ია აბულაშვილი
19.01.2020

 "როგორც ჩანს, ისე გაღარიბდა ოპოზიციის რეპერტუარი, რომ ასეთი ვერსიებით ცდილობენ ყურადღების ცენტრში იყვნენ. პირადად მე ვისურვებდი უფრო სერიოზული და პოლიტიკური შინაარსის განცხადებები გააკეთონ და არა პერსონებზე გასული, რაც ჭორაობის სტილი უფროა და ოპოზიციას ნეიტრალური ამომრჩევლის ნდობას აკარგვინებს" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე პრემიერ გახარიას გადაგომაზე, ივანიშვილის პრემიერად დაბრუნებაზე და კალაძის ოპოზიციაში გადასვლაზე გავრცელებულ ინფორმაციას.

ოპოზიციის მტკიცებით, მასობრივი დაბრუნება, რომელიც დაიწყო ღარიბაშვილით და კვლავ გრძელდება, მიანიშნებს იმაზე, რომ ივანიშვილი ერთ წრეზე ტრიალებს და "ოცნებაში" კრიზისია. ეს მოვლენები კი ივანიშივლის ფინალური სერია იქნება, როგორმე შეინარჩუნოს ძალაუფლება.

თავად "ოცნებაში" ოპონენტების ამ მოსაზრებებს არასერიოზულს უწოდებენ და აცხადებენ, მსგავს პასაჟებს ყოველდღიურად ელიან, რადგან საარჩევნო წელი დაიწყო და პოლიტიკური ძალები შეეცდებიან საარჩევნო ბაზარზე სავაჭროდ ნებისმიერი თემა გამოიტანოს საზოგადოების თვალში ქულების დასაწერად.

ექსპერტი გია ხუხაშვილი "ოცნებაში" მოსალოდნელ ცვლილებებს მოგონილს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს თემები რეალობას მოკლებულია და საფუძველი არა აქვს.

"ეს არის მოგონილი და რეალობას მოკლებული თემები, რომელსაც საფუძველი არ აქვს. შემოაგდებენ რაღაც თემას და მერე სერიოზულად უნდა ვიმსჯელოთ, რასაც პირადად მე არ ვაპირებ, რადგან ეს არის წყლის ნაყვა. ცოტა გვაქვს პრობლემები, რომ რაღაც ახალი არ მოვიგონოთ?" - განაცხადა "მთელ კვირასთან" გია ხუხაშვილმა.

"როგორც ჩანს, ოპოზიციამ მოიფიქრა საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომის მეთოდები, მაგრამ ეს ახალი არ არის და პოლიტტექნოლოგიაში აპრობირებული მეთროდია. გაიმეორო ერთი და იგივე რამდენჯერმე, "ოცნება" იშლება, კალაძე ოპოზიციაში მიდის, გახარია გადადგება. ანუ უარყოფითი განწყობები შექმნა საზოგადოებაში რომ "ოცნების" ერთიანობა და სიძლიერე შეირყა" - აცხადებს "მთელ კვირასთან" ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.

პოლიტოლოგი რამაზ სყვარლიძე კი მიიჩნევს, რომ მსგავსი განცხადებებით ოპოზიცია კარგავს იმ ამომრჩეველსაც, რომელიც ნეიტრალურია და რომელთა ხმების მოპოვებაც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

"როგორც ჩანს, იმდენად გაღარიბდა ოპოზიციის რეპერტუარი, რომ ასეთი ვერსიებით ცდილობენ ყურადღების ცენტრში იყვნენ; ფაქტია, რომ რამდენიმე დღეა ტრიალებს ეს თემები მედიაში, რომელიც მათგან არის შემოსული და დღის წესრიგს ადგენენ, საზოგადოებამ "ოცნებაში" მნიშვნელოვან ცვლილებებზე ილაპარაკოს. თავად ენდიაის კვლევებს თუ ავიღებთ, რომელიც "ნაციონალური მოძრაობისკენ" უფრო იხრება, ვიდერ "ოცნებისკენ", დიდი სხვაობაა და "ოცნებას" დამარცხების ნაკლები შანსი აქვს. ამიტომ ასეთ კარდინალურ ცვილებებზე წასვლა არ სჭირდება, არც პრემიერის შეცვლა და არც ივანიშვილის დაბრუნება; მითუმეტეს კალაძის ოპოზიციაში წასვლა. ვფიქრობ, რომ თავად არიან დიდ კრიზისში და სჯობს ამ მიმართულებით გადაგან ნაბიჯები. ვისურვებდი, რომ უფრო სერიოზული და პოლიტიკური შინაარსის განცხადებები გააკეთონ, რადგან ამ მეთოდებით ბრძოლა, რომელიც უფრო ჭორაობის სტილია, ასუსტებს ოპოზიციას და იმ ამომრჩევლის ნდობასაც კარგავს, რომელიც ნეიტრალურია. არადა მათი ხმების მოპოვება ოპოზიციისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია," - განაცხდა "მთელ კვირასთან" რამაზ საყვარელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×