რეზონანსი
12.01.2020

„მე გამიგონია ზოგიერთი მორწმუნე ადამიანებისაგან, რომ „ჟამი ახლოს არისო, ამბობენო", მაგრამ მე ვიტყვი, რომ შეიძლება რამდენიმე დღე დარჩა", - საქართველოს კათალიკოს პატრიარქ ილია II-ის მიერ 12 იანვარს საკვირაო ქადაგებისას წარმოთქმულმა ამ სიტყვებმა საზოგადოებაში აჟიოტაჟი გამოიწვია. საზოგადოების ერთი ნაწილი პატრიარქის განცხადებას საკმაოდ სკეპტიკურად და კრიტიკულად აფასებს. მორწმუნეთა უმრავლესობა კი ეს საკმაოდ სერიოზულად მიიღო და სჯერა, რომ ბიბლიური მეორედ მოსვლა შესაძლოა იმაზე ახლოს იყოს ვიდრე ფიქრობდნენ.

აზრთა სხვადასხვაობა განსაკუთრებით კარგად ჩანს სოციალურ ქსელში, რომლის მომხმარებლებიც აქტიურად აზიარებენ პატრიარქის განცხადებას და სხვადასხვა კომენტარებს აკეთებენ ამ თემაზე.

მაგალითად, სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები შემდეგ კომენტარებს ტოვებენ სოციალურ ქსელში:

„მეგობრების დასანახად „ამინ" და „დიდება უფალს" რომ ჯღაბნით, აქ კი არ უნდა ჯღაბნოთ, სანთელი უნდა აანთოთ და ხატის წინ წარმოსთქვათ „ამინ" და „დიდება უფალს". მეორედ არა მეცხრედ მოსვლაა, სათვალავი აგერიათ";

„ეგ არავინ არ იცის როდის იქნება. გულს რატომ გვიხეთქავთ, კარგით რა, ისედაც სულ პრობლემები და ახლა ეს, გეყოთ რა..."

ხშირია ასევე, უარყოფითი შინაარსის კომენტარებიც, მაგალითად: „რაც თავი მახსოვს, სულ მეორედ მოსვლით ვაჭრობენ, ისე, როგორც 2000 წელზე იყო, მერე 2012 წელზე. ფუ რა საძაგლობაა";

„იესოს ჰკითხეს ის დღე როდის იქნებაო. იესომ თქვა არ ვიციო. დამთავრდა. არაა აქ ახალი ველოსიპედის გამოგონება. დაუგდეთ ყური ბიბლიაში ჩაწერილ იესოს სიტყვებს, თუ ღვთის სიტყვის გჯერათ. თუ არადა, წარმატებები".

პატრიარქის მიერ წარმოთქმულ სიტყვებზე უარყოფით და სკეპტიკურ კომენტარებზე მეტია სოციალურ ქსელში იმ ადამიანების კომენტარები, რომელთაც სჯერათ და სერიოზულად უდგებიან პატრიარქის სიტყვებს. მაგალითად, ხშირია შემდეგი კომენტარები:

„უფალო გაგვაძლიერე რწმენაში..."

„დიდება უფალს, ამინ";

„მეორედ მოსვლა გარდაუვალია, მთავარი უთხარით ხალხს როგორ უნდა გადავრჩეთ";

„ამინ, უფალო მოგვიტევე, მოგვეცი სიმშვიდე, გადაარჩინე და დაიფარე ჩვენი ოჯახები, ჩემი საქართველო"...

ავტორი: ნატა თვაური

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×