ია აბულაშვილი
21.01.2020

„ზუსტი თარიღი, თუ როდის აღდგება ფრენები, არ არის ცნობილი და არც ოფიციალური წყაროებიდან მიგვიღია ინფორმაცია. მარტში მორიგ შეხვედრაზე პრაღაში, ალბათ, იქნება ამაზე საუბარი და შეიძლება, დამატებითი ინფორმაცია გამოჩნდეს“, - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი  რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების შესაძლო აღდგენასთან დაკავშირებით.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება საქართველოსთან ფრენების შეწყვეტასთან დაკავშირებით, რომელიც „გავრილოვის ღამის“ მოვლენებს უკავშირდება, ძალაში 2019 წლის 8 ივლისს შევიდა, თუმცა აღდგენასთან დაკავშირებით განცხადებები რუსეთეთის დუმის დეპუტატების მხრიდან რამდენჯერმე გაჟღერდა. ეს საკითხი აბაშიძე-კარასინის ფორმატშიც დაისვა.

„მე არსად არ მითქვამს ზუსტი თარიღი, თუ როდის აღდგება ავიამიმოსვლა და არც ოფიციალური წყარობიდან მიგვიღია ინფორმაცია. წინა შეხვედრაზე პრაღაში ამ თემაზე გვქონდა საუბარი. პასუხი იყო - „ვფიქრობთ, ვმსჯელობთ, მაგრამ კონკრეტულ თარიღს ვერ დავასახელებთ“. 

„მარტში მორიგ შეხვედრაზე პრაღაში სხვა საკითხებთან ერთად ალბათ ამ საკითხზეც ვისაუბრებთ და შეიძლება, დამატებითი ინფორმაცია გამოჩნდეს. რუსეთის მხრიდან თუ იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, ტექნიკურად ამ საკითხის მოგვარება რთული არ არის. 

„რაც შეეხება რუსეთის მხრიდან წინაპირობას ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, არანაირი წინაპირობის წამოყენება არც ერთ შეხვედრაზე არ ყოფილა. განცხადებები კი გაკეთდა უსაფთხოებასთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთის მოქალაქეებსა და ტურისტებს ეხებოდათ“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ზურაბ აბაშიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×