და ,,ოცნების” შერყეული იმიჯის აღსადგენად მმართველ პარტიას ხალხის მახარდაჭერა დასჭირდება. ასე ფიქრობენ ეკონომისტები და მიიჩნევენ, რომ პოპულისტური ნაბიჯით კიდევ უფრო შეუწყობენ ხელს ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებას, რის შედეგსაც ქვეყანა ძალიან მძიმედ იწვნევს. 

ცალკე საკითხია ისიც, რამდენად შესრულდება დაპირებები, რომლის იმედადაც მთავრობა არჩევნების მოგებას ეცდება. ეკონომისტ ზვიად ხორგუაშვილის შეფასებით, სოციალური პაკეტი მთლიანად საარჩევნო წელზეა მორგებული, რათა ,,ქართულმა ოცნებამ” გაღარიბებული ცხოვრების გამო რაც შეიძლება ნაკლები კრიტიკა დაიმსახუროს. 

,,სოციალური ხარჯის ზრდა ყოველწლიურად რაღაც ტემპით მიმდინარეობს, ამ ეტაპზე განსაკუთრებული ზრდა რეალურად არ არის, თუმცა მიზნობრივად აპირებენ გაზარდონ ისეთი ხარჯი, რომელიც ერთი შეხედვით, გაჭირვებული ადამიანების მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. შესაბამისად, იგეგმება მასწავლებლების, პოლიციელების და სხვადასხვა ნაწილისთვის ხელფასების ზრდა, რაც ასევე პოპულისტური ნაბიჯია. 2020 წლის ბიუჯეტი მთლიანად არჩევნებზეა მორგებული და მიმართულია, რომ მთავრობამ რაც შეიძლება ნაკლები კრიტიკა მიიღოს სოციალურ ხარჯთან დაკავშირებით. 

ბოლო წლებში ვხედავთ, რომ სიღარიბე ძალიან პრობლემტური საკითხია, ფასების მკვეთრი ზრდაა, მაგრამ არ მატულობს პენსია და არც სოციალური დახმარება გაზრდილა. მთავრობა ახლა ცდილობს, ეს ხარჯი გასწიოს და დარწმუნებული ვარ, ამას მოჰყვება კიდევ ბევრი დაპირება, მათ შორის, ისევ სოციალური ხარჯის ზრდაზე. როცა საქმე პოლიციელების და პედაგოგების ხელფასის ზრდას ეხება, არ არის ცუდი, რადგან გაზრდილია გაჭირვება. იმდენად ცუდად მიმდინარეობს ეკონომიკური პროცესები, რომ გარკვეული სოციალური ტიპის ხარჯის ზრდა აუცილებელია, განსაკუთრებით, ყველაზე გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად”, - აცხადებს “რეზონანსთან” ხორგუაშვილი და დასძენს, რომ მოსალოდნელია, კიდევ ერთხელ გადაიხედოს ბიუჯეტი და დაპიურებების ჩამონათვალი შემცირდეს.

,,ცხადია, არ შეიძლება მკვეთრად გაზარდო ხარჯი, როცა მშპ- არ მატულობს და ამვე დროს საქართველოს ბიუჯეტი ძალიან გაბერილია ბიუროკრატიული თუ სხვა არაეფექტური ხარჯით. ამდენი წელია, ,,ქამრების შემოჭერაზეა” საუბარი, მაგრამ ვხედავთ ასევე, რომ ბიუროკრატიული ხარჯი იზრდება. სამწუხაროდ, ისეთ საკვანძო საკითხებზე არავინ საუბრობს, როგორიცაა გადასახადების შემცირება, რეგულაციების შერბილება და სხვა. 

ცნობილია ისიც, რომ სოციალურ ხარჯს ზრდიან ვალის ხარჯზე, რის გამოც მკვეთრად გაზრდილი ბიუჯეტის დეფიციტი. ვხედავთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს უკვე 1 წლის წინ ჰქონდა წლიური თანხა დახარჯული და დამატებითი რესურსი სჭირდება. აქაც მოხდება გადახედვა, ბევრი რამ შეიცვლება და მხოლოდ უარესობისა და პოპულიზმისკენ. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, თუმცა ჯერ მაინც ადრეა საუბარი, რომ დაპირებები შესრულდება. ,,ქართულ ოცნებას” პოლიტიკურად ძალიან უჭირს და რადიკალური ნაბიჯი თუ არ გადაიდგა, კიდევ მეტად გაუჭირდებათ. მთლიანობაში, ჩემი დამოკიდებულების მიუხედავად, მწვავედ ვერ გავაკრიტიკებ ამ გადაწყვეტილებას თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ კონკრეტული სოციალური დახმარება, როცა ხალხს ძალიან უჭირს, გაუმართლებლად არ შეიძლება ჩაითვალოს”, - აცხადებს ზვიად ხორგუაშვილი ,,რეზონანსთან” საუბრისას.

