
აფეთქებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელსაც ჯერ სტატუსი შეეცვალა და შედეგ განადგურდა, ეკოლოგიური ზიანი და ოქროს მოპოვება ღია კარიერული წესით, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობას და გარემოს ერთნაირად აზარალებს - ეს არის ,,არემჯი გოლდის” საქმიანობის შედეგი ქვემო ქართლში. მიუხედავად იმისა, რომ ბოლნისის მოსახლეობა საკუთარ თავზე ყოველდღიურად გრძნობს მავნე ზეგავლენას, სახელმწიფო არაფერს აკეთებს.
დუმილი რომ ოქროა, როგორც ჩანს, ოქროს მომპოვებელმა კომპანიამაც კარგად იცის და ოქროს ფასს არა მხოლოდ სახელმწიფოს იმ გარემოს დაცვით ორგანიზაციებსაც უხდის, რომლებიც ჯერ ღია პროტესტით გამოირჩევიან, შემდეგ კი უცებ იცვლიან პოზიციებს. არაერთ ასეთ ფაქტზე ყვებიან ,,ბიზნეს-რეზონანსთან” როგორც ადგილობრივები, ასევე აქტივისტები, თუმცა ამაზე, ღიად საუბარი არავის უნდა.
გარდა იმისა, რომ "არემჯისთან" არაერთ გარემოს დაცვით ორგანიზაციას და აქტივისტს აქვს კითხვები და პრეტენზიები, ყველაზე დიდი სკანდალი მაინც საყდრისში ყაჩაღიანის უბნისათვის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მოხსნა, იქ ოქროს მოპოვებითი სამუშაოების დაწყება იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფაქტს უდიდესი რეზონანსი მოჰყვა, დღესაც არ შეცვლილა პრობლემა ქვემო ქართლის მაცხოვრებლებისათვის და არც ,,არემჯის” შეუცვლია მოპოვების წესი, რომელიც ეკოლოგების თქმით, კატასტროფულ შედეგი მოაქვს გარემოსა და ადამიანზე.
ის, რომ ოქროს მოპევებითი სამუშაოები უნდა მიმდინარეობდეს არ წარმოადგენს დავის საგანს, თუმცა მეთოდები რომლითაც ამას ,,არემჯი” ახორციელებს, ეკოლოგების თქმით, ზუსტად ისეთია, როგორითაც კოლონიზატორები მე-19 საუკუნეში, აფრიკაში მოიპოვებდნენ წიაღისეულს. ეკოლოგი, ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ჩხარტიშვილი ,,ბიზნეს-რეზონანსთან” საყდრისის აფეთქების დეტალებზე და იმ ზიანზე საუბრობს, რაც არა მხოლოდ ქვემო ქართლის რეგიონზე, არამედ მთელ ქვეყანაზე ვრცელდება.
"ორი დღის წინ მე, ლეიბორისტული პარტიის სახელით მოვუწოდე, მსოფლიოს გარემოს დაცვით ორგანიზაციებს, მათ შორის ავსტრალიის ხელისუფლებას, არ მიიღოს დახმარება მასშტაბური ხანძრების რეაბილიტაციაში ივანიშვილების ოჯახისაგან. რადგან ისინი არიან საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ეკოდამნაშავეები. არ შეიძლება ისინი ითვლებოდნენ გარემოს დამცველებად. ეს იგივეა, რომ მაგალითად ჩიკატილოს შეეწირა თანხა "იუნისეფის" ბავშვთა პროგრამისათვის ან ესკობარს ნარკომანთა რეაბილიტაციის პროგრამისათვის.
მე, როგორც ეკოლოგი, არასამთავრობო სექტორიდანაც აქტიურად ვიბრძოდი საყდრისის დასაცავად, თუმცა მაშინ მაინც აფეთქდა ეს ძეგლი. ამაზე პასუხი არც სახელმწიფო მოხელეებს და არც კომპანიას არ უგია. პროკურატურაში დღემდე თაროზეა შემოდებული ეს საქმე. უტიფრობაც აღარ ჰქვია იმას, რაც შემდეგ მოხდა. ფრანქპურტის წიგნის ბაზრობაზე, საყდრისში მოპოვებული არტეფაქტები წარადგინა მაშინ მთავრობის კაბინეტმა, ამისიც კი არ შერცხვათ.
"არემჯის" მიერ უკვე ათწლეულებია მიმდინარეობს ეკო დანაშაული. ნადგურდება ტყის მასივები. გარდა ამისა, როგორც მოპოვებისა და გადამუშავების, ასევე ნარჩენი მასალების შენახვის პროცესში გარემოს ადგება უდიდესი ზიანი, რაც დაკავშირებულია როგორც ღია კარიერული წესით მოპოვება-გამდიდრებასთან, ასევე ნარჩენი მასალების არასათანადო შენახვასთან.
მკითხველისათვის უფრო გასაგები რომ იყოს, ღია კარერული წესით მოპოვებაში იგულისხმება ის ჩამორჩენილი ტექნოლოგია, რომლითაც ჰაერში, ნიადაგსა და წყალში გაიბნევა უმძიმესი ლითონებიდან დაწყებული კალიუმის და ნატრიუმის ციანიდის ჩათვლით არაერთი მომწამვლელი ნივთიერება. "არემჯი” წამლავს მთელ ქვემო ქართლს და სხვათა შორის, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს მხოლოდ, ამ რეგიონის პრობლემაა, ძალიან ცდება, რადგან იქ მოყვანილი პროდუქცია იყიდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში და მათ შორის, თბილისშიც”, - აღნიშნა ჩხარტიშვილმა.
