„კონკრეტულ ადგილზე ავარიასაშიშ ე.წ. შავი წერტილის აღმოფხვრას ინდივიდუალური ანალიზი სჭირდება. ზოგან შესაძლოა ღამით ცუდი განათება იყოს, შესაძლოა სარეკლამო აბრის მეშვეობით შეზღუდული მხედველობა იყოს, შესაძლოა ეს იყოს უბრალო ინფრასტრუქტურული ხარვეზი, მაგალითად, ახდილი ან ჩაწეული ჭის ბუდე, ან გზის პროფილი," - ამის შესახებ „რეზონანსთან" საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტმა შალვა ოგბაიძემ ისაუბრა.
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „საავტომობილო გზების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტი დარეგისტრირდა,რომლის მიხედვითაც, საქართველოს საავტომობილო გზებზე ე. წ. შავი წერტილების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა მოხდება.
„შავი წერტილი" გულისხმობს გზის არაუმეტეს 300 მეტრიან მონაკვეთს, სადაც ბოლო 3 წლის განმავლობაში დაფიქსირებულია ადამიანის დაღუპვით დასრულებული სულ ცოტა ოთხი ავტოსაგზაო შემთხვევა და/ან ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით და/ან დაღუპვით დასრულებული ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელთა რიცხვი ჯამურად შეადგენს არანაკლებ ათს.
ოგბაიძე ამბობს, რომ გზებზე „შავი წერტილი" უკვე დიაგნოზია, რომლის შემდგომი აღმოფხვრაც იოლი და დადებითი შდეგის მომტანია.
„შავი წერტილი ჰქვია იმ ადგილს, სადაც ხშირად ხდება ავარიები. ისევე როგორც ნებისმიერ ავადმყოფობას მკურნალობის უნივერსალური რეცეპტი არ გააჩნია, კონკრეტულ ადგილზე ავარიასაშიშ ე.წ. შავი წერტილის აღმოფხვრას ინდივიდუალური ანალიზი სჭირდება. ზოგან შესაძლოა იყოს ღამით ცუდი განათება, შესაძლოა სარეკლამო აბრის მეშვეობით შეზღუდული მხედველობა, შესაძლოა ეს იყოს უბრალო ინფრასტრუქტურული ხარვეზი, მაგალითად, ახდილი ან ჩაწეული ჭის ბუდე, ან გზის პროფილი.
„ბევრი მიზეზია და როდესაც ერთსა და იმავე ადგილზე ავარიების განმეორებადობა ხდება, ეს კონკრეტულად საგზაო სპეციალისტების ჩარევას მოითხოვს. ასე განისაზღვრება ეს „შავი წერტილები".
„შავი წერტილების" აღრიცხვას მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს ავარიების შემცირების თვალსაზრისით. ამის აღრიცხვა რომ არ ხდებოდეს, ყველგან შედგება ავარიის ბანალური ოქმი, მაგრამ თუ ეს ყველაფერი ერთი და იმავე ადგილზე ხდება, მაშინ ესაა კლასიკური „შავი წერტილი", რომელიც სწრაფ ჩარევას მოითხოვს. ამიტომ ამ საკითხის ინიცირება მეტად მნიშვნელოვანია.
„შავი წერტილი" არის დიაგნოზი და როცა ავადმყოფობის ზუსტი დიაგნოზი იცი, მკურნალობა იოლია. მაგალითისთვის გეტყვით, რომ მე ავჭალა ზაჰესის მაჟორიტარი დეპუტატი გახლავართ და ადრე იყო ერთი ადგილი ავჭალაში რაგბის სტადიონთან, სადაც ხშირად ხდებოდა ავარიები. მას სემდეგ, რაც ჩვენ ჩავერიეთ, მხედველობაში მაქვს დედაქალაქის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური და შსს-ს ერთობლივი ოპერაციების დაგეგმვის ცენტრი, შევამცირეთ სიჩქარე, დავდგით კამერა, დავხაზეთ „ზებრა", მოვაწესრიგეთ გზაჯვარედინი, მას შემდეგ იქ არათუ სრული დაზიანება, უბრალო ავარიაც აღარ მომხდარა," - აცხადებს ოგბაიძე.
მისივე თქმით, ავარიების ზრდა უფრო მეტად ადამიანურ ფაქტორს უკავშირდება, რადგან, ოგბაიძის აზრით, ბოლო პერიოდში ინფრასტრუქტურაც და ავტომობილების გამართულობაც მეტ-ნაკლებად ნორმალურია.
„ავარიების გამომწვევი მიზეზები რამდენიმეა - საგზაო ინფრასტრუქტურა, მეტეოროლოგიური პირობები და რაც ყველაზე მთავარია, ადამიანური ფაქტორი. ზოგიერთ ადგილზე გზაც და განათებაც ნორმალურია, საგზაო ნიშნებიც დგას, მაგრამ მაინც ადამიანურ დაუდევრობას აქვს ადგილი, რაც სიჩქარის გადაჭარბებაში, ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაში და ა.შ. გამოიხატება.
„ბოლო პერიოდში რომ გზები კეთდება, ამდენი არასდროს ყოფილა, თითქოს ასეთი კარგი ავტომობილები და ავტოპარკიც არ გვყოლია. მე მაინც ადამიანურ ფაქტორს გამოვყოფდი და ყველა თანამოქალაქეს მოვუწოდებ, რომ საჭესთან ჯდომის დროს მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი თანამოქალაქეების იმ კატეგორიას ვურჩევდი, რომლებიც მართვის მოწმობის აღებას ახლა აპირებენ, ნუ მოიტყუებენ თავს, რომ ავტომობილის დაძვრა-გაჩერებით უკვე დაიპყრეს ავტომობილის მართვის ოსტატობის მწვერვალები, ავტომობილი რთული ტექნოლოგიური საინჟინრო მოწყობილობაა, ფაქტიურად კომპიუტერია და მას უსაფრთხო მართვისათვის სპეციალური უნარები სჭირდება", - განაცხადა ოგბაიძემ „რეზონანსთან" საუბრისას.
მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებული ახალი კანონპროექტის მიხედვით, გზებზე „შავი წერტილების" იდენტიფიცირებას შსს მოახდენს. შემდგომ ეს ინფორმაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და/ან შესაბამისი მუნიციპალიტეტების ორგანოებს მიეწოდება, რომლებიც ერთობლივად შეიმუშავებენ შესაბამისი ღონისძიებების განსახორციელებლად წესებს. ეს შესაძლოა გულისხმობდეს როგორც შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებას, აგრეთვე სხვა მოკლევადიანი ღონისძიებების დაგეგმვას, რაც ხელს შეუწყობს არსებულ მონაკვეთებზე მდგომარეობის გაუმჯობესებას.