ია აბულაშვილი
15.01.2020

 "ცხადია, საქმე არ ეხება მხოლოდ ერთ კონკრეტულ კონსორციუმთან ხელშეკრულების შეწყვეტას იმ მიზეზით, რომ ამ უკანასკნელმა ვერ დააკმაყოფილა პირობები. ეს იმდენად ცხადია, რომ, ვფიქრობ, ბევრ განმარტებას აღარ საჭიროებს. ბატონი რომან კაკულიას განცხადება, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებისას მამუკა ხაზარაძე არ ითვალისწინებდა რუსული პოლიტიკის საფრთხეებს და რომ შეიძლებოდა 2008 წლის სცენარი განვითარებულიყო, ბევრ რამეს ნათელს ხდის. ბუნებრივად ჩნდება აზრი, რომ ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული სამართლებრივი დევნა და კონსორციუმთან დაკავშირებული ისტორიები მხოლოდ ფასადი იყო იმისა, რაც კულისებში ხდებოდა," - ასე ეხმაურება ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულების შეწყვეტას.

ზაზა ფირალიშვილი: ბუნებრივად ჩნდება ვარაუდი, რომ "რუსული პოლიტიკის საფრთხეების" გამო ხელისუფლება ყველა ხერხს მიმართავდა ამ პროექტის დასამუხრუჭებლად, ხოლო დაპირება, რომ ანაკლიის პორტი აუცილებლად განხორციელდება, მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის დასამშვიდებლად არის საჭირო. ბატონი რომანი არ არის უმნიშვნელო ფიგურა "ქართულ ოცნებაში". ამ კონკრეტულ შემთხვევაში ის იქცა "ოცნების" ლიდერის გამხმოვანებლად და ცუდია, რომ ამ როლს დათანხმდა. როგორც ჩანს, თავად "ოცნების" ლიდერს კარგად ესმის, თუ რამდენად არახელსაყრელია მისთვის ამგვარი პოზიციის გამოთქმა. არადა, ეჭვების გასაფანტად, თუკი საამისო არგუმენტები არსებობს, თავად უნდა აეხსნა, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება და თიბისი ბანკთან თუ ანაკლიის კონსორციუმთან დაკავშირებული უცნაური და უსამართლო სალტო-მორტალეების გზას არ დადგომოდა. დღევანდელი გადასახედიდან არაფერ შუაში ყოფილა არც ფულის გათეთრება და არც კონსორციუმის მიერ პირობების შეუსრულებლობა. მთავარი "რუსული პოლიტიკიდან მომდინარე საფრთხეები" ყოფილა.

"რეზონანსი": ანუ, ხელისუფლება წავიდა იმაზე, რომ რუსული საფრთხის გამო ღირდა ამ პროექტის დროებით შეჩერება?

ზ.ფ: ცხადია, რუსეთი ორი ძირითადი მიზეზის გამოა ამ პორტის არსებობის წინააღმდეგი. ერთის მხრივ, ეს პორტი იქცევა მშენებარე ტამანის პორტის ძირითად კონკურენტად და სატრანზიტო გზების დივერსიფიცირება მოხდება, რაც ამ ქვეყნის გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ გავლენას მნიშვნელოვნად შეამცირებს. მეორეს მხრივ, რუსული პოლიტიკა მტკივნეულად აღიქვამს ყოფილი საბჭოთა ქვეყნების პოლიტიკურ და ეკონომიკურ წარმატებებს. მოგეხსენებათ, მთავარი იდეა, რომლითაც ვლადიმერ პუტინი თავისი ხელისუფლების საფუძვლებს ქმნის, არის იმპერიის "მუხლებიდან წამოდგომისა" და "რუსული მიწების მოკრების" იდეები. ამ უკანასკნელთა კონტექსტში ჩვენი სუვერენიტეტის ყოველგვარი გაძლიერება მისთვის მიუღებელია. ამიტომაც არის მათ მიერ ჩვენში წარმოებული ჰიბრიდული ომის მთავარი მიზანი უიმედობის და დამოუკიდებლობით დაქანცულობის განწყობის დანერგვა, იმედის მომცემი საერთაშორისო პროექტების დამუხრუჭებაა და ა.შ. წარმატებული ქვეყანა ვეღარ იქცევა იმპერიის ეგზოტიკურ დანამატად.

