
ყოველი იერარქი, ყველა ეპოქაში, მოვალეა მრევლს გაუღვივოს რწმენა უფლის მეორედ მოსვლისადმი - ამის შესახებ სამების ლავრის მღვდელმსახურმა თეიმურაზ თათარაშვილმა ქადაგების დროს განაცხადა.
თეიმურაზ თათარაშვილი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის საკვირაო ქადაგებას გამოეხმაურა, სადაც ილია მეორემ თქვა, რომ მეორედ მოსვლამდე რამდენიმე დღეც კი შეიძლება იყოს დარჩენილი.
„ისინი, ვინც აქილიკებენ პატრიარქის დღევანდელ ქადაგებას, მათ არ იციან რელიგია, არც რელიგიის არსი და არც მისი სწავლება, რომელიც ფილოსოფიური და მეცნიერული მსოფლმხედველობებისგან განსხვავებით, რწმენას ეფუძნება. ქრისტიანობის ალფა და ომეგაა სწავლება სამყაროს ფინალზე, აპოკალიპტურ მოვლენებზე, საყოველთაო აღდგომასა და მარადიულობაზე. ყოველი იერარქი, ყველა ეპოქაში, მოვალეა მრევლს გაუღვივის რწმენა უფლის მეორედ მოსვლისადმი და რაც შეიძლება ხშირად იქადაგოს ამ ბიბლიურ სწავლებაზე! ადამიანი, რომელიც პატრიარქს ამ ქადაგების გამო აკრიტიკებს, არ იცის რაშია თეოლოგიის ძირითადი დანიშნულება, არ იცის წმინდა წერილი, და სამწუხაროდ არც ადამიანს განიხილავს მარადიულობის, განახლების პერსპექტივაში! რელიგია, და შესაბამისად სამღვდელოება თავის მისიას სამყაროს აღსასრულამდე შეასრულებს, იგი იქადაგებს იმას, რა სწავლებაც გამოცხადებაზეა დაფუძნებული და არა რაიმე განყენებულ მეტაფიზიკურ თეორიას! ამიტომ მადლიერი ერი დღეს ორმაგად დაფიქრდა კაცის მისიაზე და სამყაროც ისე აღიქვა, როგორც რელიგიურ ჭრილში ყველა მოვალეა აღიქვას!" - თქვა მღვდელმსახურმა.
წყარო: "პრაიმ ტაიმი"