ელზა პაპოშვილი
15.01.2020

რა მოხდა 14 იანვარს დავით გარეჯშიდა, ვინ არის პირი,რომელმაც რამდენიმე ქართველი მესაზღვრე, გამოძიების ინფორმაციით, იარაღის და ხელყუმბარის გამოყენების მუქარით ტყვედ აიყვანა? მამაკაცი  მათ სავარაუდოდ, იმ სადაო ტერიტორიისკენ გადაადგილებას აიძულებდა, რომლის დემარკაცია ჯერჯერობით არ მომხდარა. მას როგორც აზერბაიჯანის, ასევე ქართული მხარე აკონტროლებს.  სავარაუდოდ, მას ჩიჩხიტურის მონასტერში ასვლა სურდა. 

როგორ მოხდა, რომ მესაზღვრეებმა შეიარაღებული უცნობი ვერ შეამჩნიეს და მან მათი ტყვედ აყვანა ასე მარტივად მოხდინა. ალბათ ამას უკვე გამოძიება დაადგენს. 

შემთხვევა  კი 14 იანვარს დღის პირველ საათზე მოხდა  და  დაახლოებით 3 საათამდე გაგრძელდა. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, ადგილზე ვერტმფრენი და დამატებით პოლიციის ძალები იყვნენ მობილიზებული. 

ახმეტის რაიონის მცხოვრებმა, 30 წლის გიორგი იჩუკაიძემ გარეჯში მესაზღვრეებთან  სამხედრო ფორმაში ჩაცმულა  შეაღწია. ასევე არ არის გამორიცხული, რომ 30 წლის მწყემს მესაზღვრეები უკვე იცნობდნენ და მას მესაზღვრეებთან მიახლოვების პრობლემა არ ჰქონდა. 

მან 6 მესაზღვრე ტყვედ აიყვანა და ჩიჩხიტურის მონასტრისკენ გადაადგილება მოთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელყუმბარით თავსაც აიფეთქებდა და მათაც იგივე ბედი ეწეოდათ. მწყემსს ახლა 14 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

იჩუკაიძის ოჯახი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ  მათთვის სრულიად გაუგებარია, რატომ გადაწყვიტა მან მესაზღვრეების მძევლად აყვანა. ის იარაღით რამდენიმე დღის წინ ნახეს, თუმცა დედას უთხრა, რომ იარაღი გაიფორმა და მწყემსობის დროს სჭირდებოდა, რათა ნადირის თავდასხმისგან თავი დაეცვა. 

დაკავებულის  დედა  თამილა ტატიაშვილი „რეზონანსთან“  ყვება, რომ მის შვილს ხელყუმბარა არ ჰქონია და გაუგებარია, სადიან მოხვდა მის ხელში ეს იარაღი. მხოლოდ ის იცის, რომ მწყემსობის დროს იარაღი ჰქონდა, რომელზეც ამბობდა რომ გაიფორმა. ის დავით გარეჯში მამა სერაფიმესთან დადიოდა და მისი მრველი იყო. ყოველ დილას ის გარეჯში სანთლების დასანთებად მიდიოდა და მორწმუნე ადამიანია. ამიტომაც გაუგებარია რა მოხდა იმ დროს, როდესაც ის ეკლესიაში ჩვეულებისამებრ წავიდა. 

„არაფერი არ ვიცი, საკმაოდ მორწმუნე ადამიანია. არავის მოკლავდა, წარმოუდგენელია. ყოველ დილით დგებოდა და სანთლების დასანთებად მიდოდა. იქ რა და როგორ მოხდა, ვინ რა უთხრა, ეს აზრი თავში საერთოდ რატომ გაივლო, არ ვიცი. ერთი ალალი ადამიანია, მსგავსი რამ არასდროს ჩაუდენია“, - აცახდებს გიორგი იჩუკაიძის დედა.

აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით კი  14 იანვარს, 12:40 საათზე, საქართველო სასაზღვრო სამსახური დაუკავშირდა აზერბაიჯანის სასაზღვრო რაზმის „შამკირის“ მეთაურს და განუცხადა, რომ სასაზღვრო პუნქტ „კეშიკჩიგალასთან“ ახლოს, საქართველოს ტერიტორიაზე უცნობმა ადამიანმა, რომელსაც სამხედრო ფორმა აცვია, ტყვედ აიყვანა ქართველი მესაზღვრე და სახელმწიფო საზღვრის მიმართულებით მიემართება. 

მიღებული ინფორმაციის შემდეგ, მივიღეთ ზომები. მითითებულ ტერიტორიაზე გაძლიერდა სასაზღვრო დაცვა და ასევე შეიქმნა წინააღმდეგობა, რათა თავიდან აგვეცილებინა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადასვლის მცდელობა. 

13:10 საათისთვის, აზერბაიჯანულმა მხარემ დააფიქსირა 6-7 სამხედრო ფორმაში შეიარაღებული ადამიანის გადაადგილება. 

აზერბაიჯანელი მესაზღვრეების ინფორმაციით, ისინი ერთმანეთში კამათობდნენ. ერთ-ერთ მათგანს ხელში იარაღი და ყუმბარა ეჭირა. რაღაც პერიოდის შემდეგ, შეიარაღებულმა პირმა ჰაერში გასროლა განახორციელა. 

მესაზღვრეებმა უმალვე მიიღეს საბრძოლო პოზიცია და გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს. ამის შემდეგ, ჯგუფმა მოძრაობა შეწყვიტა. ამ მომენტით ისარგებლეს ქართველმა მესაზღვრეებმა და განიარაღება შეძლეს. 

საქართველო კი შემდეგ ინფორმაციას აქვეყნებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით, საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე, საქართველოს მოქალაქე 30 წლის გ. ი.  დააკავეს. 

სამინისტროს ინფორმაციით, 14 იანვარს, გ.ი.  სასაზღვრო ზონაში იმყოფებოდა. მან ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის გამოყენების მუქარით, ქართველი მესაზღვრეები აიძულა, გადაადგილებულიყვნენ საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთის მიმართულებით. ინციდენტის განმავლობაში მან  ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა.

სამინისტრო აცხადებს, რომ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების ოპერატიული და ეფექტიანი მუშაობის შედეგად, სიტუაცია დროულად განიმუხტა. ამ დროისთვის ინციდენტი სრულად ამოწურულია.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით (მძევლად ხელში ჩაგდება სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით) მიმდინარეობს. დანაშაული 9-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.    

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×