რეზონანსი
03.01.2020

6 წლის ბავშვი მშობლებთან და ბებია-ბაბუასთან ერთად ქედის რაიონის მაღალმთიან სოფელ ნამონასტრევში ცხოვრობს.

მას სურს, რომ პოლიციელი გამოვიდეს, ამიტომაც განსაკუთრებით გაუხარდა ახალ წელს საჩუქრად პოლიციელის ფორმა რომ გადასცეს. მას აჭარის პოლიციის უფროსი კონსტანტინე ანანიაშვილი თავის შვილთან ერთად ესტუმრა და პატარა სიურპრიზი მოუწყო - საჩუქრებთან ერთად ნიკუშა პოლიციის სამსახურეობრივი ავტომობილით გაასეირნეს.

"პრაიმტაიმს" ნიკუშას დედა, ზინა მუმლაძე უყვება, რომ სოფლიდან ბევრი ოჯახი გადასახლდა, ბავშვები სკოლებში სხვაგან დადიან, თუმცა სპეციალურად ნიკუშასთვის ახლა მასწავლებელი ყოველდღე რამდენიმე კილომეტრს გადის და სკოლის ერთადერთი მოსწავლეც დაუზარელად სწავლობს ყველა საგანს.

ზინა მუმლაძე, ნიკუშას დედა:

"დიახ, ნიკუშა ერთადერთი მოსწავლეა, პირველ კლასშია. შეიძლება ითქვას, რომ სკოლა სპეციალურად მისთვის გაგვიხსნეს. მასწავლებელი კილომეტრებს გადის, რომ მოვიდეს ადგილამდე და ასწავლოს. ნამონასტრევი შორი სოფელია, ბავშვები აქ არ არიან. ოჯახები, ვისაც საშუალება ჰქონდა წავიდნენ. ზოგი ბათუმში, ზოგიც სხვაგან. ბავშვებიც იქ სწავლობენ. არდადაგებზე ამოდიან ხოლმე. ჩვენ ჯერჯერობით არ გვაქვს საშუალება, რომ ავდგეთ და გადავსახლდეთ, ამიტომ გაგვიხსნეს აქ სკოლა და ამით ნამდვილად ხელი შეგვიწყეს.

ახალ წელს თოვლის ბაბუას წერილი დაუტოვა და პულტიანი მანქანა მოუტანა. ძალიან გაუხარდა, მის სანახავად პოლიციის უფროსი რომ მოვიდა. პოლიციელის ფორმა მოუტანა საჩუქრად და აღარ იხდიდა არაფრით", - გვიყვება ნიკუშას დედა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×