ელზა პაპოშვილი
07.01.2020

ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე მომხდარ სასტიკ მკვლელობასთან დაკავშირებით ორი  ვერსია ვრცელდება - 24 წლის  მურად წურწუმიას  წამებასა და მკვლელობაში ბრალდებული სპეცრაზმელი ზვიად ფოფხაძე და მოკლულის ოჯახი მომხდარის სხვადასხვა ამბავს ჰყვებიან. ფოფხაძე მხოლოდ მურად წურწუმიას ცემის ფაქტს აღიარებს და ასევე ამბობს, რომ 24 წლის ბიჭი მხოლოდ მან სცემა, ხოლო როდესაც ნახა, რომ მისი მდგომარეობა დამძიმდა, ის სახლში წაიყვანა და სასწრაფო გამოიძახა. 

სპეცრაზმელს ადვოკატი მევლუდ ჯანჯღავა იცავს. უფლებადამცველი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ  ფოფხაძე ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და მომხდარს ძალიან განიცდის. ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდებულის ავტომობილს გარდაცვლილი და მისი ძმა იპარავდნენ. ფოფხაძემ მათი შეჩერება და ავტომობილიდან გადმოყვანა სცადა, თუმცა მათ მანქანა დაქოქეს და გაიქცნენ. გაქცეულები კი დენის ბოძს დაეჯახნენ. ამის შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო და სიტუაცია ასე სავალალოდ დასრულდა. 

„ჩემი დაცვის ქვეშ დანაშაულს აღიარებს, თუმცა მისი მოკვლის განზრახვა არ ჰქონდა. მან სცემა, დაარტყა, მაგრამ ამას ჰქონდა სხვა პერიპეტიები. ბრალდებული მეგობართან ერთად იმყოფებოდა ახლობლის სასაფლაოზე და როდესაც უკან დაბრუნდა, მის მანქანაში მჯდომი ორი პირი დაინახა. ისინი ცდილობდნენ, რომ მანქანა დაექოქათ და ადგილიდან წაეყვანათ. ისინი ამას ცდილობდნენ არა ფარულად, არამედ აშკარად. 

„ამ სცენის შემსწრე ბრალდებული, რა თქმა უნდა, შეეცადა, რომ მათთვის წინააღმდეგობა გაეწია. ეცადა, რომ  ეს პირები საკუთარი მანქანიდან გადმოეყვანა, მაგრამ როგორც ბრალდებული ამბობს, ისინი  ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ. მათ კი წინააღმდეგობა გაუწიეს. 

„გაწევ-გამოწევა მოხდა, ეს პირები კი არ შეეპუენ და მანქანის გაყვანა მაინც მოახერხეს, დაახლოებით 15 მეტრი გაიარეს და ბოძს დააჯახეს. ცხადია, ესენი გაეკიდნენ. პირი კანონიერად იბრუნებდა ნივთს, ამას მოჰყვა ცემა და ჩვენდა სამწუხაროდ, სავალალო შედეგი დადგა, რაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებში არ შედიოდა. როდესაც მან ნახა, რომ ის ცუდად იყო, სახლში წაიყვანა და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა. არაა სწორი ინფორმაცია, რომ ქუჩაში დააგდო“, - აცხადებს  ადვოკატი „რეზონანსთან“. 

მოკლული ახალგაზრდა მამაკაცის ახლობლები კი უარყოფენ ინფორმაციას, რომ გარდაცვლილს და მის ძმას მანქანის გატაცება სურდათ. მათი განცხადებით, 2 იანვარს მამის საფლავზე მყოფი ძმები, რომლებიც ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ, ერთ-ერთ მანქანაში მხოლოდ გასათბობად ჩასხდნენ და სიგარეტს მოუკიდეს, რა დროსაც მანქანის პატრონი და მისი მეგობარი მივიდნენ და მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ოჯახის წევრების განცხადებით, ერთ-ერთმა ძმამ გაქცევა მოასწრო, დაღუპული კი გააშიშვლეს, აწამეს და შემდეგ ერთ-ერთ კორპუსთან დატოვეს.

