„მთელ ამ აქციას ხელმძღვანელობს ახრა ავიძბა, რომელიც ცოტა ხნის წინად მოკლული სოხუმელი ავტორიტეტის ალხას ავიძბას ბიძაშვილია. გარდა ამისა, ის ცნობილი მარადიორია, რომელიც დონბასის მოვლენებში მონაწილეობდა, იბრძოდა ე.წ. აფხაზეთის ბატალიონის შემადგენლობაში," - აცხადებს „რეზონანსთან" ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე.
ოპოზიციის მომხრეები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში ხუთშაბათს შეიჭრნენ, აქციის მონაწილეები რაულ ხაჯიმბას გადადგომასა და ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად გამოცხადებას ითხოვენ.
სოხუმის ცენტრში პარასკევს გამთენიისას სროლის ხმა ისმოდა, ამ ფაქტს დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრიც ადასტურებს, თუმცა რაულ სმირი ირწმუნება, რომ გასროლა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში, სადაც ოპოზიციის მომხრეები ამ დრომდე რჩებიან, არ მომხდარა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მუჰამედ კილბას თქმით, აქციის მონაწილეებმა „პრეზიდენტის ადმინისტრაციაში" იარაღის შესანახი ოთახი გახსნეს და გარკვეული რაოდენობის იარაღი წაიღეს
არეშიძე მიიჩნევვს, რომ ის ძალები, რომლებიც ამჯერად ხაჯიმბას წინააღმდეგ მოქმედებენ, წინა „პრეზიდენტის" ალექსანდრე ანქვაბისგან მართულია, თუმცა იგი ღიად არ ჩანს.
„როგორც ჩანს, ხაჯიმბას დღეები დათვლილია, იმიტომ რომ პარლამენტიც აღარ უჭერს მხარს, ის, რაც აფხაზეთში მოხდა, ესაა კლანური ბრძოლის კლასიკა, აფხაზეთი ხომ კლანების მეშვეობით იმართება და აქედან გამომდინარე, კლანებს შორის დაპირისპირება მუდმივია, კლანურ ორთაბრძოლაში რასაკვირველია თავისი როლი შეასრულა რევანშისტულად განწყობილმა პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც მხარს უჭერენ წინა პრეზიდენტს ანქვაბს.
„გვახსოვს, რომ ანქვაბიც ასეთივე პრინციპით გამოაძევეს თავის რეზიდენციიდან, მაშინ მომიტინგეების სათავეში ხაჯიმბა იდგა. აქ ანქვაბი ასე ღიად არ ჩანს, მაგრამ ის ძალები, რომლებიც ხაჯიმბას წინააღმდეგ მოქმედებენ, დარწმუნებული იყავით, რომ ანქვაბის მიერაა მხარდაჭერილი, თუმცა წინა აჯანყებისგან განსხვავება ისაა, რომ მაშინ „გაბრაზებული" მოქალაქეები და ოპოზიცია იყო და დღეს ოპოზიცია, „გაბრაზებული" მოქალაქეები და პლიუს კრიმინალი ფართო წარმომადგენლობით," -აცხადებს იგი.
არეშიძე ამბობს, რომ აფხაზეთში განვითარებული მოვლენები კრიმინალების მკვლელობასთან პირდაპირ კავშირშია.
„მთელ ამ აქციას ხელმძღვანელობს ახრა ავიძბა, რომელიც ცოტა ხნის წინად მოკლული სოხუმელი ავტორიტეტის ალხას ავიძბას ბიძაშვილია. გარდა ამისა, ის ცნობილი მარადიორია, რომელიც დონბასის მოვლენებში მონაწილეობდა, იბრძოდა ე.წ. აფხაზეთის ბატალიონის შემადგენლობაში, მართალია ბატალიონი სამკაციანი იყო, მაგრამ ბატალიონი ერქვა და მერე უკვე შედიოდა ცნობილი მსხვილი გაერთიანების, "პიატნაშკას" შემადგენლობაში, რომელიც ცნობილი იყო იმით, რომ აწ გარდაცვლილ დონბასის ხელმძღვანელს ზახარჩენკოს ექვემდებარებოდა და ცნობილი იყო უკრაინული ბანკების ძარცვითა და ადგილობრივი ბიზნესმენების დარეკეტებით. მათ შორის თვითონ ავიძბა ამითაა ცნობილი, იგი რუსულ სპეცსამსახურებთან ძალიან ახლოსაა, მაგრამ არა როგორც პოლიტიკური ფიგურა, არამედ როგორც კლსიკური მარადიორი, ზუსტად ეს კაცი ხელმძღვანელობს იმას, რაც ახლა აფხაზეთში ხდება.
„შედეგი დადგა ისეთივე, როგორიც წინა შემთხვევაში იყო, მაშინ ანქვაბი გამოაგდეს კაბინეტიდან, ახლა კი ხაჯიმბა და როგორც ჩანს მოვლენები ასეც დამთავრდება და შეიცვლება. ე.წ. პრაზიდენტი და ხელისუფლება აფხაზეთში.
„ეს აფხაზეთში კრიმინალების მკვლელობასთან პირდაპირკავშირშია, კრიმინალები ტყუილად არ დაუხოცავთ, ეს გარკვეულწილად კლანური დაპირისპირების შედეგი იყო, ახლაც ძალიან მნიშვნელოვანია რა მოხდა გუშინ, გუშინ ხალხი „სასამართლო" გადაწყვეტილებას აპროტესტებდა, იქ კვიცინიასთვის კი არ დაუჭერია ხალხს მხარი, რომელიც არაფერს არ წარმოადგენს და ნულია თავისი პოლიტიკური რესურსით, არამედ ხალხი ხაჯიმბას წინააღმდეგ აძლევდა ხმას.
„მაგრამ „ცესკომ" ხაჯიმბას მოაგებინა, მართალია მცირე უპირატესობით, მაგრამ მაინც, მანამდე როგორც აფხაზეთში ამბობენ, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ნამდვილი კონკურენტი ჩამოეშორებინა (ასლან ბჟანია), რომელიც როგორც ამბობენ სპეციალურად მოწამლეს იმისთვის, რომ არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიეღო, დღეს უკვე პოლიტიკურ სივრცეში ასლან ბჟანია გამოჩნდა, მე პირადად ვიცი, რომ ამ ოპოზიციონერების უკან ასლან ბჟანია დგას,
„გუშინ სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ და როგორც ჩანს შექმნილი ვითარება გამოიყენა იმ ხალხმა ვინც საპროტესტო განწყობას მართავს, შეუცვალა მიმართულება ტალღას, პირდაპირ რეზიდენციისკენ წაიყვანა და შემდეგ უკვე შეჭრაც მოხდა, აფხაზეთში ძალოვანი სტრუქტურები, რომელსაც შეუძლია, რომ ხალხს ან რომელიმე კლანს წინააღმდეგობა გაუწიოს, ასეთი რამ არ არსებობს, აქედან გამომდინარე, პრაკტიკულად არ არის ძალიან რთული, რომ პრეზიდენტის სასახლე დაიკავონ, თუ არსებობს საზოგადოებაში შესაბამისი საპროტესტო მუხტი," - განაცხადა არეშიძემ.