თამთა ჩაჩანიძე
14.01.2020

 „არანაირი აუცილებლობა საპარლამენტო არჩევნებში და საპარლამენტო ბატალიებში ივანიშვილის ხელებდაკაპიწებული ჩარევისა მგონია, რომ არ დგას", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილმა, სავარაუდოდ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების" საარჩევნო სიის პირველი ნომერი იქნება.

დამოუკიდებელი დეპუტატი და მოძრაობა „ტრიბუნას" დამფუძნებელი დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი დღეს „ქართული ოცნების" გაძლიერებითაა დაკავებული. მასვე ლოგიკურად მიაჩნია, თუ ივანიშვილი საპარლამენტო არჩევნებში სიის პირველი ნომერი იქნება.

საყვარელიძის აზრით, ივანიშვილის პოლიტიკაში წასვლის და მითუმეტეს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზეზი არ არსებობს, რადგან, მისივე თქმით, თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, „ქართულ ოცნებას" საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება არ გაუჭირდება.

„არ ვიცი ბატონი დავითი რითი ხელმძღვანელობს, მაგრამ არაერთხელ გაგვიგონია (და ივანიშვილი არაა ის ადამიანი, რომელიც შემთხვევით ამბობს რაიმეს), რომ მას პოლიტიკა დიდად არ იზიდავს. ადამიანი, რომელსაც პოლიტიკა არ იზიდავს, რატომ უნდა წავიდეს საპარლამენტო სტრუქტურაში, ჩემთვის გაუგებარია.

„რა ითხოვს ამას?! თუკი ბატონ დავითს მიაჩნია, რომ სხვანაირად „ქართულ ოცნებას" მოგება გაუჭირდება, ეს არდამაჯერებელი ვერსიაა იმიტომ, რომ, მაგალითად, ერთ-ერთი ანალიტიკოსის პოზიცია გამოქვეყნდა, რომ თუ ასე გაგრძელდა, „ოცნებას" გამარჯვება არ გაუჭირდებაო. ეს ანალიტიკოსი კი ხელისუფლების მომხრე არაა, პირიქით, ძალიან კრიტიკულია, მაგრამ ოპოზიციის არაეფექტური მოქმედების შედეგად ასეთი შთაბეჭდილება რჩება.

„ასე რომ, არანაირი აუცილებლობა საპარლამენტო არჩევნებში და საპარლამენტო ბატალიებში ივანიშვილის ხელებდაკაპიწებული ჩარევისა მგონია, რომ არ დგას", - განაცხადა საყვარელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×