რეზონანსი
19.01.2020

 „თუ „ქართული ოცნება" არანაირ შეთანხმებაზე არ წავა, ვერ ვხედავ ამ შემთხვევაში აქციების, ბლოკირებისა და პიკეტირების აზრს, რადგან აშკარა იქნება, რომ ქართულმა ოცნებამ უარი თქვა გონივრული გადაწყვეტილების მიღებაზე და როდესაც უკვე ასეთი უარია, მაშინ პიკეტირება ვერ აიძულებს მიიღოს სწორი გადაწყვეტილება," - აცხადებს „მთელ კვირასთან" საუბრისას კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე კვირას „ოცნებასა" და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების ჩაშლის კომენტირებისას.

მისი აზრით, თუ ხელისუფლება და ოპოზიცია საბოლოო ვერ შეთანხმდა, 2020 წლის არჩევნები დაძაბულ და კონფლიქტურ გარემოში ჩატარდება, ეს კი ქვეყნისთვის ძალიან ცუდია. თუ ხელისუფლება საბოლოოდ უარს იტყვის პროპორცულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე, ოპოზიციას მოუწევს მოიფიქროს, როგორ არ მისცეს საშუალება „ქართულ ოცნებას" გაიმარჯვოს არჩევნებში,

„თუ საბოლოოდ ჩაიშლება შეთანხმების მიღწევის შანსი, მაშინ ოპოზიციამ უკვე უნდა იფიქროს იმაზე და მოემზადოს, თუ როგორი სქემით წარმართოს საარჩევნო კამპანია და დაიწყოს ამის ორგანიზება. ოპოზიციას, ჩემი აზრით, მოუწევს შეთანხმდნენ მთლიანად ისეთ სქემაზე, რომელიც „ქართულ ოცნებას" არ მისცემს არჩევნების მოგების შესაძლებლობას. ამ სქემის განხორციელება, მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი თუკი ოპოზიციის მიზანი იქნება ერთობლივად მოიპოვოს უმრავლესობა, რათა უკვე პარლამენტში შეცვალონ საარჩევნო სისტემა, გადავიდნენ პროპორციულ სისტემაზე და რამდენიმე თვეში უკვე გაიმართოს პროპორციული არჩევნები," - ამბობს, ვახტანგ ხმალაძე.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, დიპლომატების შუამდგომლობით საარჩევნო სისტემის შეცვლაზე მიმდინარე მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი ჩაიშალა. როგორც ცნობილია, შეხვედრების მორიგი რაუნდი იანვრის ბოლოს გაიმართება.

 

ნატა თვაური 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×