თამარ შუკვანი
22.01.2020

„შესაძლოა ქართული საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ მიუხედავად მიმდინარე პროცესებისა, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში არაფერი შეიცვლება. ვფიქრობ, ასე არაა," - ამბობს „რეზონანსთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონფლიქტოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი, გუგული მაღრაძე.

„რეზონანსი": თქვენი აზრით, უახლოეს პერიოდში მოსალოდნელია თუ არა აფხაზურმა მხარემ ქართულ მხარესთან არსებულ კონფლიქტურ ურთიერთობას გადახედოს?

გუგული მაღრაძე: კონფლიქტის თეორიიდან და პრაქტიკიდან ცნობილია, დგება მომენტი, როცა კონფლიქტის მხარეები აღმოაჩენენ, რომ დაპირისპირება არცერთ მხარეს არ აძლევს იმ სარგებელს, რისთვისაც ოდესღაც დაიწყო კონფლიქტი. აფხაზეთში მიმდინარე პროცესები გარკვეულწილად მიუთითებს იმაზე, რომ ასეთი დრო შეიძლება დგება კიდეც, როცა აფხაზები გადახედავენ კონფლიქტის ისტორიას და იფიქრებენ საქართველოსთან ურთიერთობების მოგვარებისადმი სხვაგვარ მიდგომებზე. ნიშანდობრივია ერთ-ერთი გავლენიანი აფხაზი პოლიტიკოსის, (სერგეი) შამბას ახლახლან გაკეთებული განცხადება, „ჩვენ ანუ აფხაზებმა უნდა გადავხედოთ ქართველებთან ჩვენი ურთიერთობების საკითხს," ასევე საყურადღებოა აფხაზეთში ოპოზიციის ლიდერის და პრეზიდენტობის კანდიდატის ასლან ბჟანიას განცხადება სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგის შესახებ.

„რ": ეს განცხადებები მათი მხრიდან კონფლიქტის მოგვარების სურვილს წარმოადგენს? შიძლება თუ არა მათი მხრიდან რაიმე დათმობებზე იყოს საუბარი?

გ.მ: მიუხედავად იმისა, რომ ეს შესაძლოა არსებული ვითარებიდან გამომდინარე კონიუქტურული განაცხადებები იყოს, ჩვენ ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ მათ და შესაბამისი მიდგომები შევიმუშავოთ. შექმნილი რეალობა, ჩემი აზრით, ხელსაყრელია ჩვენთვის იმ მიმართებით, რომ ჩვენ სავარაუდოდ უფრო უნდა გავააქტიუროთ კონფლიქტისადმი ტრანსფორმაციული მიდგომები, ვიდრე წინა პლანზე წამოვწიოთ კონფლიქტის საბოლოო მოგვარება. ეს კი გულისხმობს რომ კონფლიქტის ფორმისა და შინაარსის მიმართ დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს. ტრანსფორმაციული მიდგომა გრძელდება კონფლიქტის მოგვარების შემდგომაც. იგი კონფლიქტის მიღმა იყურება. ვთქვათ, მხარეებმა გარკვეულ საკითხებში გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს, რა იქნება შემდეგ? როგორ მოახერხებენ თანაცხოვრებას? ექნებათ კი ერთმანეთის ნდობა?

კონფლიქტის მოგვარებისა და ტრანსფორმაციის შესახებ მომუშავე მკვლევართა და პრაქტიკოსთა ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ კონფლიქტის ტრანსფორმაცია მოგვარების მრავალსაფეხურიანი პროცესის ერთ-ერთი ეტაპია, მეორე ნაწილი კი კონფლიქტის ტრანსფორმაციას თვითმყოფად მიდგომად მიიჩნევს და ამტკიცებს, რომ ზოგიერთი კონფლიქტის შემთხვევაში მოგვარება მანამ არ დადგება დღის წესრიგში, სანამ კონფლიქტით გაყოფილი საზოგადოებები მის ტრანსფორმაციას არ მიაღწევენ, როგორც ცნობილი ამერიკელი მკვლევარი ჟან პოლ ლედერახი აღნიშნავს.

„რ": საინტერესოა, რას გულისხმობს კონფლიქტის მოგვარება და რას - ტრანსფორმაცია ქართულ რეალობაში, ქმნის თუ არა კონფლიქტის ტრანსფორმაციაზე მუშაობა გაცილებით იმედიან სამომავლო პერსპექტივებს?

