"მძღოლების დიდმა ნაწილმა სულ არ იცის რეგულაციების შესახებ, ამიტომ მათი ინფორმირებაა საჭირო და დროც უნდა მიეცეთ"
რეზონანსი
09.01.2020

სულ რაღაც 2 თვის შემდეგ ავტომფლობელებს ტექდათვალიერების მიმართულებით ბევრი სიახლე ელით. 2020 წლის პირველი აპრილიდან ამოქმედდება რეგულაცია, რომლის თანახმადაც 10 წელზე მეტი ხანდაზმულობის საბურავებით მანქანები ტექდათავლიერებას ვეღარ გაივლიან. უსიამოვნო ცვლილება ელოდებათ მარჯვენასაჭიან ავტომობილებსაც.

სპეციალისტთა შეფასებებით ახალი რეგულაციები ასეთი მყისიერი არ უნდა იყოს და მეტად უნდა მოერგოს იმ მოქალაქეების ინტერესებს, ვისაც მანქანა ჰყავთ. მიუხედავად იმისა, რომ ახალი შეზღუდვების ამოქმედებამდე 3 თვეზე ნაკლებია დარჩენილი, მძღოლების დიდმა ნაწილმა ამის შესახებ არაფერი იცის. 

რაც შეეხება მუდიმავად აქტუალურ საკითხს, რომელიც მარჯვენასაჭიან მანქანებს შეეხება, გარკვეული ცვლილებები მათთვის იგეგმება, ვისაც საჭის მექანიზმის გადატანა ჯერ კიდევ სურს. ასეთ შემთხვევაში ექსპერტები მოსახლეობას ურჩევენ თავი შეიკავონ გადაწყვეტილების მიღებისგან..

უკვე ცნობილია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელსაც 10 წელზე მეტი ხნის საბურავები ექნება, ტექდათვალიერებას ვეღარ გაივლის. შეზღუდვა 2020 წლის პირველი აპრილიდან ამოქმედდება. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს, სახმელეთო ტრანსპორტის სამსახურის უფროსი  შალვა ურიადმყოფელი ადასტურებს.

„პირველი აპრილიდან შეზღუდვები ვრცელდება საბურავებთან დაკავშირებით. მას აქვს თავისი ვადა, შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბურავები ინსპექტირებაზე უნდა იყოს 10 წელზე ნაკლების. თუკი მანქანას აღმოაჩნდა 10 წელზე მეტი ხნის საბურავები, ის დაექვემდებარება დახარვეზებას. შესაბამისად, ავტომობილები ტექნიკურ ინსპექტირებას რასაკვირველია ვერ გაივლიან", - აღნიშნა "პირველ არხთან" ურიადმყოფელმა.

სატრანსპორტო სფეროს სპეციალისტები არ დავობენ იმაზე, რომ რეგულაციები აუცილებელია, როგორც საგზაო უსაფრთხოების კუთხით, ასევე თითოეული ადამიანის უსაფრთხოდ მგზავრობის მხრივაც, თუმცა მათი აზრით, რეგულაციები არ უნდა იყოს ასეთი მყისიერი და ხისტი. აუცილებელია მოსახლეობა ყოველგვარი ცვლილების შემოღებისას მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული.

დარგის სპეციალისტი ელგუჯა ჯამაგიძე “რეზონანსთან” რეგულაციების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ საბურავების ვადიანობისთვის 10 წელიც კი ძალიან ბევრია. საკმარისია იგი სამ წელზე მეტხანს გამოიყენო, რომ შემდეგ აღარ იყოს გამოსადეგი.

"მივესალმები რეგულაციებს და 10 კი არა, 3 წელი უნდა იყოს ხანდაზმულობისთვის განზაღვრული, თუმცა აქ სხვა მომენტია. მძღოლები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი. მათმა დიდმა ნაწილმა სულ არ იცის რეგულაციების შესახებ. ამიტომ მათი ინფორმირებაა საჭირო და დროც უნდა მიეცეთ. 

რაც შეეხება მარჯევანასაჭიან ავტომობილებს, აშკარაა, რომ ისინი საფრთხეს უქმნიან სხვებსაც და თავიანთ თავსაც. თავისი გადაადგილების მანერით ისეთ გარემოს ქმნიან ქალაქში, რომ აშკარაა უნდა შემცირდეს მათი რაოდენობა. რეგულაციებიც ამას ემსახურება, მაგრამ იმის პროგნოზირება ეს რამდენ ხანში მოხდება, საკმაოდ რთულია, თანაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ყველაფრის კონტროლი დღევანდელ რეალობაში შეუძლებელიც კია”, - აღნიშნა ელგუჯა ჯამაგიძემ “რეზონანსთან” საუბრისას. პარალელურად 2020 წლის პირველი აპრილიდან, მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი მანქანების ტექინსპექტირებაში ცვლილებები შედის.

იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც იმპორტირებული იქნება მარჯვენა საჭით, მძღოლებმა უნდა შეინარჩუნონ მისი მდებარეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველი აპრილის შემდეგ საჭეგადატანილი ავტომობილები პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გაივლიან. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, აკრძალვა გავრცელდება იმ მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე, რომლებიც 2020 წლის პირველი აპრილიდან პირველად დარეგისტრირდებიან.

გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი აპრილიდან მარჯვენასაჭიანი ავტომობილებს შეიძLება პრობლემები შეექმნათ ექსპერტი და ავტომრბოლელი მევლუდ მელაძე ეხმაურება.

მისი ინფორმაციით, პირველი აპრილის შემდეგ საჭის გადატანა ოფიციალურადაც აღარ იქნება შესაძლებელი, თუმცა უკვე მოძრავი მარჯვენასაჭიანი მანქანები ტექდათვალიერებას ჩვეულებრივ გაივლიან.

"მარჯვენასაჭიან ავტომობილებს არაფერი არ ემუქრება! ამ ბოლო დროს გავრცელდა ამბავი თითქოსდა პირველი აპრილიდან მარჯვენასაჭიანი ავტომობილები ვეღარ გაივლიდნენ ტექდათვალიერებას.

ინფორმაცია არასწორად იქნა აღქმული. პირიქით, თუ ჯერ არ გადაგიტანიათ საჭე, სჯობს დატოვეთ მარჯვნივ, ვინაიდან ქარხნული ინსტალაცია გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე მოდიფიცირებული.

სწორი ინფორმაცია კი ის გახლავთ, რომ პირველი აპრილის შემდეგ საჭის გადატანა ოფიციალურადაც აღარ შეგეძლებათ, ანუ ყველა ავტომობილი უნდა დარჩეს საჭის იმ მდებარეობით როგორიც იქნება იმ მომენტისთვის (მარჯვენა იქნება ეს მარცხენა თუ შუა)", - აღნიშნა მევლუდ მელაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×