„ღმერთმა დაგვიფაროს, ისევ რომ გაიმარჯვონ - მერე რას აპირებენ? აშკარად სიცარიელე იქნება და ქვეყანას უდაბნოდ აქცევენ იმიტომ, რომ რისი გამკეთებლები არიან წლებია კარგად ვხედავთ. მხოლოდ მტრის ხატის ექსპლუატაციით პოლიტიკაში ყოფნას აპირებენ და ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება, რა თქმა უნდა ამას დასავლეთიც ხედავს და შემდეგ ამას გულწრფელად და გულახილად აფასებენ" - აცხადებს „რეზონანსთან" შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი.
„რეზონანსი": საოკუპაციო რეჟიმი კვლავ გააქტიურდა, ისინი წაღვლი-ჩორჩანას ტყეში ტერიტორიას ღობავენ, რამდენად სათანადოდ მიიჩნევთ ამაზე ხელისუფლების რეაქციას?
პაატა ზაქარეიშვილი: როდესაც ქართულმა მხარემ წნელისთან თავისი საგუშაგო დადგა ისე, რომ ეს საკითხი ერგნეთის შეხვედრებზე არ განიხილა, ამით რუსულ-ოსურმა მხარემ უკვე ჩათვალა, რომ ჩვენც ამას გავაკეთებთო და უკვე რუსული მხარე ისე, რომ არავის არაფერს არ ატყობინებს, ბაძავს ქართულ მხარეს და აშენებს იმდენ საგუშაგოს, რამდენიც გაუხარდება. ზოგადად ასეთ შემთხვევაში ხელისუფლების რეაქცია უფრო მწვავე უნდა იყოს, მაგრამ მმართველ გუნდს საქმე აქამდე არ უნდა მიეყვანა, ხელისუფლება წინდაუხედავად და აბსოლუტურად არაკომპეტენტურად მოიქცა.
ეს ერგნეთისთვის უნდა შეეთანხმებინა, სადაც ოსური მხარეცაა რუსულიც, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც, ეუთოც, უნდა შეეთანხმებინა ყველასთან. ეს კი რუსულმა მხარემ ძალიან კარგად გამოიყენა, მას უტიფრობაში და ვერაგობაში ვერასდროს ვერ მოვერევით, მხოლოდ კანონის და საერთაშორისო ნორმების დაცვით მოვერევით, მაგრამ სამწუხაროდ ახლა ყველა გაოცებულია, რომ ქართულმა მხარემ ეს კონკრეტული საკითხი ყველასთან შეთანხმების გარეშე წამოიწყო,
„რ": Human Rights Watch-მა, მწვავე ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც კრიტიკაა 20 ივნისის აქციის დაშლაზე, მედიაპლურალიზმზე და ა.შ. ეს მმართველი გუნდისა და ზოგადად საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე როგორ აისახება?
პ.ზ: საზოგადოებაში „ქართული ოცნების" მიმართ ისედაც უკმაყოფილებაა, განსაკუთრებით 14 ნოემბრის შემდეგ, როდესაც მათ ქართული საზოგადოება რეალურად გადააგდეს და უარყვეს თავიანთივე ინიცირებული საარჩევნო ინიციატივა, რომელსაც ნულოვანი ბარიერიც დაამატეს. რაღაც უცნაური ფორმით კი კრიტიკულ სიტუაციაში ეს ხმები უკან წაიღეს, კანონპროექტი ჩაუვარდათ. ეს სპექტაკლი აშკარად თეთრი ძაფით იყო ნაკერი.
ამ ფონზე რა თქმა უნდა ქართული საზოგადოებისათვის მმართველი გუნდის პოლიტიკა მიუღებელია, მე პირადადაც, რომელიც მათ მიმართ მეტ-ნაკლებად სიმპატიით ვიყავი გამსჭვავლული და მიმაჩნდა, რომ უარეს პარტიას მაინც ეს პარტია სჯობდა, ახლა ვხედავ, რომ ყველაზე უარესები არიან, აქედან გამომდინარე, ალბათ ეს განცდა საზოგადოების სხვა წევრებსაც აქვს. ამ უარყოფით განწყობას ბუნებრივია საერთაშორისო თანამეგობრობის შეფასებები ემატება, ადამიანის უფლებების დაცვის თუ სასამართლო სფეროში, თი-ბი-სი ბანკის მიმართ ბრძოლაში, თუ ანაკლიის კონსორციუმის მიმართ დამოკიდებულებაში, ყველაფერი ეს ერთად აღებული ძალიან ცუდ შთაბეჭდილებას ქმნის საერთაშორისო თვასაზრისით.