გ.მ: განსხვავებით კონფლიქტის მოგვარებისგან, ტრანსფორმაცია გაცილებით მოქნილი მიდგომაა. მაგალითად, საქართველოსეთნო-პოლიტიკური კონფლიქტების შემთხვევაში, ტრანსფორმაცია სულაც არ გულისხმობს ნულოვანი ჯამის თამაშს. კერძოდ, სრულიად შესაძლებელია, დღევანდელი, ერთი შეხედვით, გამოუვალი მდგომარეობის ფონზეც კი - ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს - კონფლიქტის ტრანსფორმაციის საერთო ან გარკვეულ ასპექტებში გაზიარებული ხედვა ჰქონდეთ.

ჯერჯერობით ჩვენს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტებისათვის დამახასიათებელია, რომ მხარეები უპირატესად ამოდიან ე.წ. მეტოქეობის სტრატეგიიდან. ეს გულისხმობს კონფლიქტის გადაჭრის ნებისმიერ ძალისხმევას ერთი მხარის მიერ წამოყენებული პირობებით, მეორე მხარის ინტერესების გაუთვალისწინებლად. როდესაც მხარე იყენებს ამ სტრატეგიას, ის საკუთარი მისწრაფებების ერთგულია და ცდილობს გავლენა მოახდინოს მეორე მხარეზე ან აიძულოს, დათმობებზე წავიდეს. ამ სტრატეგიის განხორციელებისათვის უამრავი ტაქტიკაა ხელმისაწვდომი: მუქარა, მოთაფლვა, დაშინება სასჯელით და მინიშნებით, რომ დასჯა შეწყდება, თუ მეორე მხარე დათმობაზე წავა და სხვა.

ამის საპირისპიროდ პრობლემის გადაჭრის დროს ცდილობენ, მოახდინონ საკითხების იდენტიფიცირება, რათა გამოვლინონ ისეთი საკითხები (შედარებით მნიშვნელოვანი ან არც ისე მნიშვნელოვანი), რომელთა შესახებ შესაძლოა შეთანხმების მიღწევა. ასეთი მცირეოდენი მიღწევებიც კი ძალიან სასარგებლოა, რამდენადაც ქმნის გარკვეულ დადებით ინერციას სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტის მიმართულებით.

„რ": კონკრეტულად პრობლემის გადაჭრის მეთოდი რას გულისხმობს, ან როგორ მიიღწევა?

გ.მ: პრობლემის გადაჭრის მეთოდი გულისხმობს გარკვეულ ასპექტებში მუშაობას იმ პრობლემების იდენტიფიცირებისათვის, რაც მხარეებისთვის მნიშვნელოვანია და ძიებას იმ ალტერნატივებისა, რომლებითაც შესაძლებელი იქნება ამ პრობლემების ორმხრივად მისაღები გზებით გადაჭრა. ეს ხელს უწყობს ისეთი კომპრომისების და ინტეგრალური შესაძლებლობების აღმოჩენას, რომლებიც ორივე მხარის ინტერესებს პასუხობს. შესაძლოა ზოგჯერ ასეთი გადაწყვეტა იყოს სრულყოფილი მხარეებისთვის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მხარეების ყველა სურვილის დაკმაყოფილება იქნება შესაძლებელი. ეს გადაწყვეტილებები მხოლოდ ნაწილობრივ შეიძლება ესადაგებოდეს მხარეების ინტერესს, მხარეები არიან გარკვეულწილად კმაყოფილი, მაგრამ არა ისე, რომ ბედნიერად იგრძნონ თავი, როგორც ეს იქნებოდ სრულად რომ დაკამაყოფილებულიყო მათი ინტერესები.

პრობლემის გადაჭრის სტრატეგიის გამოყენების დროს უამრავი ტაქტიკის გამოყენებაა შესაძლებელი. ეს შეიძლება იყოს ისეთი რისკიანი მოქმედებებიც, როგორიცაა გარკვეულ საკითხებში დათმობის შეთავაზება საპასუხო დათმობის იმედით. კონპრომისული წინადადებების წამოყენება, თავისი საკუთარი ინტერესების გამჟღავნებაც კი. ის აგრეთვე გულისხმობს ფრთხილ მოქმედებებსაც, როგორიცაა შესაძლო კომპრომისების გადაკვრით ხსენება, საკითხების განსახილველად არაპასუხისმგებელი პირების გაგზავნა, ფარული არხებით ურთიერთობა შუამავლების მეშვეობითაც და სხვა.

დათმობას, რომელიც გულისხმობს პირველი მხარის ასპირაციების შემცირებას, არ სჭირდება ტოტალური კაპიტულაცია. ის შეიძლება მოიცავდეს ნაწილობრივ თანხმობას რომელიმე საკითხის შესახებ.

