
იმისათვის, რომ აფხაზეთში, კანდიდატმა „საპრეზიდენტო არჩევნებში“ მონაწილეობა მიიღოს და კენჭი იყაროს, საჭიროა აფხაზური ენის ტესტის ჩაბარება. სოხუმში გადაწყვიტეს, რომ ეს ტესტი კიდევ უფრო გაამკაცრონ და შესაძლოა „პრეზიდენტობის“ მსურველები „კანონით დაავალდებულონ, რომ სატელევიზიო გამოსვლებისას მხოლოდ აფხაზურად ისაუბრონ.
ეს ყველაფერი კი „საპრეზიდენტო არჩევნებამდე“ 2 თვით ადრე ხდება.
ცნობისათვის, დღეს მოქმედი „კანონმდებლობით“ „პრეზიდენტობის“ კანდიდატებს მოეთხოვებათ სპეციალური კომისიის შესახებ საკუთარი ბიოგრაფიის აფხაზურად მოყოლა, აფხაზურად შედგენილი რაიმე პოლიტიკური ტექსტის წაკითხვა და მისი შინაარსის საკუთარი სიტყვებით (ასევე აფხაზურად) გადმოცემა და თხზულების დაწერა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა, თუკი ერთგვარი კანონი „დეპუტატებზეც“ გავრცელდება, სერიოზული პრობლემა „პარლამენტარებს“ შეექმნებათ.
„აფხაზური ენის ცოდნა ყოველთვის იყო მკაცრი მოთხოვნა. ეს აუცილებელი პირობა იყო, არ არის ახალი პირობა. თავის დროზე ამის გამო ანქვაბი დაზარალდა, რადგან კარგად არ იცოდა აფხაზური ენა.
„ეს პირველად არ ხდება და უფრო მეტად მკაცრდება ენის ცოდნის დონე. თუ მანამდე მხოლოდ ლაპარაკი უწევდათ და გრამატიკულად არ იყო რთული, ამ ბოლო დროს უფრო და უფრო ართულებენ აფხაზური ენის ცოდნის დონის მოთხოვნას.
„ამ წუთში ეს პრობლემა დიდად მნიშვნელოვანი არაა, როგორც ის, რომ შესაძლოა პარლამენტშიც კი სამუშაო ენა აფხაზური იყოს. მაშინ პრობლემები ნამდვილად შეექმნებათ, რადგან „დეპუტატების“ აბსოლუტურმა უმრავლესობამ კარგად არ იცის აფხაზური. რომ გამოვიდნენ და პოლიტიკური ტექსტები წერონ, ასეთი აფხაზური მარტო 5-6-მა კაცმა იცის აფხაზეთში. ვინც კი შეიტანს განაცხადს „პრეზიდენტობაზე“, ყველამ კარგად იცის, რომ მას აფხაზურ ენაში გამოცდის ჩაბარება მოუწევს, რაც იქნება საჯარო,“ - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატების წარდგენა 22 იანვარს დაიწყება და 11 თებერვალს დასრულდება. ვადამდელი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები სოხუმში 2020 წლის 22 მარტს დაინიშნა.
ვითარება სოხუმში მას შემდეგ დაიძაბა, რაც 2019 წლის „არჩევნების“ შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიცია 10 იანვარს „პრეზიდენტის ადმინისტრაციაში“ შეიჭრა. მოგვიანებით ე.წ. უზენაესმა სასამართლომ „საპრეზიდენტო არჩევნების“ შედეგები გააუქმა. ხაჯიმბამ 12 იანვარს გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება.