
2019 წელს საქართველოში საწვავის იმპორტი კვლავინდებურად მაღალ ნიშნულზეა, ხოლო ქვეყნებს შორის კვლავ რუსეთი ლიდერობს. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, წლის პირველ ნახევარში დიზელის საწვავის იმპორტის სტატისტიკა იყო უარყოფითი, მაგრამ ბოლო 5 თვის განმავლობაში მდგომარეობა გამოსწორდა.
კერძოდ, როგორც ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, შარშან ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 1096,0 ათასი ტონა, რაც 2,9 ათასი ტონით ანუ 0,26%-ით ნაკლებია 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით (1098,9 ათასი ტონა).
მათ შორის, 2019 წელს ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 544,3 ათასი ტონა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 2,3 ათასი ტონით, ანუ 0,42%-ით აღემატება. რაც შეეხება დიზელის საწვავის იმპორტს, 551,7 ათასი ტონით განისაზღვრა, რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 5,2 ათასი ტონით, ანუ 0,93%-ით ნაკლებია.
საწვავის კატეგორიების მიხედვით, ბენზინის საწვავის იმპორტი ასე გამოიყურება: "რეგულარის" მარკის ბენზინი - 355,6 ათასი ტონა, ანუ 65,3%; "პრემიუმის" მარკის ბენზინი - 176,9 ათასი ტონა, ანუ 32,5%, "სუპერის" მარკის ბენზინი - 11,8 ათასი ტონა, ანუ 2,2%. შარშანდელთან შედარებით გაზრდილია "პრემიუმის" იმპორტის წილობრივი მაჩვენებელი დაახლოებით 4%-ით, რაც "რეგულარის" ტიპის საწვავის იმპორტის შემცირების ხარჯზე მოხდა.
რაც შეეხება ქვეყნებს, 2019 წლის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 329,9 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 30,1%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის: რუმინეთი - 300,0 ათასი ტონა (27,4%), აზერბაიჯანი - 170,2 ათასი ტონა (15,5%), თურქმენეთი - 119,4 ათასი ტონა (10,9%); ბულგარეთი - 92,4 ათასი ტონა (8,4%), საბერძნეთი - 60,7 ათასი ტონა (5,5%), თურქეთი - 19,8 ათასი ტონა (1,8%) და სხვ.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის ვანო მთვრალაშვილის ინფორმაციით, დიზელის საწვავის იმპორტთან დაკავშირებით ისევ გაუგებრობაა.
,,წესით ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი უნდა გაზრდილიყო, ისევე როგორც სხვა სახის ნავთობპროდუქტების შემთხვევაში. ეს უნდა მომხდარიყო, ძირითადად, დიზელის საწვავის ხარჯზე, რადგან ყველა ის ეკონომიკური მაჩვენებელი, რომელიც განსაზვღრავს ქვეყანაში დიზელის საწვავის მოხმარებას, ძირითადად, გაუმჯობესებულია. კერძოდ, გაზრდილია საავტომობილო პარკი, სატრანზიტო გადაზიდვები (28,1%), ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ა.შ. მიუხედავად ამისა, ადგილობრი ბაზარზე პერიოდულობით ჩნდება აღურიცხავი პროდუქცია, რაც ამის საშუალებას არ იძლევა.
რაც შეეხება ბენზინის საწვავს, მთვრალაშვილის ინფორმაციით, მისი მოხმარება იზრდება იმის გათვალისწინებით, რომ იზრდება ჰიბრიდული ტიპის სატრანსპორტო პარკი.
,,ბენზინის საწვავის ფასი ისტორიულად რეკორდულ მაჩვენებლებს აფიქსირებს, მაგრამ მისი იმპორტი და მოხმარება შეესაბამება ქვეყანაში არსებულ იმ ეკონომიკურ და სოციალურ რეალობას, რომლებიც განსაზღვრავენ საწვავის მოხმარების დონეს“, - ამბობს ვანო მთვრალაშვილი.
მნიშვნელოვანია, რომ 2019 წელს საგზაო ბიტუმის, ზეთებისა და გათხევადებული აირების იმპორტი გაიზრდა. 2019 წლის განმავლობაში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 20,3 ათასი ტონა, რაც 2018 წლის მაჩვენებელს (19,3 ათასი ტონა) 1,0 ათასი ტონით, ანუ 5,2%-ით აჭარბებს. აღსანიშნავია, რომ ამ კატეგორიის საწვავის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ირანიდან - 4,94 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 24,03-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: თურქეთი - 3,85 ათასი ტონა (19,0%), რუსეთი - 3,13 ათასი ტონა (15,4%), გერმანია - 1,91 ათასი ტონა (9,4%), უკრაინა - 1,02 ათასი ტონა (5,0%) და სხვ.
როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აღნიშნავენ, 2018 წელს საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის მოცულობის მიხედვით სიდიდით პირველი ოთხი ქვეყანა იყო: ირანი - 4,0 ათასი ტონა, თურქეთი - 3,5 ათასი ტონა, რუსეთი - 3,4 ათასი ტონა, გერმანია - 1,8 ათასი ტონა.
,,კვლავინდებურად სამწუხარო ტენდენცია ფიქსირდება, როდესაც ზეთების ყველაზე დიდი მომწოდებელი კვლავინდებურად ირანის ისლამური რესპუბლიკაა, რომლის ხარისხი შორს არის თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებების ხარისხობრივი მოთხოვნებისგან, თუმცა იმდენად დაბალია მისი ფასი ხარისხიდან გამომდინარე, რომ მისი იმპორტი და მოხმარება 2019 წელს ყველაზე მეტად, 23,5%-ით გაიზარდა. ხოლო 2019 წელს საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 101,8 ათასი ტონა, რაც ფაქტობრივად გასული წლის მაჩვენებლის ანალოგიურია.
,,საავიაციო ნავთის იმპორტის კლება უკავშირდება საქართველო-რუსეთის ავიარეისების შეჩერებას. რომ არა რუსეთის მხრიდან ფრენების აკრძალვა, წლის დასაწყისიდან დაწყებული იმპორტის ზრდის პოზიტიური ტენდენცია კვლავ გაგრძელდებოდა“, - ამბობს მთვრალაშვილი.
მისივე ინფორმაციით, ქვეყნების მიხედვით, 2019 წლის ნოემბერში საავიაციო ნავთის იმპორტის 39,7% - 40,4 ათასი ტონა განხორციელდა თურქმენეთიდან, 28,3% - 28,8 ათასი ტონა - ეგვიპტიდან, 26,8% - 27,3 ათასი ტონა - თურქეთიდან და ა.შ.
2019 წლის განმავლობაში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 169,9 ათასი ტონა, რაც 65 ათასი ტონით ანუ 62 %-ით აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს (104,9 ათასი ტონა). აღნიშნული დაკავშირებულია საქართველოში გზების მშენებლობის მოცულობის მნიშვნელოვან ზრდასთან.
აქედან იმპორტის 85,8% (145,7 ათასი ტონა) მოდის ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე. შემდეგ მოდიან: ერაყი - 13,6 ათასი ტონა (8,0%), აზერბაიჯანი - 9,6 ათასი ტონა (5,6%).
2019 წელს საქართველოში გათხევადებული აირების იმპორტმა შეადგინა 26,9 ათასი ტონა, რაც 6,9 ათასი ტონით, ანუ 34,5%-ით მეტია 2018 წლის მაჩვენებელთან (20,0 ათასი ტონა) შედარებით. იმპორტის 89% განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.
,,საქართველოში თხევადი აირის გამოყენება სავტომობილო გამართვისათვის როგორც ბენზინის ალტერნატივა. დღეისათვის საქართველოში ფიქსირდება 7000-ზე მეტი სატრანსპორტო საშუალება, რომლებიც თხევადი აირის აქტიური მომხმარებლები არიან და მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება მათი რაოდენობა. ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად მატულობს გასამართი სადგურების რაოდენობაც, რომლებიც ემსახურებიან ავტომობილების გამართვას. დღეისათვის თხევადი აირის გასამართი სადგურების რაოდენობა 200 ერთეულს აღემატება. ჩვენი აზრით, აუცილებელია, რომ სახელმწიფოს შესაბამისმა სტრუქტურებმა აკონტროლონ აღნიშნული პროდუქტის იმპორტთან დაკავშირებული ვითარება, ვინაიდან არსებობს შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში მოხდეს ამ პროდუქტის იმ სხვადასხვა კოდით იმპორტი, რომელიც არააქციზურ პროდუქციას წარმოადგენს და ამით ზარალდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტი, ასევე ბაზარზე იქმნება არაკონკურენტული გარემო“, - აცხადებს ვანო მთვრალაშვილი.