"ბიზნეს-რეზონანსი” უშედეგოდ ცდილობდა კომპანიასთან დაკავშირებას. საზოგადეობასთან ურთიერთობის სამსახურის წარმოამადგენელმა შვებულება მოიმიზეზა და გვითხრა, რომ კვირის ბოლოს დავკავშირებოდით.
ჟურნალისტი, ნინო მიქიაშვილი წლებია აშუქებს და იკვლევს "არემჯის" საქმიანობას. მისი თქმით, ახლა ჯერი ისტორიულ სოფელ გომარეთზეა, რომელსაც იგივე ბედი ელის, რაც იმ უბნებს, სადაც კომპანიამ ოქროს მოპოვებითი სამუშაოები დაიწყო.
"ვიცი ის, რომ ამ დანაშაულებრივი კომპანიის წარმომადგენლები მიწებს ფარავნის ტბის მახლობლად სთავაზობენ მოსახლეობას, რათა დათმონ გომარეთში მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები. ვიცი ის, რომ ამ დანაშაულებრივი კომპანიის წინააღმდეგ მთელი სოფელი იყო ერთსულოვანი. გარკვეული დოკუმენტაცია გამოითხოვეს კიდეც და დაიწყეს მზადება სამართლებრივი ბრძოლისათვის. სადაც კი დაიწყო მოპოვებითი სამუშაოები, გაიზარდა სიმსივნური დაავადებები, ხალხს ფუტკარი ეხოცება და ძალიან მძიმე მდგომარეობაა.
გომარეთი გამორჩეულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით. ასეთი სიმრავლე თითქმის არსად გვხვდება. ამ სოფელს მთლიანად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი უნდა ჰქონდეს. ეს არქეოლოგიური კუთხით შეუსწავლელი სოფელი დღეს საფრთხის წინაშეა. ჩვენი წინაპრები, სწორედ იმ ტერიტორიებზე აგებდნენ ტაძრებს, სადაც ოქრო იყო, იმიტომ, რომ დაცული ყოფილიყო იქაურობა, რადგან ტაძარს ვერავინ შეეხებოდა. ეს დაბრკოლება არ აღმოჩნდა "არემჯისათვის”, რომელმაც ბნელხევში მიწაში დამარხა ერთი ტაძარი მთლიანად და დიდი ბრძოლის შედეგად ამოვაღებინეთ და ახლა, მესერი აქვს შემოვლებული.
ქციის მონასტერში მოძღვარსაც მიაკითხეს და უთხრეს თქვენგან 500 მეტრში სამუშაოები დაიწყება, მაგრამ თქვენ, არაფერი შეგეხებათო. არადა, მოძღვარი ჰყვება როგორ გრძნობენ ბიძგებს ტაძარში.
"არემჯის" არაფერი შეუცვლია გარდა საიმიჯო კლიპებისა და იმისა, რომ უამრავ ფულს ხარჯავენ ტელევიზიებში და ვითომ კულტურული მემკვიდრეობის პროექტებში. ცნობილ ადამიანებს იყენებენ გვერდით და ფარად, ეკლესიის ზოგიერთ წარმომადგენლებსაც, რეალურად კი ანგრევენ კულტურულ მემკვიდრეობას და ადამიანების ჯანმრთელობასაც", - აღნიშნა ჟურნალისტმა "ბინზეს-რეზონანსთან”.
ის, რომ ოქროს მოპოვებითი სამუშაოების დაწყება მათ სოფელშიც იგეგმება, იციან გომარლებმაც. ერთ-ერთი მკვიდრი ვასილ ლაგურაშვილი ჰყვება, რომ ფარავნის ტბის ახლოს მიწა მათ იმის შედეგ გადასცეს, რაც სოფლის მიმდებარედ არსებული ნაკვეთები უცებ წითელ ზოლში მოექცა და გადაეცა "არემჯი გოლდს".
"ეგ მიწები უნდა აგვეღო, რომლებიც "არემჯიმ" მიიღო. ჩვენ კოოპერატივიც გავაკეთეთ, რაც, როგორც ჩანს, მივიდა ვიღაცის ყურამდე, რომ ჩვენ მივიღებდით 400 ჰექტარ მიწას სოფლის შემოგარენში. ჰოდა, უცებ წითელ ზოლში მოაქციეს და გადასცეს "არემჯი გოლდს". არადა, როცა ჩვენ ნახაზები გავაკეთეთ, ეს იყო თავისუფალი ტერიტორია, სახელმწიფოს ბალანსზე არსებული მიწა. ამის შედეგ კი ჩვენს კოოპერატივს ძალიან დიდი მანძილის დაშორებით ფარავნის ტბის მიმდებარედ მისცეს მიწა. ეს იყო წინა წლის ზაფხულში. ჩვენ საერთოდ არ გვინდოდა ეს მიწა, მაგრამ კანონი კანონია და მიწას თუ არ მიიღებთ, კოოპერატივი დაგეშლებათო”, - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ვასილ ლაგურაშვილმა.