„იმედია საქმე უკვე ოფიციალური ვაშინგტონის პოზიციებამდე არ მივა, თუ ტრამპის ადმინისტრაციამაც იგივე განაცხადა, ეს უკვე შესაძლოა სერიოზული გამოწვევა და შეშფოთების საგანი გახდეს" - ასე აფასებს „რეზონანსთან" ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია სენატორებისა და ევროპარლამენტარების კრიტიკულ შეფასებებს „ქართული ოცნების" მიმართ
„რეზონანსი": როგორ შეაფასებთ მმართველი გუნდის მიმართ ევროპარლამენტარებისა და სენატორების კრიტიკას?
ვახტანგ მაისაია: რა თქმა უნდა ეს სასიამოვნო არაა, თუნდაც ცალკეული კონგრესმენებისგან და ევროპარლამენტარებისგან, იმედია საქმე უკვე ოფიციალური ვაშინგტონის პოზიციებამდე არ მივა, თუ ტრამპის ადმინისტრაციამაც იგივე განაცხადა, ეს უკვე შესაძლოა სერიოზული გამოწვევა და შეშფოთების საგანი გახდეს. მგონია, რომ ეს გარკვეული პოლიტიკური სიგნალები ხელისუფლებამ ყურად უნდა იღოს.
ამ ეტაპზე ეს სიგნალური დიპლომატიის ელემენტებია. როგორც ჩანს, უნდათ, რომ ეს მესიჯები ჩვენამდე მოვიდეს, აქ შესაძლოა გარკვეული პოლიტიკური მომენტებიც იყოს, მაგალითად ევროპარლამენტარებში გარკვეულწილად სახალხო ფრაქციის წარმომადგენლები არიან, რომლის გაერთიანების წევრებიც „ნაცმოძრაობა" და „ევროპული საქართველოც" გახლავთ, თუმცა იყო სხვა ევროპარლამენტარების კრიტიკული მოსაზრებებიც.
კონგრესში აბსოლუტურად სხვა სიტუაციაა. საქართველო ამერიკის ჯგუფის ხელმძღვანელმა სერიოზული განცხადებები გააკეთა, არა მხოლოდ პლიტიკურად, არამედ მათ შორის ეს ანაკლიის პორტის საკითხსაც უკავშირდებოდა.
„რ": თბილისის მერიამ პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის მიზნით ჯებირები შემოავლო, ოპოზიცია ამბობს, რომ ეს შიშის ფაქტორია, რადგან ისინი აქციებს გეგმავდნენ და ხელისუფლება ამით მათ შეჩერებას ცდილობს...
ვ.მ: თუ ხელისუფლებას რამოდენიმე ათასანი აქციის პარლამენტის პიკეტირების ეშინია, ეს კარგი არაა, თუმცა შესაძლოა ის ფაქტორიც იყოს, რომ საქართველო საკმაოდ მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრი გახდა და გარკვეულწილად ცენტრის პარალიზება მიზანშეუწონელია.
4 თებერვალი მოდის და კი ანონსირდება მასობვრივი გამოსვლები,"ქართულმა ოცნებამ" სისულელეები თუ კიდევ არ ჩაიდინა, მოსახლეობა უკვე დაიღალა ამ საპროტსეტო ტალღებით და მგონია, რომ საზოგადოებაში ამას მაინცდამაინც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვეს, რადგან პროტესტის მთავარი შემოქმედები „ნაცმოძრაობა" და „ევროპული საქართველო" უფრო უარესები არიან, ვიდრე დღეს „ქართული ოცნებაა".
„რ": დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ს ბუნებრივი აირის ის მარაგი გააჩნია, რითაც ევროპულ მოკავშირეებს ამ აირის გამოყენებითვ ენერგოდამოუკიდებელს გახდის, როგორ ფიქრობთ, რა რესურსებზეა საუბარი?
ვ.მ: ტრამპი აბსოლუტურად მართალია, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ამერიკა მსხვილი ენერგომომხმარებლიდან მსხვილ ენერგომწარმოებლის მასშტაბების ქვეყანა გახდა იმიტომ, რომ მათ ფიქლური გაზის ათვისება-დამუშავება და მსოფლიო ბაზარზე მისი რეალიზაცია დაიწყეს.
რამდენადაც ვიცი, ამერიკის მარაგი ერთ ტრილიონ კუბამეტრ გაზს შეადგენს, შეიმუშავეს თხევადი გაზის ე.წ. ელენჯი ტექნოლოგია - სპეციალური ტანკერები მზადდება (30-მდე ასეთი ტანკერი აქვთ), რითაც შეუძლიათ ამ ფიქლური გაზის გადატანა ზღვით, ამით შესაძლოა ევროპოსათვის ენერგოუსაფრთხოების პრობლემა მთლიანად აღმოიფხვრას.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის „ელენჯის" თხევადი გაზის ტექნოლოგიებზე მიბმა სხვათაშორის დასაშვები იყო. ამერიკული კომპანია „კონტი" ერთ-ერთ მიზეზს სწორედ ამასაც მოიაზრებდა, რომ შესაბამისად შექმნილიყო თხევადი გაზის მიღების საზღვაო პლატფორმა, სადაც ამერიკიდან შემოტანილ გაზს საქართველოში და უკრაინაში გადაიტანდა, რითაც რუსული გაზის შემცირება მოხდებოდა. თუმცა აქ თურქეთის პრობლემაც დგებოდა, რადგან ერდოღანი დიდად არ იქნებოდა გახარებული იმით, ბოსფორის სრუტეში ამერიკულ ტანკერებს ამერიკული გაზი შემოეტანათ.
ამერიკამ თხევადი გაზით ლიტვისა და პოლონეთის მომარაგება უკვე დაიწყო და მსგავსი ტექონოლოგიები ევროპაშიც ხორციელდება.
„რ": ამის ფონზე მსოფლიო ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით რუსეთს რა როლი ექნება?
ვ.მ: რა თქმა უნდა ამით რუსეთი გახარებული არაა. იმიტომაცაა, რომ ის დაჩქარებით „ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის დასრულებას ცდილობს, მან „სამხრეთ ნაკადი" ფაქტიურად უკვე დაასრულა. ამის გამო იყო ისიც, რომ რუსეთმა აქცენტი ჩინეთზე გააკეთა და „ციმბირის ძალის" პროექტი გააქტიურა, რომლის მეშვეობითაც იგი ჩინეთს 38 მილიარდ კუბამეტრ გაზს მიაწვდის და შესაძლოა ეს მოცულობა 60 მილიარდ კუბამეტრამდეც გაიზარდოს.
აშშ-ს ფაქტორის გამო ასევე შესაძლოა თურქული და რუსული გაზის ალიანსიც კი შეიქმნას, რომ ეს პროცესები ასე ვთქვათ შეაფერხოს, თურქეთსაც თავის ამბიციები აქვს, და ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაკადების გამო, შესაძლოა მსხვილი ენერგეტიკული ჰაბიც კი გახდეს.