რა ბედი ეწია „საქართველოს სანქციების აქტებს“
რეზონანსი
22.01.2020

ბოლო დღეებია ოპოზიციის მიერ ხელისუფლების დისკრედიტაციის მთავარ იარაღად იქცა ამერიკელი კონგრესმენის წერილი პრემიერ გახარიასადმი, სადაც ის, არც მეტი არც ნაკლები, სანქციებით იმუქრება და მთავრობას ადანაშაულებს დემოკრატიული ღირებულებების, თავისუფალი ბაზრის პრინციპებისა და ამერიკული ბიზნეს ინტერესების უარყოფაში. იქვე მარკუეინ მალინი, რომელიც ოკლაჰომას შტატის რესპუბლიკელი კონგრესმენია, ახსენებს მის საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც სწორედ სანქციებს გულისხმობს.

რაც შეეხება ამ ინიციატივას, საუბარია „სამართლიანი ბიზნესის პრაქტიკის საქართველოს სანქციების აქტზე 2019" (Georgian Fair Business Practices Sanctions Act of 2019), რომელიც მალინმა კონგრესში 2019 წლის 28 თებერვალს შეიტანა ერთ თანა-სპონსორთან, ტეხასელ რესპუბლიკელ, ბილ ფლორესთან ერთად. თუმცა მას შემდეგ ამ პროექტზე რაიმე მოქმედება კონგრესში არ განხორციელებული და, თუ წინამორბედ აქტს გავითვალისწინებთ, შეიძლება არ განხორციელდეს. ერთ გამონაკლისის გარდა, 2020 წლის 15 იანვარს პროექტს თანასპონსორის სახით კიდევ ერთ ტეხასელი რესპუბლიკელი კონგრესმენი, უილ ჰარდი დაემატა.

აღსანიშნავია, რომ ზუსტად ამავე სახელწოდების ინიციატივა კონგრესში 2017 წელს ასევე ოკლაჰომას წარმომადგენელმა, რესპუბლიკელმა სტივ რასელმა შეიტანა - „სამართლიანი ბიზნესის პრაქტიკის საქართველოს სანქციების აქტი 2017" (Georgian Fair Business Practices Sanctions Act of 2019). თუმცა მაშინ რასელს ექვსი თანა-სპონსორი ჰყავდა. მომდევნო არჩევნებში რასელი გადაირჩიეს, მის ინიციატივას კი არავითარი გაგრძელება არ ჰქონდა და დღესაც თაროზეა შემოდებული. თავად რასელი კი 2019 წელს დემოკრატ კონკურენტთან არჩევნებში დამარცხდა და კონგრესის გარეთ დარჩა.

სხვათაშორის, ერთ-ერთი კონგრესმენი, რომელმაც 2017 წელს სტივ რასელის მიერ შეტანილ კანონპროექტს მხარი დაუჭირა, სწორედ მარკუეინ მალინი იყო.

ღია წერილში იკვეთება ამ წერილის მთავარი მოტივი, რომელიც ამერიკულ ნავთობკომპანია „ფრონტერას" უკავშირდება, რომელთანაც საქართველოს მთავრობას დავა აქვს. 2018 წელს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ და სააგენტომ „ფრონტერას"საქართველოს წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების დარღვევის გამო არბიტრაჟში უჩივლეს. საქმე კომპანიის მიერ ქართულ მხარესთან დადებული ხელშეკრულების იმ ნაწილის დარღვევას უკავშირდება, რომელიც შემოსავლის გაყოფის საკითხებს ეხება. კიდევ ერთი მუხლი აღნიშნულ დავაში, ბუნებრივი წიაღისეულით სარგებლობის მოსაკრებელში არსებული დავალიანებაა, რომლის გადახდასაც კომპანია, ქართული მხარის მტკიცებით, თავს არიდებს.

იმავე წელს „ფრონტერამ" საპასუხო საარბიტრაჟო დავა წამოიწყო და ქართული მხარისგან 2012-2027 წლების მიუღებელი მოგების ანაზღაურება მოითხოვა 3.5 მილიარდი დოლარის ოდენობით. 2019 წლის იანვარში „ფრონტერა" ლონდონის საფონდო ბირჟის ალტერნატიული საინვესტიციო ბაზრიდან მოიხსნა. კომპანიის წლიურ ფინანსურ ანგარიშგებებში სოლიდური ზარალი იყო მითითებული. კომპანიის მთლიანი შემოსავალი 2018 წლის 6 თვეში 1,8 მილიონ დოლარს, ხოლო სრული ზარალი კი 7 მილიონ დოლარს შეადგენდა.

საბოლოო ჯამში, ცხადია, რომ მალენის კანონპროექტი არის ცალკეული კონგრესმენის ინიციატივა, რომელსაც ფართო მხარდაჭერა არ გააჩნია კონგრესის არ დემოკრატებსა და არც რესპუბლიკელებში. შესაბამისად ოპოზიციის მიერ ამ წერილის ლამის მთელი ქვეყნის ოფიციალურ პოზიციად წარმოჩენა წმინდა წყლის სპეკულაციაა და პოლიტიკური პიარი. სრული სამართლიანობისთვის აქვე დავამატებთ, რომ მსგავსი სპეკულაციები არც „ქართული ოცნებისთვის" არის უცხო, მაგალითად ისიც კმარა, როცა მმართველმა პარტიამ ანბანის რიგით წმინდა ფორმალური ევროსაბჭოს პრეზიდენტობა ეპოქალურ მოვლენად რომ წარმოგვიდგინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×