ტატა შოშიაშვილი
12.01.2020

  

ვის უფრო დიდი მშპ აქვს - ორ მეგობარ სახელმწიფოს შორის ამ საკითხზე დაწყებული დავა უკვე კარგ ანეგდოტს დაემსგავსა. საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადების საპასუხოდ, რომ სომხეთი საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს რაოდენობით ბოლოს ტიგრან დიდის მეფობის დროს უსწრებდა, სომხეთის ყოფილმა პრემიერმა გრანტ ბაგრატიანმა განაცხადა, რომ ეს მთლად ასეც არაა და რომ ისინი ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-5 საუკუნიდან ითვლიან და ადარებენ ერთმანეთს ერთ სულ მოსახლეზე სომხეთისა და საქართველოს მშპ-ებს.

ყველაფერი სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით დაიწყო, რომ 2019 წლის მონაცემებით სომხეთმა საქართელოს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის რაოდენობით გაუსწრო.

ამას გამოეხმაურა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, რომელმაც სომხეთის პრემიერის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „მცდარი შეფასება" უწოდა. მისი თქმით, 2019 წლის ნოემბერში საქართელოს მასშტაბით ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის დათვლის წესი შეიცვალა, რაც ჯერჯერობით არაა ასახული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ანგარიშებში.

„ეს არის მცდარი შეფასება, რადგან მასში არ არის გათვალისწინებული ელემენტარული მეთოდოლოგიური საკითხები. გეტყვით, რომ 2019 წლის ნოემბერში „საქსტატმა" მთლიანი შიდა პროდუქტის დათვლის ახალი მეთოდოლოგია დანერგა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ასახული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, მათ შორის სავალუტო ფონდის მიმოხილვაში.

„მერწმუნეთ, იმ მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში, ჩვენი კონსერვატიული შეფასებით, მშპ ერთ მოსახლეზე საქართველოში $4,700 დოლარსაც მიაღწევს. შესაბამისად, სავალუტო ფონდის შემდეგ მიმოხილვაში აღნიშნული აისახება", - ამბობს ნათია თურნავა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, თავის მხრივ, ბუნებრივია, ხელიდან არ გაუშვა მოქმედი მთავრობის გაკრიტიკების ასეთი შანსი და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოჩართვაში თქვა, რომ სომხეთი ამ მაჩვენებლით პირველად უსწრებს საქართველოს და „ეს არ მომხდარა ტიგრან მეორე დიდის მერე".

საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიერ სომხეთის ლეგენდარული მეფის ხსენებას საინტერესო გაგრძელება მოჰყვა. სომხეთის ყოფილმა პრემიერმა და ეკონომისტმა, გრანტ ბაგრატიანმა საგანგებო განცხადება გააკეთა და განმარტა, რომ, მართალია 2019 წელს არ გაუსწრია სომხეთს საქართელოსთვის, მაგრამ სწორედ სააკაშვილის მმართველობის დროს იყო სომხეთის მშპ-ის რაოდენობით მოქინავე პოზიციებზე. ბაგრატიანმა ტიგრან დიდის მეფობაზე უფრო შორეული ეპოქის ეპოქის ეკონომიკურ მდგომარეობაზეც ისაუბრა:

„ჯერ ერთი, სომხეთმა ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტით გადაასწრო საქართველოს არა 2019 წელს. სომხეთი საქართველოზე წინ იყო 2005-2009 წლებში, როდესაც სააკაშვილი ხელმძღვანელობდა საქართველოს. მეორე, საბედნიეროდ, ჩვენი გუნდის განკარგულებაშია მთლიანი შიდა პროდუქტის ისტორიული მაჩვენებლები.

„ჩვენი კვლევების თანახმად, ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-4-5 საუკუნეებში დღევანდელ ფასებში სომხეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 1 სულ მოსახლეზე შეადგენდა 1000-1200 დოლარს. ქვეყანა მაძღარი და ბედნიერი იყო. საქართველო კი, რომელიც იმ დროს მთავარი სვაჭრო გზებიდან შორს მდებარეობდა, 2-ჯერ და მეტად ჩამორჩებოდა სომხეთს. მაშინ ჩვენ მსოფლიოს საუკეთესი ქვეყნების ხუთეულში შევდიოდით", - დაწერა „ფეისბუკზე" ბაგრატიანმა.

მისივე ცნობით, აქედან მოყოლებული სომხეთი საქართველოს 10 საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში უსწრებდა ერთ სულ მოსახლეობაზე მშპ-ს რაოდენობით. ეს მდგომარეობა მხოლოდ მე-6 საუკუნის დასაწყისში შეიცვალა, როდესაც საქართველოსა და სომხეთის ეკლესიები ერთმანეთს გაემიჯნენ. საქართველოში აყვავება დაიწყო, ხოლო სომხეთი - ეკონომიკური დაღმასვლა, რაც, ბაგრატიანის აზრით, სომხური ეკლესიის მიერ დაწესებული გადასახადისა და არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი იყო.

სამხრეთ კავკასიაში არაბთა ბატონობის დასრულებისა და სომხეთის სახელმწიფოს აღდგენის შემდეგ სომხეთმა ისევ გაუსწრო საქართველოს და ბაგრატიანის ინფორმაციით, ამ პერიოდისთვის ერთ სულ მოსახლეზე მისი მშპ საქართველოსას დაახლოებით 1.5-ჯერ აღემატებოდა.

ეს მდგომარეობა მხოლოდ გაერთიანებული საქართველოს ტახტზე თამარ მეფის ასვლის შემდეგ შეიცვალა და ბაგრატიანის ცნობით, თამარის ეპოქიდან მოყოლებული პრაქტიკულად მე-20 საუკუნის 70-იან წლებამდე ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს რაოდენობით საქართველო მუდმივად უსწრებდა სომხეთს.

„აი, 1970-იანი წლების ბოლოს კი სომხეთმა, უფრო სწორად საბჭოთა სომხეთმა, საბჭოთა საქართველოს გადაასწრო. ასე რომ, საკაშვილი უბრალოდ საქმის კურსში არაა", - განაცხადა ბაგრატიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×