
„ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, გამოძიება უნდა დაიწყოს სწორედ იმაზე, თუ ვინ არის ეს ხალხი, ვინ მფარველობს ამ ხალხს. ასე ხომ არ ხდება, ჰაერიდან ხომ არ მოდის? გარკვეული ხელის შეწყობა თუ არის, ვისგან არის ეს ხელის შეწყობა?" - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებას იმის შესახებ, რომ „ციხეში ე.წ. მაყურებლები თავისუფლად გადაადგილდებიან, შედიან საკნებში, აგროვებენ ე.წ. საერთოს, უგვარებენ პრობლემებს ადმინისტრაციას."
სახალხო დამცველის თქმით, ამ პრობლემებს იუსტიციის სამინისტრო ვერ უარყოფს, რადგან არსებობს ოფიციალური კორესპონდენცია, რაც ამ ყველაფერს ადასტურებს. ნინო ლომჯარია ელოდება, რომ იუსტიციის მინისტრი ამის მოგვარების გზებზე ისაუბრებს. ამის შესახებ მან პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც ადამიანის უფლებათა კომიტეტზე პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე სპეციალური ანგარიში წარადგინა.
ლომჯარიას ამ განცხადებას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უპასუხა; პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მან სახალხო დამცველს ასე მიმართა: „სახალხო დამცველთან კითხვა მაქვს, თუ რატომ არ მოითხოვა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სუბკულტურის შესახებ საუბარი, ვიდრე მე მინისტრის თანამდებობაზე ვიქნებოდი," - თქვა მან.
როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, შთაბეჭდილება რჩება, რომ სახალხო დამცველის კითხვები პენიტენციური სამსახურის შესახებ საზოგადოებაში აზრის ჩამოყალიბებას ემსახურება, „თითქოს რაღაც ვერ კეთდება ისე როგორც უნდა გაკეთდეს".
ნუკრი ქანთართია მიიჩნევს, რომ შესაბამისი უწყება არსებული განცხადებით უნდა დაინტერესდეს და გამოძიება დაიწყოს, თუმცა, ასევე ამბობს, რომ სახალხო დამცველის მხრიდან საჭიროა კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენა.
„თუკი ლომჯარია ამ ინფორმაციას ფლობს, უფრო მეტად უნდა დააკონკრეტოს - ვინ და როგორ, იმისათვის რომ, ამაზე გამოძიება დაიწყოს. ეს ზოგადია და ზოგადად საუბარი ყველაფერზე შეიძლება. თუ მსგავს რამეს ადგილი აქვს, აუცილებლად უნდა მოხდეს მყისიერი რეაგირება და იმისათვის, რომ მოხდეს რეაგირება, აუცილებელია მას ჰქონდეს კონკრეტული ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ იუსტიციის მინისტრი ამაზე მოახდეს რეაგირებას.
„თუ კონკრეტულად არ იტყვის (ნინო ლომჯარია), ეს დარჩება ჰაერში ჩამოკიდებული და ნებისმიერს შეუძლია ასე ილაპარაკოს. სახალხო დამცველი უნდა იყოს გაცილებით უფრო პირდაპირი და კონკრეტული. ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, გამოიება უნდა დაიწყოს სწორედ იმაზე, თუ ვინ არის ეს ხალხი, ვინ მფარველობს ამ ხალხს. ასე ხომ არ ხდება, ჰაერიდან ხომ არ მოდის? გარკვეული ხელის შეწყობა თუ არის, ვისგან არის ეს ხელის შეწყობა?
„ამიტომ, ზოგადი საუბრის ნაცვლად უნდა იყოს მაქსიმალური კონკრეტიკა და ამ კონკრეტიკას ველოდები. ასეთ შემთხვევაში და მგონი ნებისმიერ შემთხვევაშიც, იუსტიციის მინისტრი ამაზე რეაგირებას მოახდენს. არ ვიცი რას იტყვის, მაგრამ რეაგირებას მოახდენს," - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.