
გრიპის ვირუსის დასამარცხებლად თითო ოჯახს, საშუალოდ, 200 ლარის გაღება უწევს. ამის მიზეზი გაძვირებული მედიკამენტებია, ვირუსი კი იმდენად გავრცელებულია, რომ თითო ოჯახში ორ ადამიანს მაინც სჭირდება მკურნალობა, რადგან ჩვეულებრივი გრიპი იქნება ეს თუ სხვა ნებისმიერი ვირუსი, ყველა მათგანი გადამდებია. გრიპის გავრცელებული "ა" და "ბ" ტიპის ვირუსები დეკმბრიდან დღემდე მოდებულია მთელი საქართველოს მასშტაბით და მედიკოსები ირწმუნებიან, რომ თებერვლის დასაწყისში ახალი ტალღადაიწყება.
მედიკამენტების ფასი მოსახლეობის ყოფით შესაძლებლობებს არ შეესაბამება და საზოგადოების დიდ ნაწილს უწევს სახლში ძველი მეთოდებით ჩაიტაროს მკურნალობის კურსი, რასაც ხშირ შემთხვევაში ვირუსის კიდევ უფრო გამწვავება მოსდევს თან. საქართველოში გავრცელებული ვირუსის გამო ხალხი შეშინებულია და უბრალო გაციებასაც კი მეტი პასუხისმგებლობით ეკიდება, რადგან იგი რთულ დაავადებაში არ გადაიზარდოს. შესაბამისად, ადამიანები მაქსიმალური ძალებითა და დანახარჯებით ცდილობენ ვირუსის თავიდან აცილებას.
"ბიზნეს-რეზონანსის" გამოკითხვით გაირკვა, რომ თითო ადამიანის მკურნალობა დაახლოებით 150 ლარამდე ჯდება, რადგან წამლები საკმაოდ გაძვირებულია. ესეც მაშინ, როდესაც უბრალო გრიპზეა საუბარი და არა - H1N1-ზე, რადგან "ღორის გრიპის" მკურნალობა გაცილებით ძვირია, როგორც მედიკამენტოზურად, ასევე ექიმების ჩარევითაც.
ლელა შამანაური აღნიშნავს, რომ წამლების ფასი არ არის ადეკავტური და ამაზე სახელმწიფო უნდა იზრუნოს.
"მედიკამენტების ფასი როგორც ყოველთვის არ იყო შესაბამისი. მე, როგორც რიგითი მოქალაქე და ჯანდაცვის სპეციალისტი, ვფიქრობ, რომ ეპიდემიის გამო გააძვირეს წამლები. არაჰუმანურია ეს ყველაფერი. ადამიანებს უნდა შეეძლოთ წამლის ყიდვა და არ უნდა გვიწევდეს უბრალო ყელის ტკივილის და სურდოს მიყრუება იმის, გამო, რომ საშუალება არ გვაქვს და წამლებს ვერ ვყიდულობთ. ყველა ხედავს, რომ ძალიან მოკლე დროში მედიკამენტები გაძვირდა, "ტამიფლუ" განსაკუთრებით. ჩემი აზრით, რაც უფრო მეტია მოთხოვნა წამალზე, ფასი უფრო დაბალი უნდა იყოს, მაგრამ აქ რატომღაც ყველაფერი პირიქით ხდება.
რაც შეეხება ექიმთან ვიზიტს, როდესაც ასეთი პანიკური ვითარებაა ქალაქში და ასე მძვინვარებს გრიპი, სხვანაირი მიდგომაა საჭირო. როდესაც მედიკამენტის გაცემა უფასოდ დაიწყო, ეს იყო კარგი ჟესტი სახელმწიფოსაგან, მაგრამ უკიდურეს სიტუაციამდე ნაბიჯი არ გადადგეს.
ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ თანხა პრევენციაში ჩავდოთ და ამაში სახელმწიფოც უნდა დაგევხმაროს, ძალიან კარგ რჩევებს გვაძლევდნენ, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო ეს ყველაფერი.
კლინიკებში არ იყო ვაქცინები. ვისაც წინასწარ აცრა უნდოდა ვერ იკეთებდა, ანუ სახელმწიფო არ არის მომზადებული, რომ ადამიანებს უმკურანლოს და პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავზე.
ვირუსებთან ბრძოლა ყოველთვის არის სტიქიური სწორედ იმის გამო, რომ წინასწარ თავს არასდროს ვიცავთ. აუცილებელია რეგულაცია, რომელიც მოაწესრიგებს ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ ქაოსს", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" ლელა შამანაურმა.
საქართველოში მძიმე სოციალური ფონის გამო ოჯახებს ძალიან უჭირთ, შესაბამისად, ვირუსის ხარჯები გაუთვალისწინებელი აღმოჩნდა ზოგიერთი მათგანისთვის და ამისთვის ფინანსურად მოუმზადებლები იყვნენ. ადამიანები თუ ადრე სახლის პირობებში ცდილობდნენ გრიპის ვირუსთან გამკლავებას, ამ ეტაპზე ეს ვერ მოხერხდა, რადგან "ღორის გრიპის" გამო ყველა პანიკაშია. ხალხი ბოლო თანხას დებდა მედიკამენტებსა და მკურნალობაში.
სამედიცინო დარგის ექსპერტი სერგო ჩიხლაძე ადასტურებს, რომ ბოლო პერიოდში მედიკამენტების ფასი რეალობასთან შეუსაბამოა.
„მიუხედავად გაზრდილი სახელმწიფო ბიუჯეტისა, ჯანდაცვაზე მოქალაქეთა ჯიბიდან გაწეული ხარჯები საქართველოში ყველაზე მაღალია რეგიონში და 3-4 ჯერ აღემატება საშუალო ევროპულ მაჩვენებელს. ამ დანახარჯების ლომის წილი, 60%-ზე მეტი კი ზუსტად მედიკამენტებზე მოდის.
შეზღუდულია კონკურენცია, გვაქვს ვერტიკალური მონოპოლია, როდესაც ერთი მესაკუთრის ხელშია ფარმაცევტული წარმოება, დისტრიბუცია, სააფთიაქო ქსელი, სადაზღვევო, კლინიკების ქსელი და საბოლოოდ, ვიღებთ ზემაღალ ფასს მედიკამენტებზე, დაბალ ხარისხს და მოსახლეობის მიერ ჯანდაცვაზე გაწეულ მაღალ დანახარჯს. ეს იმ პრობლემების ჩამონათვალია, რაც დასტურდება არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევებით.
ამ მდგომარეობამ და გასულმა ორმა წელმა გვაჩვენა, რომ სახელმწიფო არ იყო მზად ვირუსთან გასამკლავებლად, რომელიც პანდემიაში საბედნიეროდ არ გადაზრდილა და ეს არის ძალიან ცუდი. რა თქმა უნდა, არ აქვთ ოჯახებს იმის საშუალება, რომ ამ ყველაფერს გაუმკლავდნენ, არადა დანამდვილებით 100 ლარამდე ჯდება 1 ადამიანის მკურნალობა, რომ ვირუსი დაამარცხოს", - აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.