ელზა პაპოშვილი
10.01.2020

სოხუმში არეულობა გრძელდება - სიტუაცია კვლავ დაძაბულია და გამთენიისას სროლის ხმაც ისმოდა. აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ და ე.წ აფხაზეთის პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომას თხოვენ. 

10 იანვარს დილიდან კი ენგურის ხიდიზე აფხაზეთიდან გადმომსვლელთა ნმაკადი არ წაყდება. ე.წ. საზღვართან მოსახლეობის რიგი დგას, რომლებიც აფხაზეთში შექმნილი  სიტუაციის გამო საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიან. მათი ინფორმაციით, სოხუმში სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია და მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ქალაქი თითქმის დატოვა. 

აფხაზეთში კი 9 იანვარს ე.წ. პრეზიდენტის რეზიდენციის დაკავების შემდეგ მოვლენები ასე ვითარდება. 10 იანვარს ე.წ. მინისტრთა კაბინეტში ოკუპირებული აფხაზეთის პრემიერ-მინისტრი ვალერი ბგანბა მივიდა. აქციის მონაწილეებმა ის შენობაში არ შეუშვეს.

დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის შესასვლელთან მობილიზებულნი არიან ე.წ. სწრაფი რეაგირების სპეცრაზმის წარმომადგენლები და ასევე ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც.

საპროტესტო აქციაზე მყოფი მომიტინგეები, მხარდამჭერების მოზიდვის მიზნით, სატელეფონო ზარებს ახორციელებენ.

ღამით, ე.წ. პარლამენტმა სახელმწიფოს მეთაურს ნებაყოფლობით გადაყენების წინადადებით მიმართა.

მომიტინგეებს სიტყვით მიმართა ე.წ. ოპოზიციური ძალების ბლოკის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ. ბჟანიამ აღნიშნა, რომ მას ე.წ. მოქმედი პრეზიდენტისგან, რაულ ხაჯიმბასგან პირადი მოლაპარაკებებისა და შეხვედრის წინადადება არ მიუღია. ის ერთ-ერთი ე.წ საპრეზიდენტო კანდიდატი იყო, რომელიც არჩევნების წინ მოწამლეს და ამ ხნის განმავლობაში მკურნაოლას გერმანიაში გადიოდა. 

"ვფიქრობ, შეუძლებელია ნებისმიერი ძალის გამოყენება. ეს არ მუშაობს და საპირისპირო ეფექტს გამოიწვევს. აფხაზეთის უახლესი ისტორია ამას მეტყველებს," - თქვა ე.წ. ოპოზიციური ძალების ბლოკის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ.

როგორც აფხაზური მედია იუწყება, დემონსტრანტთა ნაწილი აქციაზე ხელკეტებით შეიარაღებული მივიდა, ასევე ისმის შეძახილები "გადამალე იარაღი".

ოკუპირებული სოხუმის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან, დაახლოებით დილის 7:30 საათზე, იარაღის მრავალჯერადი გასროლის ხმაც ისმოდა, რასაც მოჰყვა შეძახილები - "გილოცავთ ახალ წელს", აქციის მონაწილეთა ნაწილი კი მომიტინგეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებდა.  

პარალელურად, რაულ ხაჯიმბას გადადგომის მოთხოვნით მოქალაქეებმა შეკრება უკვე დაიწყეს სოხუმის დრამატულ თეატრში.

დე ფაქტო პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დღის ბოლოს ე.წ დეპუტატებმა დადგენილება მიიღეს, სადაც რაულ ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდეს.  

რუსეთის ე.წ. საელჩო კი  მოქალაქეებს პროტესტის ადგილიდან თავის არიდების აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ ახსენებს.

როგორც დიპლომატიურ მისიაში აცხადებენ, ოკუპირებული აფხაზეთის დანარჩენ ადგილებში ვითარება მშვიდი რჩება.

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ე.წ. საელჩო ტურისტებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს, თავი აარიდონ ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობას და იმ ადგილებს, სადაც პარასკევს საპროტესტო აქციები გაგრძელდება.

აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კი თბილისში სხვადასხვა შეფასება კეთდება. ექსპერტები და პოლიტოლოგები ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე დაძაბულ ვითარებაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ეს არის კლანებს შორის დაპირისპირება, რომელიც მხოლოდ იმისთვის ხდება, რომ რუსეთს დაუმტკიცონ ვინ უფრო უკეთესია. 

მათი აზრით, აფხაზეთში არსებული დღევანდელი მდგომარეობა პირდაპირ მიანიშნებს იმას, რომ ხაჯიმბას არანაირი ლეგიტიმაცია და პერსპექტივა აღარ გააჩნია, რომ ამ პოსტზე თავისი საქმიანობა გააგრძელოს. იმიტომ კი არა, რომ მას არ შუძლია შეინარჩუნოს პოსტი, არამედ იმიტომ, რომ მას საზოგადოებისგან არანაირი ნდობა აღარ აქვს. აქ ყველაფერი ერთმანეთს დაემატა, ეს არის კორუფცია, მკვლელობების გახშირება, მათ საერთოდ თავზე ემხობათ ის პატარა ნაჭუჭიც რომელშიც თვითონ არიან. 

"ექსპერტთა კლუბის" დამფუძნებლის, გოჩა გვარამიას განცხადებით კი, ოკუპირებულ აფხაზეთში ბრძოლა შიდა სისტემურ ჯგუფებს შორის მიმდინარეობს.

"თუ ადრე კლანები უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს ანუ გუდაუთისა და ოჩამჩირის წარმომადგენლები, აქ უკვე ხაჯიმბა და ბჟანია არიან სპეცსამსახურების სისტემის წარმომადგენლები, ამიტომ იქ შიდა სისტემური დაპირისპირება უფრო არის. ამის მთავარი მიზეზი კი არის ის, რომ როგორც ყოველთვის, ბრძოლა მიმდინარეობს "ქერის ორმოს სალაფავისთვის". საუბარია რუსეთიდან მიღებულ ფინანსურ დახმარებებზე, რომელიც აფხაზეთში მილიარდობით შემოდის," - აღნიშნა პოლიტოლოგმა, "ექსპერტთა კლუბის" დამფუძნებელმა, გოჩა გვარამიამ.  

რა ცვლილებები შეიძლება მოახდინოს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობაზე აღნიშნულმა მოვლენებმა და ვინ ხელმძღვანელობდა, დე ფაქტო პრეზიდენტის სასახლეში შეჭრას - ამ საკითხებზე  კი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ჯემალ გამახარია საუბრობს. 

ის  არ მოელის, რომ  ამ პროცესებიდან გამომდინარე ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში რამე შიეცვლება. 

„ვინც არ უნდა მოვიდეს ამ ეტაპზე დეფაქტო ხელისუფლების სათავეში, ის აუცილებლად რუსულ პოლიტიკას გაატარებს, რადგან რუსების მხარდაჭერის გარეშე დღეს, იქ ვერავინ მოვა ხელისუფლებაში. 

დე ფაქტო პრეზიდენტის სასახლეში შეჭრას ხელმძღვანელობდნენ არა პოლიტიკური პარტიები, არამედ კრიმინალები. მათ ახლოსაც არ გაიკარეს აღნიშნული პოლიტიკური პარტიები, მაგრამ მას შემდეგ რაც ასლან მჟანია მოსკოვიდან ჩამოვიდა, ფაქტობრივად, ის ჩაუდგა სათავეში ამ მოძრაობას," - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×