„იმ უძვირეს მკურნალობას, რომელსაც მსოფლიოს ვერცერთი ქვეყანა ვერ იღებს და მხოლოდ საერთაშორისო დონორი აკონტროლებს, იქ ქართველებს ხარჯვით ან მოხმარებით ნაწილში არ აქვს ხელწვდომა", - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" საუბრისას „ქართული ოცნების" დეპუტატი ლადო კახაძე „ცე" ჰეპატიტის ვადაგასულ მედიკამენტების გარშემო ატეხილ სკანდალს.
ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსური აუდიტის დასკვნის თანახმად, „ცე" ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში საქართველოს მიერ უსასყიდლოდ მიღებულ 560 645 083 ლარის ღირებულების მედიკამენტებს ვადა გაუვიდა.
კახაძე მიიჩნევს, რომ „ცე" ჰეპატიტის პროგრამა წარმატებული იყო, რომლის განკურნების მაჩვენებელი 97.70%-ია.
„ყველაზე კარგი პროექტი, რომელიც საერთაშორისო მხარდაჭერით, მათი მეთვალყურეობით, მათი კონტროლით და მუდმივი თანადგომით გაკეთებულა, ესაა ზუსტად „ცე" ჰეპატიტის დელიმინაციის პროგრამა, ერთ-ერთი საჩვენებელი, რომელიც მსგავსი მსოფლიოში ჯერ არ ჩატარებულა,
„ჩვენ ვართ პირველები და გვაქვს უმაღლესი შეფასება იმ საერთაშორისო დონორებისა, რომლებიც ამაში გვეხმარებიან, განსხვავებით სხვა ქვეყნებისაგან. მაჩვენებელი 97.70% გვაქვს, ანუ განკურნებული გვყავს დაახოლებით 65 ათასი პაციენტი, რომელიც ამ სენიდანაა დახსნილი.
„დონორები დახმარება მოიცავდა პათოლოგიის მქონე დაახლოებით 150 ათას ადამიანს. ზუსტად გათვლილი ციფრი არ არსებობდა და ამიტომ მათ ეს (მედიკამენტები) შეგნებულად მეტობით გადმოგვცეს იმ შემთხვევისთვის, თუ იქნებოდა საჭიროება. შემდეგ დამატებითი პრობლემები რომ აღარ ყოფილიყო, ეს მათ გადმოგვცეს," - აცხადებს კახაძე.
მისივე თქმით, ამ ტემაზე სკანდალის ატეხვა დესტრუქციულად განწყობილ ადამიანებს აწყობთ, რადგან ამის საფუძველი არ არსებობს
„უმეცრებაა, რომ ადამიანებმა ამ თემაზე ასეთი აჟიოტაჟი ატეხეს, რომლებიც ალბათ არ არიან კონსტრუქტორები და დესტრუქცია უფრო აწყობთ ამ თემის გარშემო,
„ერთი რთული თემაა, როდესაც ქართველი მოსახლეობა მიგრირებულნი არიან და ჩვენს ტერიტორიაზე არ იმყოფებიან, ყველანაირად ვცდილობთ მათთან ახსნა-განმარტებითა და საგანმანათლებლო პროგრამებით საქართველოში ყოფნის დროს მისცემოდათ შანსი, რომ უფასოდ გამოკვლევა ჩაეტარებინათ,
„არის კიდევ ერთი რთული თემაც - ადამიანები, მიუხედავად შეთავაზებისა, რომ ეს სრულიად უფასო და მათი ჯანმრთელობითვის სასიკეთო ნაბიჯია, არ მოდიან შეგნებულად, რაც ძალიან სამწუხაროა.
„იმ უძვირეს მკურნალობას, რომელსაც მსოფლიოს ვერცერთი ქვეყანა ვერ იღებს და მხოლოდ საერთაშორისო დონორი აკონტროლებს, იქ ქართველებს ხარჯვით ან მოხმარებით ნაწილში არ აქვს ხელწვდომა.
„ის ფორმულა - 90/90/90 - რომელიც მთელს მსოფლიოში დღეს უნდა დამკვიდრდეს, საქართველოს მიღწეული აქვს, ანუ გამოვლენის პროცენტი მაღალი, მკურნალობის პროცენტი მაღალი, ეფექტიანობა მაღალი", - აცხადებს კახაძე.
ვადაგასულ მედიკამენტებზე შაბათს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემაც გააკეთა განცხადება. მისი თქმით, სტრატეგიულ მარაგში გარკვეული რაოდენობის მედიკამენტი ყოველთვის უნდა იყოს. იგი მიიჩნევს, რომ „ჯობია,დაგრჩეს, ვიდრე დაგაკლდეს".
გამყრელიძისვე განმარტებით, ჩამოიწერა არა ნახევარი მილიარდი ლარის ღირებულების, არამედ 2000 ადამიანის სამყოფი მედიკამენტი
ვადაგასულ პრეპარატებზე სუს-ში გამოძიებაა დაწყებული, ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ეს ფაქტი ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის კორუფციაა ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე.
„ათასობით ადამიანს ხელთ აქვს ანალიზის პასუხი, რომ აქვს „ცე" ჰეპატიტი და მკურნალობის პროცესში არაა ჩართული. ამ დროს ვიგებთ, რომ კომპანია „გილეადისა" და შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ ნაჩუქარ 560 მლნ ლარის ღირებულების მედიკამენტებს ვადა გაუვიდა. ეს რომელიღაც მორიგი საბიუჯეტო პროგრამის უბრალო ჩავარდნა კი არ არის, არამედ საზოგადოების მიმართ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულია," - აცხადებს „ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.