ასეთივე მოსაზრებისაა ეკონომისტი აკაკი ცომაია, რომელიც ფიქრობს, რომ სოციალური ხარჯის ზრდა საბოლოოდ ეკონომიკაზე იმოქმედებს და ქვეყანას ცუდ შედეგამდე მიიყვანს.

,,ბიუჯეტში არსებული სახსრების არაეფექტურ გამოყენებას სჯობს, რომ თანხა სწორად გადანაწილდეს და ნაკლებად შემოსავლიან ადამიანებს ჰქონდეთ მეტი შესაძლებლობა, რომ ბიუჯეტში აკუმულირებული თანხა მათი საჭიროების გათვალსიწინებით დაიხარჯოს. ცხადია, ეს არ უნდა ხდებოდეს შიდა ან საგარეო ვალის ხარჯზე. როცა ვალიდან ხდება ხარჯვა, ცხადია, ეკონომიკურ ზრდაზე მომავალში ნეგატიურად აისახება. მოცემულ მომეტში მთავრობა მიდის ამ რისკზე, რადგან საარჩევნო წელია და ხალხის გულის მოსაგებად პოპლისტურ ნაბიჯებს დგამს, რაც საპრეზიდენტო არჩევნების დროს გააკეთეს – უპრეცენდენტოდ პოპულისტური ნაბიჯი გადაიდგა. არჩევნები რომ არა, ის თანხა, რაც გამიზნულია სოციალური ხარჯისთვის, არასაარჩევნო პერიოდში ალბათ, კონკრეტული ჩინოვნიკების ხელში აღმოჩნდებოდა, ესეც უნდა ითქვას”, - ამბობს ეკონომისტი.

სპეციალისტები ვარაუდობენ იმასაც, რომ 2020 წელს ,,ოცნებას”, გამოცდილებიდან გამომდინარე, ყველაზე ნაკლებად დაუჯერებენ. არ არის გამორიცხული, დიდ დაპირებაც გამოცხადდეს, როგორიც საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ვალების ჩამოწერა იყო და მან, ფაქტობრივად, არჩევნების შედეგიც გადაწყვიტა.

ცნობილია, რომ პირველი იანვრიდან გაზრდილ სოციალურ პაკეტს, 114 ათასამდე შშმ პირი მიიღებს. ცვლილება დღეს მთავრობის სხდომაზე დაამტკიცეს. საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური პაკეტის ოდენობის ზრდა 20 ლარით. აღნიშნული ცვლილება შეეხება, ყველა კატეგორიის, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს (18 წლამდე).

პროექტის მიზანია, ყველა კატეგორიის, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირთა და შშმ ბავშვთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.

ამ მიზნისთვის საჭირო თანხის წლიური ოდენობა დაახლოებით 35 მლნ. ლარია. პროექტი ამოქმედდება 2020 წლის 1 იანვრიდან.2020 წლის 1 იანვრიდან 20 ლარით გაზრდილ პენსიას მიიღებენ საპენსიო ასაკის მქონე პირები. 

სოციალური პაკეტებისა და პენსიის ზრდა 1 ივლისიდანაც მოხდება. 70 წელს ზემოთ პენსიონერებს, 18 წლამდე და პირველი ჯგუფის შშმ პირების პაკეტებზე 30 ლარიანი მატება მოხდება. 

ახალი წლიდან, მთაში მცხოვრები, საპენსიო ასაკის პირები 220 ლარის ნაცვლად 264 ლარს მიიღებენ. 1 ივლისიდან კი 300 ლარს მიიღებენ, მთაში მცხოვრები ის პენსიონერები, რომელთა ასაკი 70 წელს აღემატება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×