
ამერიკა და ირანი ომის ზღვარზე არიან. ასეთ შემთხვევაში ბევრი ქვეყანა დაზარალდება, მათ შორის საქართველოც. საწვავი აუცილებლად გაძვირდება, ეკონომიკური ვითარება შეიცვლება, მაგრამ ყველაზე მთავარია რა ელის ლარს, რომელიც, როგორც იქნა, გამყარების გზას დაადგა. როგორც ფინანსისტები ირწმუნებიან, ამ მხრივ საფრთხე დიდი არ არის.
მსოფლიო ბაზარზე, ნავთობსა და ოქროზე ფასმა უკვე მოიმატა, რაც ასახვას საქართველოზეც მოახდენს. “ფინექს 1970”-ის ანალიტიკოსი ნიკა შენგელია “რეზონანსთან” ამბობს, რომ ამერიკასა და ირანს შორის საომარი მოქმედებების დაწყების შემთხვევაში, საქართველოში ფასები აუცილებლად მოიმატებს. ამიტომ ახლა მნიშვნელოვანია ეროვნული ვალუტის სტაბილურობა. ამ მხრივ განსაკუთრებული საფრთხე ჯერ არ იკვეთება.
“რეზონანსი”: რა შედეგების მომტანი შეიძლება იყოს საქართველოსთვის, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გამწვავება?
ნიკა შენგელია: ირანსა და ამერიკას შორის არსებულმა დაძაბულმა ვითარებას უკვე გამოიღო შედეგი და ნავთობის ფასმა მოიმატა. სავარუდოდ, რაც უფრო გაღრმავდება დაძაბულობა, მით უფრო გაიზრდება ნავთობის ფასიც. გარდა ამისა, საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასიც საკმაოდ მომატებულია. მე ველოდები, რომ ნავთობი კიდევ გაძვირდება. ეს აუცილებლად მოხდება, რადგან ლიბიაში და ერაყშიც პრობლემებია. ეს უკვე მაჩვენებელია იმისა, რომ ნავთობის ფასმა შეიძლება 80-დოლარიანი ნიშნულიც კი გადაკვეთოს. ეს უკვე ბიძგი იქნება იმისთვის, რომ იანვრის ბოლოდან საქართველოში საწვავზე და ნავთობპროდუქტზე ფასი გაიზარდოს.
"რ": როგორ იმოქმედებს ამერიკა-ირანს შორის არსებული კონფლიქტის გაღრმავება ჩვენს ფინანსური ბაზარზე და კონკრეტულად ქართულ ლარზე?
ნიკა შენგელია: რაც შეეხება ვალუტის კურსს. იმ შემთხვევაში თუ ამერიკა საომარ მოქმედებებს დაიწყებს, დოლარი შესუსტდება, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ ლარი კიდევ უფრო თამამად 2.80-იან ნიშნულამდე ჩამოვიდეს. ამ ეტაპზე, შესაძლოა, მხოლოდ ეს ცვლილებები მოხდეს. მთავარია, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება აუცილებლად შეჩერდება. თუ არ გამყარდება, არც გაუფასურდება, რადგან ამ შემთხვევაში დოლარზე ხდება ზეწოლა და ამერიკული ვალუტის დევალვაცია უფრო დაიწყება მსოფლიო სავალუტო ბირჟებზე, ვიდრე რეგიონული ვალუტების.
"რ": თუ ამერიკა ირანს სანქციებს გუმკაცრებს, საქართველო როგორც აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორი, იქნება თუ არა ვალდებული როგორმე მხარი დაუჭროს?
ნიკა შენგელია: თუ საქართველო თავს ამერიკის პარტნიორად მიიჩნევს, რა თქმა უნდა, ასე შემთხვევაში ჩვენი ქვეყენა ვალდებული იქნება შეუერთდეს იმ სანქციებს, რასაც აშშ დააწესებს. სანქციებზე მეტად სახიფათოა თუ განიხილება ვარიანტი ნატოს ჯარები შემოსვლასთან დაკავშირებით, რომლითაც ჩვენ კარგ შედეგებს არ უნდა ველოდოთ. მოგეხსენებათ, რომ სომხეთმა ნეიტრალიტეტი გამოაცხადა ომთან დაკავშირებით, მაგრამ საქართველო სავარაუდოდ, ამას ვერ იზამს, რადგან ამერიკის პარტნიორია. ვისურვებდი, რომ საქართველოში ნატოს ჯარების არ შემოვიდეს. ასეთ შემთხვევაში პირდაპირ არის საშიშროება, რომ თუკი საომარი მოქმედებები დაიწყება და აქედან მოხდება რაკეტების გასროლა, ავტომატურად საქართველო მოექცევა დარტყმის ქვეშ.
"რ": ირანიდან საქართველოში იმპორტირებული პროდუქცია საკმაოდ მაღალია. ომის დაწყების შემთხვევაში როგორ აისახება ბაზარზე და გაგრძელდება თუ არა პროდუქტების შემოტანა?
ნიკა შენგელია: თუკი სანქციები დაწესდება ირანული საქონლის იმპორტის კუთხით, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში საქართველოს მოუწევს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება და ირანიდან გარკვეული სახის პროდუქტების შემოტანაც აიკრძალება. თუ სანქციები არ იქნება, მაშინ დაძაბული ვითარების პერიოდში უნდა ველოდოთ, ირანიდან უფრო გაიაფებული პროდუქციის შემოდინებას. როდესაც ქვეყანა საომარ მდგომარეობაშია, იქ წამოებული პროდუქცია მაქსიმალურად იაფდება. იქაური ბიზნესმენები ეცდებიან თავიანთი საქონლის რეალიზაცია სწრაფად მოახდინონ.
"რ": ამერიკასა და ირანს შორის ომის წამოწყების შემთხვევაში, გაიზრდება თუ არა მიგრანტების რაოდენობა საქართველოში?
ნიკა შენგელია: ემიგრანტების რაოდენობა, რა თქმა უნდა, გაიზრდება, მაგრამ იმედია, განსაკუთრებული ნაკადი არ მოადგება საქართველოს. სხვათა შორის, შეძლებულ ფენას საქართველოში გადმოსვლა უკვე დაწყებული აქვს და უძრავ ქონებაზე მოთხოვნა შეინიშნება. ასეთი აქტივობა მომავალშიც გაძლიერდება.