ია აბულაშვილი
10.01.2020

 "არა მგონია, რომ დღეს და ხვალ მთავრობის შეცვლა განიხილებოდეს, რადგან ამ ეტაპზე "ოცნებას" სამთავრობო ცვლილებები არაფერს აძლევს, შესაძლოა ცვლილებები მთავრობაში გაზაფხულზე განხორციელდეს" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას მთავრობაში მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით.

"რა თქმა უნდა, "ქართულ ოცნებას" უნდა, რომ არჩევნებამდე სიახლით წარსდგეს მოსახლეობის წინაშე, მაგრამ რამდენად აქვს ამის რესურსი, არ ვიცი, ვფიქრობ, რომ არა აქვს. ალბათ დღეს და ხვალ სამთავრობო ცვლილებები არ განხორციელდება, უფრო გაზაფხულის ბოლოს შეიძლება მოხდეს, რომ მოსახლეობას შეუქმნან განცდა, "ოცნება" ახალი გუნდით მიდის არჩევნებზე. საპარალმენტო რესპუბლიკა იტანს ასეთ ხშირ ცვლილებებს და ნაყოფიერი არის მაშინ, თუ ეს ცვლილებები პარლამენტის მიერ ხდება, სადაც ყველა კომპონენტია ჩართული, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი პარლამენტი კვლავ ნოტარიუსის ფუნქციას ასრულებს. მართლაც გაუგებარია, რა მმართველობის ფორმა გვაქვს. ქვეყანას მხოლოდ პარტიის გენერალური მდივანი მართავდეს, მარტო საბჭოთა კავშირის დროს იყო, თუმცა ბოლო წლებში ბრეჟნევმაც კი თავისი მმართველობა ოდნავ შეაფერადა, ჩვენთან ეს შეფერადებაც არ ხდება.

რაც შეეხება პრემიერების ასე ხშირ ცვლას, პრობლემა არც ეს არის, პრობლემაა ვინ შეცვლის? ისე ვიღაცას ხომ უნდა დაბრალდეს ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარება... გახარია რომ თალაკვაძით შეცვალონ, რაზედაც ჭორაობენ, არა მგონია ამან პოზიტიური განწყობა შექმნას მოსახლეობაში, პირიქით შეიძლება ნეგატიურად აისახოს. ისე, გახარია ამ ხელისუფლებაში ყველაზე შთამბეჭდავი ფიგურაა, გადაწყვეტილების მიღება და შემდეგ მისი განხორციელების უნარი აქვს. არა მოგნია, რომ ბიძინა ივანიშვილს რაიმე პირადი წყენა ჰქონდეს მასთან, თუ გაბარაზებულია ბიძინა, რა პრობლემაა, მოხსნის და ეგ იქნება. მოკლედ, ისეთი რთული ვითარებაა ქვეყანაში, რომ რა ცვლილებებიც არ უნდა განხორციელდეს, პირადად მე არანაირ შედეგს არ ველი და არც იმისთვის ღირს თავის მტვრევა, კაცმა ანალიზი გააკეთოს" - განაცხადა "რეზონნსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.

პოლიტოლოგ რამაზ საყვრალიძის აზრით, საარჩევნო წელს სამთავრობო ცვლილებები გაუგებარია, მითუმეტს პრემიერის შეცვლა.

"ლოგიკას რომ გავყვეთ, სამთავრობო ცვლილებებს როდესაც აკეთებს პარტია, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი წინა გადაწყვტილებები არასწორი იყო, ამიტომ ხშირ სამთავრობო ცვლილებებს თავს არიდებენ, მითუმეტეს საარჩევნო წელს. თუმცა "ქართული ოცნების" ხელისუფლება ხშირად ისეთ რამეებს აკეთებს რომ ძნელია ახსნა; პრემიერის გამოცვლა კი საერთოდ გაუგებარია. მაშინ თავისთავად გამოდის, რომ კაბინეტი მთლიანად იცვლება. ვფიქრობ, რომ მოუმზადებელი საკითხია და ნაჩქარევად ამის გაკეთება, ოცნებას სასურველ შედეგს ვერ მოუტანს," - განაცხადა "რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×