ასეთი სტრატეგიის გამოყენებისათვის მეტი ინფორმაცია უნდა გვქონდეს. მაგალითად, რა ინტერესები აქვთ აფხაზებს, რა მოლოდინები, როგორია მათი ასპირაციები, რატომ აქვს ამ პროცესებს ადგილი დღეს და არა გუშინ და ა.შ. ასეთი ცოდნა უფრო მიგვიყვანს კონფლიქტის ტრანსფორმაციამდე, ვიდრე მხოლოდ ჩვენი ინტერესებიდან და პოზიციებიდან სიტუაციის შეფასება.

საჭიროა კონფლიქტის ემოციური სიმძიმის განეიტრალება და საზოგადოებაში ფესვგადგმული ხედვის კრიტიკულად გააზრება როგორც ქართული, ისე აფხაზური და ოსური საზოგადოებებისთვის. აქ დავა პრიორიტეტებსა და პირველობაზე შეიძლება იყოს. რომელი საზოგადოება გაბედავს და ითავებს წარსულის კრიტიკული გააზრებას, რომ გადახედოს საზოგადოებაში ფესვგადგმულ წარმოდგენებს კონფლიქტის სიღრმისეული ფესვების, მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ.

კონფლიქტის ტრანსფორმაცია, განსხვავებით მოგვარებისგან, არ საჭიროებს ხელმოწერილ შეთანხმებას, რადგან ის ორიენტირებულია პროცესზე და არა შედეგზე. ის ყურადღებას ამახვილებს მეთოდებზე, რომლებიც კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ურთიერთობისა და ნდობის აღდგენისა და თანაცხოვრებისთვისაა საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთობის აღდგენა, ერთი შეხედვით, ბუნდოვანი პროცესია და ბევრ კითხვას აჩენს. როგორ, რატომ, ვისი ჩართულობით შეიძლება და უნდა აღდგეს ურთიერთობა, ეს საზოგადოების შიდა გადაწყვეტილებებზე დამოკიდებული პროცესია.

„რ": ქართული მხარე რეალურად რას უნდა ელოდოს, ან რა უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ აფხაზურ მხარესთან კონფლიქტი მოგვარდეს?

გ.მ: ვფიქრობ, აფხაზეთში არჩევნებისთანავე უნდა შევეცადოთ კონფლიქტის ტრანსფორმაციის მიდგომების სიმძიმის ცენტრი შიდა რესურსებზე გადმოვიტანოთ და ნაკლებად გვქონდეს აქცენტი გარე ჩარევების მიმართ; ამის ნიშნები, თუმცა ძალიან სუსტი, ჩემის აზრით შეიძლება დავინახოთ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებში. ქართულ-აფხაზურ რეალობაში მესამე მხარის ჩართულობას (იგულისხმება რუსეთი) ნამდვილად არ აქვს კონსტრუქციული ფორმატი და მუდმივად გაუთვალისწინებელ და პროცესის დამთრგუნავ ჩარევებს უკავშირდება.

მოქნილობასთან ერთად კონფლიქტის ტრანსფორმაციის მიდგომებს ოპტიმიზმიც ახასიათებს. მაგალითისთვის, კონფლიქტის ტრანსფორმაციისას კონფლიქტის მოგვარებისგან განსხვავებით, მიუღწეველი შეთანხმება ტრაგედიად არ აღიქმება: რომ თუ კონფლიქტი 25 წელზე მეტია ვერ მოგვარდა, აწი რაღა მოაგვარებს. რაც განსაკუთრებით გასათვალისწინებელია, კონფლიქტის ტრანსფორმაციისას არ ხდება დამნაშავეების ძებნა: ვინ დაიწყო, ვინ უფრო დამნაშავეა და ა.შ. კონფლიქტის ტრანსფორმაციისას კონფლიქტის მოუგვარებლობას არ აბრალებენ კონკრეტულ პირებსა და ორგანიზაციებს. ამ მიდგომის არც პროცესზეა გამახვილებული ყურადღება და თითოეული მოქალაქის როლი და პასუხისმგებლობაა წინ წამოწეული.

„რ": თვლით, რომ კონფლიქტის ტრანსფორმაციული მიდგომა მხარეებს შორის პრობლემის მოგვარების წინაპირობაა?

გ.მ: ქართულ რეალობაში, დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, კონფლიქტის ტრანსფორმაციული მიდგომა არის მისი მოგვარების წინაპირობაც და მშვიდობიანი თანაცხოვრების შენარჩუნების შესაძლებლობაც. კონფლიქტის ტრანსფორმაცია ხომ ადამიანებზე ორიენტირებული მიდგომაა და პროცესში მათ მონაწილეობას გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს. შესაბამისად, კონფლიქტის ტრანსფორმაციის მიდგომების განხორციელების შემთხვევაში მხარეებს შორის ნდობა და თანაცხოვრება გაცილებით უფრო მარტივი და შესაძლებელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×