
საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილებიდან ტექდათვალიერება ნახევარმა ცოტა მეტმა გაიაირა. პროცესის დაწყებიდან 1 წლის თავზე აღმოჩნდა, რომ ტექინსპექტირების ცენტრებს პირველადი შემოწმებისთვის მხოლოდ 788 000-მა სატრანსპორტო საშუალებამ მიაკითხა. ამ დროს ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში თითქმის ორჯერ მეტი ავტომობილი მოძრაობს. გამოდის, რომ საკმაოდ ბევრმა, უბრალოდ, თავი აარიდა ტექინსპექტირების პროცესს, ანდა უამრავი რეგისტრირებული მანქანა, უბრალოდ, ჯართია.
ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის ხელმძღვანელის ვაჟა იორდანიშვილის ინფორმაციით, საქართველოში რეგისტრირებული 1 300 000 მანქანიდან ტექდათვალიერება მხოლოდ 788 000 ავტომობილმა გაიარა. ამ ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი, ერთ-ერთია რეალურად არარსებული ავტომობილები, რომლებიც აღრიცხვიდან არ არის მოხსნილი და გზებზე ადმინისტრაციული გაუმართაობა, რის გამოც განსაკუთრებით რეგიონებში მანქანები ტექდათვალიერების გარეშე გადაადგილდებიან.
`ტექინსპექტირების პირველადი დათვალიერება გაიარა 788 000 ავტომობილმა. ამ დროს ჩვენ გვქონდა მონაცემები, რომ 1 300 000 მანქანა იყო რეგისტრირებული, თუმცა ფაქტია, რომ მხოლოდ და მხოლოდ 788 000 მანქანას აქვს გავლილი ტექნიკური დათვალიერება. ამას შეიძლება ჰქონდეს ორი მიზეზი: ერთი არის ის, რომ, სავარაუდოდ, ავტომობილების დიდი ნაწილი, უბრალოდ, რეგისტრირებულია და რეალურად არ არსებობს ასეთი სატრანსპორტო საშუალებები. მეორე მიზეზია ის, რომ ავტომობილების გარკვეული რაოდენობა საერთოდ აღარ მივიდა ტექინსპექირების ცენტრებში, რადგან კონტროლი გზებზე სათანადო არ არის და ასეთი მანქანები უბრალოდ არ ჯარიმდებიან.
პრობლემაა დაჯარიმების ვადებიც. ახლა 30-დღიანი შუალედი მოქმედებს. ის სატრანსპორტო საშუალებები, რომლებსაც ტექდათვალიერება გავლილი არ ექნება, რა თქმა უნდა, მომავალშიც ისევ დაჯარიმდება, თუმცა შეიძლება შეიცვალოს დაჯარიმების შემდგომი პერიოდის ვადა და 3 დღემდე ჩამოვიდეს”, - განაცხადა ვაჟა იორდანიშვილმა “რეზონანსთან” საუბრისას.
ტექინსპექტირება ითვალისწინებს მანქანების შემოწმებას წელიწადში ორჯერ, მაგრამ აშკარაა, რომ ხშირად პირველად დათვალიერებასაც კი არ გადიან. მართალია, ავტომობილებს აქვთ პრობლემები და მოსაწესრიგებელია, თუმცა საგულისხმოა, რომ თავად სფერო მოუწესრიგებელია. ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელმა დავით მესხიშვილი ამბობს, რომ ტექდათვალირება დაახლოებით 600 000 მანქანას აქვს გავლილი. ამ მხრივ მიმართვიანობა თავიდან ბევრად მაღალი იყო, თუმცა შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ახლა საკმაოდ შემცირდა და სავარაუდოდ, ამან 30-40% მიაღწია.
“არ მგონია, რომ ტექდათვალიერება 788 000 ავტომობილმა გაიარა. ჩემი აზრით, გაიარა დაახლოებით 600 000 სატრანსპორტო საშუალებამ. პირველადი ინსპექტირება ბევრ სატრანსპორტო საშუალებას (მაგალითად, ტაქსებს) ეხება წელიწადში ორჯერ, ამიტომ არ გამოდის უნიკალური ციფრი იმიტომ, რომ წელიწადში ორჯერ ფიქსირდება ერთი და იგივე ავტომობილი, როგორც პირველადი. ამიტომ, მგონია, რომ ეს ციფრი არის 600 000. ავიღოთ თუნდაც ტაქსები. ის, რაც ორჯერ არის დაფიქსირებული მერე ჩვენ მას ვითვლით, როგორც ერთხელ გატარებულ სატრანსპორტო საშუალებებს, არადა წელიწადში ორჯერ მიდის ცენტრებში. ამ ყველაფრის პრობლემაა ის, რომ ელექტრონული პროგრამები ერთმანეთთან შესაბამისობაში არ იყო და ზუსტი რაოდენობის აღიცხვა შეუძლებელი ხდებოდა, შესაბამისად, სრულფასოვანი სტატისტიკის წარმოებაც ვერ ხერხდებოდა. ეკონომიკის სამინისტრომ აღმოფხვრა ეს პრობლემა და ახლა სტატისტიკის ჩაშლა შესაძელებელია.
პრობლემები კი სხვადასხვაგვარია. მაგალითად, ავტომობილი ერთ ცენტრში ვერ გადის ინპექტირებას და გადის მეორე ცენტრში, რაც ბადებს ძალიან ბევრ კითხვას - ხომ არ არის ეს ყოველივე არაკომპეტენურობის ბრალი, ან კორუფცია ან ტექნიკური რეგლამენტის პრობლემა. თუმცა ყველაზე მტკივნეული ამ სფეროსთვის რაც არის ეს არის კანონის აღსრულება. თუ კანონის არ სრულდება, ავტომობილები ინსპექტირებისთვის არ მიდიან.
ფატია, რომ მიმართვიანობის კატასტროფული კლებაა, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში. იანვრის პირველი ორი კვირა რომ შევადაროთ, დაახლოებით, 30%-იანი ვარდნაა და ყოველთვე ასე ხდება, უფრო და უფრო იკლებს. თავიდან დაიწყო ხალხმა ცენტრებში მაღალი მიმართვიანობით, თუმცა შემდეგ წავიდა კლება იმიტომ, რომ არ არის საკმარისი კონტროლი და ხალხიც თავს არიდებს ტექდათვალიერებას. ასე თუ გაგრძელდა მიმართვიანობა კიდევ შემცირდება, რაც დაგვაყენებს იმ საშიშროების წინაშე, რომ ტექინსპექტირება როგორც პროცესი ჩავარდეს“, - განუცხადა “რეზონანსს” დავით მესხიშვილმა.