
ახალი ბაზრის გახსნითა და ხორბლის მარაგის შექმნით პურის ფასის შენარჩუნება შესაძლებელი გახდა. მწარმოებლებს დეფიციტი არ აშინებთ და ამბობენ, რომ ფასის კორექტირების აუცილებლობა მომდევნო თვეების განმავლობაშიც არ იქნება. ახლა მთავარია ბაზრის დივერსიფიცირებისკენ აღებული ტემპი შენარჩუნდეს. მართალია, ყაზახური ხორბლის იმპორტი შეჩერდა, მაგრამ ბაზარს ეს დიდად არ დასტყობია, რაც შეიძლება ამერიკული ხორბლის იმპორტის დამსახურებადაც ჩაითვალოს.
ცნობილია, რომ 2019 წლის ბოლოს საქართველოში საზღვაო გზით, 30 000 ტონამდე ამერიკული წარმოშობის მაღალხარისხიანი ხორბალი შემოვიდა. ეს ფაქტორი, რამდენადაც სტრატეგიული მნიშვენელობლისაა, იმდენად ბაზარზე პოზიტიურ ნიშნებს აჩენს. უცნობია, ამჟამად რა ოდენობის მარცვლეულის მარაგია საქართველოში, თუმცა მეხორბლეთა ასოციაციაში ამბობენ, რომ ხორბლის დეფიციტი არ იკვეთება და არც ფასების ზრდაა მოსალოდნელი.
დეკემბერში შემოტანილი ამერიკული ხორბალი პირველი კომერციული პარტიაა, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამ ქვეყნიდან შემოვიდა. როგორც ცნობილია, 2000 წლის დასასრულს, საქართველომ მიიღო ამერიკული ხორბალი, თუმცა ის იყო ამერიკის მთავრობის დახმარება საქართველოსადმი.
,,საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში" ამბობენ, რომ ამერიკიდან შემოტანილი ხორბალი ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენაა მიმართული. ამჟამად ამერიკასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რადგან ხორბლის დამატებითი პარტიების შესყიდვა მოხდეს. ასოციაციაში მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების მოლოდინი აქვთ.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული 30 000 ტონა ხორბალი მიღებულია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნიდან და მიმართულია ბაზრის შემდგომი დივერსიფიცირების და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისაკენ. როგორც ცნობილია, საქართველო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დიდწილად დამოკიდებულია რუსული ხორბლის იმპორტზე.
ამჟამად საქართველოს წისქვილ-კომბინატების მიერ მიმდინარეობს ამერიკული ხორბლის პირველი პარტიის გადამუშავება და გამოშვებულმა ფქვილის ხარისხმა მაღალი შეფასება დაიმსახურა.
საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია მადლობას უხდის საქართველოსა და აშშ-ის მხრიდან ჩართულ ყველა სამთავრობო და კერძო სტრუქტურებს გვერდში დგომისა და დახმარებისათვის.
დღეის მდგომარეობით, კვლავ მიმდინარეობს მოლაპარაკებები მომდევნო პარტიების შესყიდვაზე, რისი წარმატებით დასრულების მოლოდინი გვაქვს.
გვჯერა, ხორბლის პირველი პარტია წარმატებული ნაბიჯი იქნება საქართველო-აშშ-ს აქტიური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების და ხორბლის იმპორტის კუთხით, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს სასურსათო უსაფრთხოებას", - ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბოლო პერიოდში ყაზახეთიდან ხორბლის შემოტანა ვეღარ ხერხდება, რადგან გვალვის გამო, ყაზახეთში კარგი მოსავალი არ არის. მართალია, წინა წელს, რუსეთის მიერ დაწესებული სანქციების შემდგეგ, ყაზახეთთან ხელშეკრულება გაფორმდა და აღნიშნული ქვეყნიდან იმპორტს, წესით, პრობლემა არ უნდა შექმნოდა, თუმცა ქვეყანას დაბალშემოსავლიანობის გამო ექპორტის შესაძლებლობა რეალურად აღარ დარჩა. საბოლოოდ კი ყაზახური ბაზარი საქართველოსთვის ბოლომდე ჩაიკეტა.
როგორ მწარმოებლები აღნიშნავენ, ამერიკიდან შემოტანილ ხორბალს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. პირველ რიგში, რომ ეს მარაგს შეავსებს და მეორეც, ამას საკმაოდ დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია.
საქართველო დიდწილად რუსეთიდან შემოტანილ ხორბალზეა დამოკიდებული. ზამთრის პერიოდში კი, ეს ბაზარი ობიექტური მიზეზების გამო, შეფერხებით მუშაობს. აშშ-დან შემოტანილი ხორბალი კი, მარაგს შესავსებს, რომელიც დეფიციტის პრობლემას აღმოფხვრის, რის პრობლემაც წინა წლის ოქტომბერში იდგა.
მეხორბლეთა ასოციაციაში ამბობენ, რომ ამ ეტაპისთვის ხორბლის დეფიციტი არ არის და მომავალში არც ფასების გაზრდა იგეგმება, რისი ხელშემწყობიც, სწორედ ამერიკიდან შემოტანილი ხორბალია.
,,2019 წლის ბოლოს ამერიკიდან შემოვიდა 27 ათასი ტონა ხორბალი, რამაც ხელი შეუწყო მარაგების სისტემას, მით უმეტეს მაშინ, როცა ყაზახეთმა ვერ შეასრულა პირობა. ამ პროცესში, ალბათ, ჩარეული იყო სოფლის მეორნეობის სამინისტროც. ამ პოზიტიურმა ქმედებამ გარკვეული სახის მარაგი შექმნა და ბაზარი დაასტაბილურა.
აღსანიშნავია ისიც, რომ არსებობდა ცნობილი ბრძანება, რომლის მიხედვითაც, მანქანებით ხორბალი არ უნდა შემოსულიყო. ეს ბრძანებაც გუშინდელი თოვლივით გაქრა. ინფორმაცია არ მაქვს, სხვა ქვეყნიდანაც იგეგმება თუ არა ხორბლის შემოტანა. თუმცა ფაქტია, რომ ამერიკული ხორბლის იმპორტით შესაძლებელი გახდა რისკის აცილება და ქართველ მომხმარებელს პურ-პროდუქტები არ გაუძვირდა. ყოველთვის კარგია, როდესაც მრავალფეროვნებაა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპები მუშაობს. დღეს მეწარმეებს არც ფასის, არც ხარისხის მხრივ პრობლემა არ აქვთ, რაც სტაბილიზაციისთვის ერთ-ერთი მთავარი პირობაა", - განაცხადა "რეზონანსთან" საუბრისას მალხაზ დოლიძემ.