„ისე სასტიკად იყო ნაცემი, რომ თვის ტვინი საერთოდ აღარ ჰქონდა. ასეევე, ხერხემალი ჰქონდა გადამტვრეული. სახის ძვლები სულ დალეწილი იყო. საავადმყოფოში ექიმმა გვითხრა - სურათი რომ გადავუღეთ, ყველაფერი მოტეხილი  აქვსო. მხოლოდ გულიღა მუშაობდა. სადამდეც გაძლო, გაძლო. ცალი თვალი საერთოდ ამოთხრილი  აქვს. 

„მანქანა დაქოქილი და ღია ყოფილა. ამათ სიგარეტის მოწევა სნდომებიათ და შიგნით სანთებელასთვის ჩამსხდარან. თან ციოდა და გასათბობად დავსხედითო. სწორედ ამ დროს გამოსულან ისინიც. ორნი ყოფილან, მაშინვე ცემა დაუწყეს. ეს ერთი ძმა გამოიქცა, ეგონა, რომ ისი გაიქცა, მაგრამ სახლში რომ მივიდა და არ დახვდა, ძებნა დაიწყეს.

„ასე სასტიკად მარტო ერთი ადამიანი ვერ სცემდა. კარგა ხანია ნაწამები. ეცემა თუ რამეს აშავებდა, ასე სასტიკად წამებისთვის როგორ გაიმეტა?! ტყუილია, რომ სახლში წაიყვანა, ქუჩაში დააგდო და სიკვდილისთვის გაიმეტა. მოვიდა პოლიცია და გვითხრა -ჟურნალისტები რატომ გამოიძახეთ, მეორედ აღარ გნახოთ დაელაპარაკოთო. ის ერთი გაქცეულიაო, ახლა ასე გვითხრეს. 

„არ გვაინტერესებს, ძმამ ამოიცნო, რომ ორნი სცემდნენ. ისიც სასწრაფოდ პასუხისგებაში მისცენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს არ გამოვრიცხავთ. ჩვენც შესაბამისად ვიმოქმედებთ“, - აცხადებს „რეზონანსთან“ გარდაცვლილის ბიძა მანუჩარ წურწუმია. 

„არ იქნება სწორი, პროკურურმა ასე საჯაროდ გააკეთოს განცხადება და განმარტება კონკრეტულად ამ პირის როლთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული ზურა ფოფხაძის საქმის პროკურორმა დავით გუმბერიძემ ბრალდებულის თანმხლებ პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საქმეზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რის შემდეგაც ყველა კითხვას გაეცემა პასუხი.

„დღეის მდგომარეობით, ამ საქმეზე გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები და ჩვენ, როგორც დაზარალებულ ოჯახს, ასევე საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით ძალიან მალე. ფაქტებსა და გარემოებებს შესაბამისი შესწავლა სჭირდება. არ იქნება სწორი პროკურორმა ასე საჯაროდ გააკეთოს განცხადება და განმარტება კონკრეტულად ამ პირის როლთან დაკავშირებით. თუმცა, კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ყველა პირის მოქმედება დეტალურად იქნება შესწავლილი და ძალიან მალე დაზარალებული ოჯახი მიიღებს პასუხს ამ საქმესთან მიმართებაში“, - განაცხადა პროკურორმა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ინფორმაციით, დაპირისპირება ორ მამაკაცსა და შსს-ს მოქმედ თანამშრომელს შორის 2 იანვარს ე.წ. დამპალოს სასაფლაოს ტერიტორიაზე მოხდა, რა დროსაც ბრალდებულმა 24 წლის მამაკაცი აწამა, რის შედეგადაც ის სიცოცხლესთან შეუსაბამო დაზიანებების გამო გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, ზურაბ ფოფხაძეს, რომელიც ახალგაზრდა მამაკაცის მიმართ ფიზიკურ ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობაში არის ბრალდებული, საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებულს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკავებული თანამდებობაც დაატოვებინეს. 

ზურაბ ფოფხაძის მეგობარს, რომელიც დამპალოს სასაფლაოს ტერიტორიაზე მასთან ერთად იმყოფებოდა, ამ ეტაპზე, ბრალი არ წარდგენია, თუმცა, გამოძიება არ გამორიცხავს, რომ საქმეზე ბრალდებულთა რიცხვი გაიზარდოს. 

საქმეზე მორიგი წინასასამართლო სხდომა 24 თებერვალს, 14:00 საათზე გაიმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×