რუსი ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი ქალაქ ეკატერინბურგიდან იური იზოტოვი საქართველოს მთავრობისგან პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს. ამის შესახებ მან საკუთარ „ფეისბუქზე" დაწერა. იგი ამჟამად უკრაინაში იმყოფება და აცხადებს, რომ შესაბამისი თხოვნით საქართველოს ხელისუფლებას უკვე ოფიციალურად მიმართა.
„მე საქართველოს თავშესაფარი ვთხოვე", - წერს ჟურნალისტი „ფეისბუქზე", მიზეზად კი მუქარას და ზეწოლას ასახელებს, რომელიც მისი ჟურნლისტური საქმიანობას უკავშრდება.
გარდა ამისა, იზოტოვის ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს მის წინააღმდეგ საქმის აღძვრა და მისი ექსტრადირების მოთხოვნა.
„მე მჭირდება მყარი გარანტია, რომ არ მოახდენენ ჩემს ექსტრადირებას", - ამბობს აქტივისტი.
იზოტოვი საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნას აპირებს,რომელიც რუსი პოლიტპატიმრების უფლებებს დაიცავს. ამის შესახებ მან უკრაინულ „კრიმ რეალიისთან" ინტერვიუში განაცხადა.
იზოტოვმა რუსეთი 2016 წელს დატოვა. იგი თვლის, რომ კიევში ანტისაომარ აქციებში მონაწილეობის გამო, შესაძლოა, რუსეთში დევნის მსხვერპლი გახდეს. რადიო „თავისუფლებასთან" საუბრისას ის ამბობს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ მას თავშესაფრის მიცემაზე უარი უთხრა.
ამჟამად იზოტოვი უკრაინაში ცხოვრობს. ადრე იგი ეკატერინბურგში პრო-უკრაინულ აქციებში იღებდა მონაწილეობას.