
საქართველომ და უკრაინამ ერთობილივი განცხადებით მიმართეს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას რუსეთის აგრესიის შეკავებისა და ზომების მიღების მოთხოვნით, რათა შავ და აზოვის ზღვებში, ასევე ქერჩის სრუტეში შესაძლებელი გახდეს სამძებრო სამუშაოების ჩატარება, რასაც რუსეთი უკანონოდ უშლის ხელს.
საქართელო-უკრაინის განცხადებას მხარი ევროკავშირის ქვეყნებმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაუჭირეს. ამის შესახებ დიდ ბრიტანეთში უკრაინის საელჩოს „ფეისბუკგვერდზე" დაწერილი პოსტი იუწყება, რომელიც 18 იანვარს გამოქვეყნდა.
„უკრაინისა და საქართელოს დელეგაციებმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ყურადღება გაამახვილეს რუსეთის უკანონო ქმედებაზე, რომელიც ხელს უშლის სამძებრო სამუშაოებს შავ ზღვაში, აზოვის ზღვაში და ქერჩის სრუტეში. უკრაინისა და საქართელოს საერთო დოკუმენტს მხარი დაუჭირეს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციებმა", - წერია საელჩოს „ფეისბუქგვერდზე" გამოქვეყნებულ განცხადებაში.
გარდა ამისა, უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვლადისლავ კრიკლიმ განმარტა, რომ უკრაინამ გააპროტესტა რუსეთის ფედერაციის მიერ აზოვის ზღვასა და ქერჩის სრუტეში რადიოსადგურ „ნავტექს - ნოვოროსიისკის რაიონის" უკანონო გაფართოება. ამის შესახებ სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე წერია.
აღსანიშნავია, რომ საზღვაო მოძრაობისთვის საჭირო სანავიგაციო ინფორმაცია მხოლოდ და მხოლოდ უკრაინული რადიოსადგურის, „ნავტექს - ბერდიანსკის" მეშვეობით უნდა ვრცელდებოდეს, განაცხადა უკრაინის დელეგაციის წარმომადგენელმა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ვიტალი მოშკოვსკიმ.
ჯერჯერობით არაა ცნობილი, როდის დაიწყება საქართელოსა და უკრაინის მიერ შეტანილი საჩივრის განხილვა.
ცნობისთვის, უკრაინა შავ ზღვასთან უსაფრთხო ზოლის შექმნას ცდილობს, სადაც რუსეთი ვერ შეძლებს უკანონო მოქმედებას და ამის მეშვეობით უკრაინა შეძლებსრეგიონის დაცვას. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა.
ასევე, გასული წლის განმავლობაში ნატო-მ გაზარდა შავ ზღვაში ყოფნა და 2019 წლის განმავლობაში 5 საკმაოდ მასშტაბური წვრთნა ჩაატარა შავი ზღვის რეგიონში. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.