
„მშენებლობა ყოველთვის უნდა იყოს შეთანხმებული ადგილობრივ მცხოვრებლებთან. თუ მშენებლობა მოსახლეობაში იწვევს საპროტესტო განწყობებს, რა თქმა უნდა, არ შეიძლება მისი გაგრძელება და წარმართვა", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას იურისტი ლია მუხაშავრია ვარკეთილში ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილის საპროტესტო აქციას, რომელიც 10 სართულიანი კორპუსის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან.
სამი წლის განმავლობაში ვარკეთილში, „ანას ბაღის" მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოებული მშენებლობის გამო დავა არ მთავრდება. ამჯერად საპროტესტო აქციაზე, რომლის მთავარი მოთხოვნა მშენებლობის შეჩერებაა, 10 პირი დააკავეს. აქციის მონაწილეების თქმით, მშენებლობა „ანას ბაღის" განადგურებასაც გულისხმობს, რასაც სამშენებლო კომპანია უარჰყოფს.
თავად კომპანია „ევროპულ სამშენებლო ჰოლდინგი" აცხადებს, რომ მოსახლეობას თვითნებურად აქვს მიტაცებული ტერიტორიები, რომელსაც ბოსტნებად იყენებენ და სწორედ ამ ბოსტნების დათმობა არ უნდათ.
ამჟამად, „ანას ბაღის" მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობა გრძელდება, თუმცა იქვე საპროტესტო აქციის წევრებს კარვები ჰქონდათ განლაგებული - მშენებლობის გასაგრძელებლად მძიმე ტექნიკა შეიყვანეს.
სკვერი და საბავშვო მოედანი „ანას ბაღი" ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან ვარკეთილის ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონის 22-ე კორპუსის წინ 2014 წელს მოეწყო. სკვერს ეს სახელი ერთ-ერთი ადგილობრივის გარდაცვლილი შვილიშვილის პატივსაცემად დაარქვეს. სამეზობლო უკვე 3 წელზე მეტია, აქ დაგეგმილი მშენებლობის გამო საპროტესტო აქციებს მართავს.
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 13 დეკემბერს განაცხადა, რომ ვარკეთილში დაგეგმილ მშენებლობაზე ადგილმონაცვლეობა ვერ მოხდება, რადგან მერიას ამის რესურსი არ აქვს.
2018 წლის 26 მარტს თბილისის მერიამ ადგილობრივი მოსახლეობის ადმინისტრაციულ საჩივარზე გადაწყვეტილებით, „ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის" მშენებლობის ნებართვა ბათილად ცნო, ყველა გარემოების გაუთვალისწინებლობის გამო. თუმცა მოგვიანებით კომპანიამ ისევ მიმართა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს მშენებლობის ნებართვის მისაღებად და მერიამ ნებართვა კვლავ გასცა.
იურისტი ლია მუხაშავრია ამბობს, რომ იმ შემთვევაში, თუ საზოგადოების უკმაყოფილება და თან პროტესტი არსებობს, აღნიშნული მშენებლობის გაგრძელება არ შეიძლება. იურისტი კორუფციული სქემის მეშვეობით გაცემულ მშენებლობის ნებართვებზეც საუბრობს:
„ბოსტნების გარდა იქ არის სკვერი და ეზო, რომლითაც ადგილობრივები სარგებლობენ და მათი ბავშვები. თუნდაც ბოსტანი ჰქონდეთ - რა არის ამაში ცუდი?! გაუმწვანებია ვიღაცას და მოუვლია ტერიტორიისთვის. მშენებლობა ყოველთვის უნდა იყოს შეთანხმებული ადგილობრივ მცხოვრებლებთან.
„თუ მშენებლობა მოსახლეობაში იწვევს საროტესტო განწყობებს, რა თქმა უნდა, არ შეიძლება მისი გაგრძელება და წარმართვა. თანაც ვიცით, რომ საკმაოდ ხშირ შემთვევაში ეს ნებართვები, რომლის მეშვეობითაც მშენებლობები მიმდინარეობს, კორუფციული გარიგების შედეგია.
იურისტის თქმით, იმისათვის, რომ მშენებლობა ან მოსახლეობის პროტესტი შეჩერდეს, სავარაუდოდ, სასამართლოს ჩარევა გახდება აუცილებელი:
„რაც შეეხება უირიდიულ საფუძველს მშენებლობის შესაჩერებლად ან პირიქით - მოსახლეობის დასარწმუნებლად იმაში, რომ მშენებლობა კანონიერია, ვერ გეტყვით... თუ სასამართლოს მიმართავენ მშენებლობის ნებართვის გაუქმებაზე, მაშინ შესაძლებელია", - განმარტა ლია მუხაშავრიამ.
რაც შეეხება 10 იანვარს აქციის მსვლელობისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დაკავებულ ოთხ პირს, ისინი პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
ამავე ტერიტორიაზე აქციის დროს დაკავებული ექვსი პირის სასამართლო პროცესი 15 იანვრამდე გადაიდო. საგამოძიებო უწყება მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში ადანაშაულებს.