რეზონანსი
11.01.2020

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, კარინა გრიგორიანი თავის ბლოგზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც საზოგადოებას უყვება როგორ შეცვალა მამა მიქაელ ბუკიამ მისი დამოკიდებულება ეკლესიისადმი.

„თავიდანვე ვიტყვი, რომ რელიგიაში გადავარდნილი ადამიანი არ ვარ. ეკლესიაში მხოლოდ დღესასწაულებზე დავდივარ. სადღაც მჯერა, სადღაც არა. როდესაც ჩემი შვილი დაიბადა ყველა მეკითხებოდა როდის უნდა მომენათლა, რაზეც ჩემი პასუხი იყო: „როდესაც გაიზრდება თავად მიიღებს გადაწყვეტილებას რა და როგორ უნდა". მოხდა ისე, რომ ჩემი შვილი მძიმე სენით დაავადდა. კლინიკაში დამირეკა ჩემმა ბიძაშვილმა და მთხოვა, რომ მამაოს მოიყვანდა (რეანიმაციაში) და მოვნათლოთო. დაუფიქრებლად დავთანხმდი (რაც გაუკვირდა კიდეც), თითქოს წყალწაღებული ხავსს ვეკიდებოდი. იმ დღესვე მოიყვანა (მამა ზაქარია), სასწრაფოდ მოვნათლეთ (უნდა ვაღიარო, რომ როგორც კი ბავშვი მოვნათლეთ, რამდენიმე დღის უჭმელობის შემდეგ, მაშინვე ჭამა დაიწყო.).

შემდეგ როდესაც დიაგნოზი დაგვიდგინეს (ლეიკემია),ონკო-ჰემატოლოგიის დეპარტამენტში მოვხვდით. იქ მკურნალობის 10 თვიანი კურსი გავატარეთ. მინდა გითხრათ, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ყოველ პარასკევს (არ ყოფილა შემთხვევა რომელიმე კვირა ჩაეგდოს), ერთი სახე მომღიმარი მამაო მოდიოდა, რომელიც მეკითხებოდა .

ბავშვი როგორც კი დაინახავდა, ტირილს იწყებდა. მე კი უარის თქმა მიჭირდა და ყოველ მოსვლაზე ვაზიარებდი, ნელ-ნელა ბავშვიც შეეჩვია და უხაროდა მისი დანახვა. შედიოდა ყველა ბავშვთან, აზიარებდა და ყველას (ყოველ მოსვლაზე), ფინანსურად ეხმარებოდა. მცირედით, მაგრამ ის მცირედი იქ ბევრისთვის ხსნა იყო.

იყო შემთხვევა, როდესაც მისი ფინანსური დახმარება ჩემთვისაც ნამდვილი შვება ყოფილა. ამ ყველაფერზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ მანამდე ისტორიებს მხოლოდ ჯიპიან და ღიპიან მამაოებზე ვისმენდი. მე პირადად არ მქონია მათთან არანაირი შეხება, მაგრამ ამ მამაომ სრულიად დაანგრია ის შეხედულებები, რაც მანამდე მქონდა. ეს იყო მამაო, რომელიც ავადმყოფ ბავშვებს სულიერად თუ ფინანსურად რეალურად ეხმარებოდა. და ამას დიდი სიამოვნებით აკეთებდა. როგორც შემდეგ გავარკვიე ის ჩიტაძის ქუჩაზე წმინდა ნინოს ტაძრის წინამძღვარი, მამა მიქაელ ბუკია იყო. მის მრევლს მინდა გითხრათ, რომ თქვენ ხართ ის ბედნიერთაგანი, რადგან საქმე ამ მამაოსთან გაქვთ. თქვენი შემოწირულობები არ მიდის ჯიპებში და მსუქან ოქროს ჯვრებში, თქვენ არაჩვეულებრივი ადამიანის-მამაოს მეშვეობით რეალურად ეხმარებით იმ ბავშვებს, რომლებსაც მართლა სჭირდებათ დახმარება",- წერს კარინა გრიგორიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×