„ქართული ოცნების" რეიტინგი დიდად არ მადარდებს, სიმართლე რომ გითხრათ ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ, მე ამ შემთხვევაში საქართველოს რეიტინგი მადარდებს, როგორც ინვესტიციების მომზიდველი, დამოუკიდებელი სასამართლოს მქონე სახელმწიფო და ა.შ., ჩემთვის ეს ათასჯერ უფრო მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა ამას ხელს უწყობს „ქართული ოცნების" წინდაუხედავი, არაკომპეტენტური, არაკვალიფიცირებული პოლიტიკა, მაგრამ ახლა მათ საქართველო არ ადარდებთ, მათთვის ხელისუფლების შენარჩუნებაა მთავარი.
საკითხავი ისაა, რომ ხელისუფლებას თუ შეინარჩუნებენ მერე რას გააკეთებენ, საერთოდ არ ლაპარაკობენ ეკონომიკაზე, სიღარიბეზე, სოფლის მეურნეობაზე, განათლებაზე, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა". როდესაც პირს აღებენ, პირიდან მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა" ამოსდით, ეს როდემდე გაგრძელდება? ღმერთმა დაგვიფაროს ისევ, რომ გაიმარჯვონ მერე რას აპირებენ, აშკარად სიცარიელე იქნება და ქვეყანას უდაბნოდ აქცევენ იმიტომ, რისი გამკეთებლები არიან წლებია კარგად ვხედავთ, მხოლოდ მტრების ხატის ექსპლუატაციით, პოლიტიკაში ყოფნას აპირებენ და ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება, ამიტომ რა თქმა უნდა ამას დასავლეთიც ხედავს და შემდეგ ამას გულწრფელად და გულახდილად აფასებენ, იმედია ქართული საზოგადოება არჩევნებზე ამას შესაბამისად შეაფასებს.
„რ": საახალწლო არდადეგების შემდეგ ოპოზიცია მწვავე აქციებს პროგნოზირებს,რა პროცესების მომსწრეები გავხდებით?
პ.ზ: პოლიტიკურად ძალიან ცხელი წელი გველის, ოპოზიციას მე მაინც ვურჩევდი, რომ მწვავე პროტესტებს სჯობია, არ გაიხლიჩონ. ოპოზიციამ ისეთი სტრატეგია უნდა შეიმუშავოს, რომ არჩევნების დღისთვის ერთიანნი იყვნენ. "ქართულ ოცნებას" დღეს თუ რამე სჭირდება ეს ოპოზიციის გახლეჩვა-დანაწილებაა.
ოპოზიციამ როგორმე უნდა ეცადოს, რომ შიგნით დაალაგოს სიტუაცია. აშკარაა, რომ მმართველი გუნდი ახლა არავითარ დათმობაზე არ წავა, სადაც პრაქტიკულად კრიმინალური ბანდა ჩამოყალიბდა და მხოლოდ თავიანთ თავის გადარჩენაზე ფიქრობს და ისინი აღარ გაიხლიჩებიან, მათთვის მთავარია ოპონენტი დააზიანონ, ოპონენტებიდან ვიღაცა იყიდონ, მოისყიდონ, გამოაცალკევონ.
მგონია, რომ ოპოზიციის პროტესტი კარგია, მაგრამ ნებისმიერი მათივე ნაბიჯი უნდა იყოს მათი გამაერთიანებელი და არა დამშლელი, მგონია, რომ თუ ძალიან მწვავე ოპონირებაზე გადავლენ, შესაძლოა ეს შიგნით ზოგიერთ ზომიერ ოპოზიციას არ მოეწონოს და ბუნებრივი გახლეჩა მოხდეს, პროტესტმა მათი დაშლა არ უნდა გამოიწვიოს, არჩევნებამდე არავითარი დაშლა არ უნდა დაუშვან,
ოპოზიციაში სხვადასხვა შეხედულების ძალებია, მაგრამ დღეს მათ სწორედ პოლიტიკიდან „ქართული ოცნების" გაშვება აერთიანებთ, მათ ეს მომენტი ხელიდან არ უნდა გაუშვან და არჩევნებამდე ერთმანეთის კრიტიკას თავი დაანებონ.