„როგორც ჩანს, მეორე მხარემ უფრო უკეთ იმუშავა და დაარწმუნა ისინი, რომ სიტუაცია მართლაც ისეთია, როგორსაც ისინი (ოპოზიცია) თვლიან," - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროპარლამენტარების მიერ „ქართული ოცნებისადმი" მწვავე კრიტიკულ განცხადებებს.
„ჩემთვის ცუდი მოსასმენია, როცა მმართველი პარტიის წარმომადგენელი საუბრობს, ან ჩივის ცუდი ოპოზიციის შესახებ,ეს არ არის დემოკრატიის წესები"...
„გულახდილად თქვით, არ იყო ისე, რომ ბატონი ივანიშვილი ამბობდა, მოდით შეცვალეთ, მაგრამ სინამდვილეში, კულისებს მიღმა აწყობდა მისი (საარჩევნო რეფორმის) ჩავარდნის სცენარს? თუ თქვენ რეალურად ევროპელები ხართ, აღიარეთ ეს" - ასე შეფასებებისა და კითხვების მოსმენა მოუწიათ ევროპარლამენტარებისაგან ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე მყოფ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილსა და პარლამენტის ვიცე-სპიკერ კახა კუჭავას.
ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ეს შეფასებები გარკვეული თვალსაზრისით „ერთი მეგობრის მიერ მეორეს მისამართით" გაკეთებული ერთგვარი შენიშვნაა, რომელიც უნდა გაითვალისწინოს.
„მათ შეფასებები გააკეთეს იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც მათ ჰქონდათ და როგორც ჩანს, მეორე მხარემ უფრო უკეთ იმუშავა და დაარწმუნა ისინი, რომ სიტუაცია მართლაც ისეთია, როგორსაც ისინი (ოპოზიცია) თვლიან და რაშიდაც მათ სურდათ დაერწმუნებინათ ევროპარლამენტარები.
„მაგრამ ეს განცხადებები ალბათ არ იყო მთელი კომიტეტის მოსაზრებები, ეს ცალკეულ პარლამენტართა მოსაზრებებია, მთავარია თავად კომიტეტი რა შეფასებას და რა დასკვნას გამოიტანს.
„ცალკეული დეპუტატების მხრიდან ეს შეფასებები, რომელიც არაკეთილგანწყობლია „ქართული ოცნების" მიმართ და უფრო ახლოსაა ოპოზიციურ პარტიებთან, პირადად ჩემთვის სიახლეს და სიურპრიზს არ წარმოადგენს. რა თქმა უნდა, უსიამოვნოა ამის მოსმენა, კარგი არაა და კარგი იქნებოდა ასეთი შეფასებები არ ყოფილიყო, მაგრამ არ მგონია, რომ ასეთმა ცალკეული დეპუტატებმა გადამწყვეტი ზეგავლენა მოახდინოს საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობებზე,
„ვფიქრობ, რომ ეს ერთგვარი მეგობრის მიერ გაკეთებული კრიტიკული შნიშვნაა, რომელიც მეორე მეგობარმა უნდა გაითვალისწინოს", - განაცხადა ანჯაფარიძემ.