
ოპოზიციური სპექტრი ე.წ. შავი სიის პირველ ათეულს უახლოეს დღეებში დაასახელებს, რომელსაც საქართველოს დასავლელ პარტნიორებს გადასცემენ, რაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შოთა ხაბარელის განცხადებით, თავად ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედებს. მეტიც, ის ოპოზიციას ბოლშევიკებს ადარებს.
ოპიზიცია გეგმავს, რომ საკითხი სწორედ საერთაშორისო დონეზე გადაწყდეს - დასავლელმა პარტნიორებმა სიაში მყოფი პირებისადმი სანქციების დაწესება უნდა უზრუნველყონ, რაც შესაძლოა იყოს როგორც ჯარიმა, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გადაადგილების უფლების შეზღუდვა.
პარტიის „ლელო საქართველოსთვის" წარმომადგენელი კახა კოჟორიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ცვლილებისთანავე ამ სიაში მყოფ ადამიანებს, სულ მცირე, თანამდებობის დატოვება მოუწევთ.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების სპეციალურმა კომისიამ ორი დღის წინ გამართულ შეხვედრაზე „შავი სიის" ხუთეული უკვე შეათანხმა, რომელიც ასე გამოიყურება: ვალერიანე ფილიშვილი (მოსამართლე), გიორგი არევაძე (მოსამართლე), ვაჟა თოდუა (პროკურორი), კახა ბუხრაძე (თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე), ნუგზარ ჭონქაძე (მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი). ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განუცხადა.
„ეს არის მორიგი სისულელე, მორიგი პერფორმანსი, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს „ნაციონალური მოძრაობის" და მთლიანად იმ შემადგენლობის სახეს, რომელიც მრგვალ მაგიდასთან ზის და მსჯელობს ამ აბსურდსა და სისულელეზე. მახსენდება ძალიან ცუდი სიები, რომლებსაც ადრე ბოლშევიკები ადგენდნენ; შემდეგ მიჰყავდათ და ამ ადამიანებს ხვრეტდნენ. ესენი (ოპოზიციის წარმომადგენლები) არიან ზუსტად ის ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ შეადგინონ სიები, გაუშვან ციხეებში და გადაასახლონ. ნარატივი ერთი და იგივეა.
„ამ სისულელეს და აბსურდს არ ვიცი, კიდევ რა კომენტარი უნდა გავუკეთო. იგივე შეხედულება ექნებათ ჩვენ დასავლელ პარტნიორებს. ეს არის ოპოზიცია, რომელსაც შეუძლია ერთ დღეს ყველა გაანადგუროს და ამ „შავ სიებში" შეიყვანონ. იმდენად აბსურდული და არაადეკვატურია, რასაც ეს ადამიანები აკეთებენ, რომ მგონი სიტუაცია მათ საწინააღმდეგოდ უფრო იმოქმედებს და „ქართული ოცნების" რეიტინგი უფრო წინ წავა," - უთხრა ხაბარელმა „რეზონანსს."
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ „შავი სია" ძირითადად სამი მიმართულებით მუშავდება და ის ეხება „პოლიტიკოსებს, რომლებიც მართლმსაჯულების გაყალბებასა და პოლიტიკური მიზნებით გამოყენებაში იქნებიან მხილებულნი", მოსამართლეს, პროკურორს, თუ გამომძიებელს, რომლებიც „გაყალბებაში, საქმეების შეკერვასა და მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში არიან მხილებულნი", ასევე, სიაში წარმოდგენილი იქნებიან „პოლიტიკური დევნის, შანტაჟისა და მართლმსაჯულების მსხვერპლნი - დაპატიმრებული თუ სხვა მხრივ რეპრესირებული ადამიანები".