თუ იმპერიულ ლოგიკას გავყვებით, ერთადერთი პროექტი, რომელსაც რუსეთი უსიტყვოდ დაეთანხმება, მარიხუანას მოშენების პროექტია. ნებისმიერი სხვა ჩვენს სუვერენიტეტს გააძლიერებს. თავის დროზე რუსეთი არც ბაქო-ჯეიხანის ნავთობსადენის მშენებლობას მიესალმებოდა. უკვე ვიცით. ელცინი დაუფარავად მიმართავდა მუქარას, შანტაჟს და ა.შ. მაგრამ მაშინდელ ქართულ ხელისუფლებას ესმოდა, რომ ნავთობსადენზე უარის თქმა ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებაზე და მსოფლიო გეოეკონომიკურ რუკაზე ადგილის მოპოვების პერსპექტივაზე უარის თქმას ნიშნავდა. დღეს ანალოგიურ სიტუაციაში ქართული ხელისუფლება უკან იხევს და 2008 წლის განმეორების საფრთხეზე მიანიშნებს. და ეს მაშინ, როდესაც პორტის პროექტს ისეთი საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს, როგორიც ბაქო-ჯეიჰანის პროექტს არასოდეს ჰქონია.

"რ": დღევანდელი ხელისუფლება კი ადეკვატურად ვერ აფასებს ამ პროექტის საერთაშორისო დონეზე მხარდაჭერას და არ ესმის დასავლეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის პრინციპების არსი?

ზ.ფ: გაიხსენეთ აშშ სახელმწიფო მდივნის მაიკლ პომპეოს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას. გაიხსენეთ აშშ ვიცე-პრეზიდენტის მაიკლ პენსის განცხადებები და აქტიურობა. აღარაფერს ვამბობ ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ელიზაბეთ რუთის განცხადებებზე და გენერალი უესლი კლარკის ვიზიტზე საქართველოში. მოგეხსენებათ, ელჩის მოვალეობის შემსრულებელი აშშ ოფიციალურ პოზიციას გამოხატავს და არა საკუთარს. მსგავსი მაგალითების დასახელება ათობით შეიძლებოდა. მიუხედავად ამისა, ჩვენმა ხელისუფლებამ უგულებელყო მხარდაჭერა და გააკეთა ის, რაც გააკეთა. პროექტი, რომელსაც ახალ საფეხურზე უნდა აეყვანა ქართული სახელმწიფოებრიობა, უნდა შეექმნა სამუშაო ადგილები, ხელი შეეწყო ეკონომიკის განვითარებისათვის და ა.შ., პროექტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენთან შედარებით განუზომლად დიდი როლი უნდა შეესრულებინა, დამუხრუჭებული იქნა. ვიმეორებ, ეს მოხდა მიუხედავად დიდი საერთაშორისო მხარდაჭერისა. სულო ცოდვილო და ჩნდება აზრი, რომ "რუსული პოლიტიკიდან მომდინარე საფრთხეები" მხოლოდ საბაბია და სინამდვილეში საქმე რუსული ინტერესების მსახურებასთან გვაქვს, რომ ერთი ადამიანის ჭირვეული და ჩრდილოურ გემოვნებაზე დამოკიდებული ნება ქვეყნის ისტორიულ ბედს განსაზღვრავს.

სამწუხაროა, რომ რუსული ჰიბრიდული ომის სტრატეგოსები ასე ოსტატურად იყენებენ ჩვენს ხასიათს, პრიორიტეტებში გაურკვევლობას და ა.შ. მათ ყოველთვის რჩებათ შანსი, ისარგებლონ ჩვენი ფეთქებადი ხასიათით და რომელიმე მიმდინარე სკანდალის გამო ატეხილი საინფორმაციო კაკაფონიით გადაფარონ ასეთი მოვლენები. საამისოდ კი იყენებენ იმ ადამიანებსა და მოვლენებსაც კი, ვინც გულწრფელად უპირისპირდება ხელისუფლებას. ასეთი ეჭვები რომ არ გაჩნდეს, ქვეყნის ფაქტობრივ მმართველს შუამავლების გარეშე უნდა განემარტა, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. იქნებ მართლაც აქვს რაიმე დამაჯერებელი არგუმენტი?! იქნებ ბატონი მამუკა ხაზარაძის მიმართ მისი უარყოფითი დამოკიდებულება ან უნდობლობა იმდენად ძლიერია, რომ ამან ყველაფერი სხვა დაავიწყა? ყველაფერ ამას პასუხი უნდა გაეცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მისთვის და არა მხოლოდ მისთვის, არამედ მთელი "ქართული ოცნებისათვის" ბევრი არასასიამოვნო კითხვა ჩნდება. თიბისი ბანკის ხელმძღვანელების მიერ ფულის გათეთრებისა თუ კონსორციუმის მიერ პირობების შეუსრულებლობის ისტორია, თუნდაც პოლიტიკური კონტექსტის გამო, დამაჯერებელი არ არის, ხოლო "რუსული პოლიტიკიდან მომდინარე საფრთხეებზე" მინიშნება კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია ჩვენი სამართალდამცავი სისტემაც და აღმასრულებელი ხელისუფლებაც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×