რეზონანსი
23.01.2020

გალის ლეგიტიმური მთავრობის რესურსცენტრის უფროსი ნონა შონია, 30 დეკემბერს თბილისში თავდასხმის შედეგად გარდაცვლილი სუპერმარკეტის კონსულტანტს მათე ჯომიდავას შემდეგი სიტყვებით ემშვიდობება: 

„ყველას გვატკინე გული… სკოლა ეს ესაა დაამთავრე, ილიას უნივერსიტეტის სტუდენტიც გახდი… არ დაგცალდა სტუდენტური ბედნიერი დღეები… დღისით სწავლობდი, საღამოს მუშაობდი, რომ გალის ულამაზეს სოფელ საბერიოში მცხოვრები შენი მშობლებისთვის ხელი შეგეშველებინა და თავი გერჩინა…ასაკით პატარას, მორიდებულს, ზრდილობიანს, უწყინარს, დევივით ვაჟკაცს ოთხი თუ ხუთი კაცი დაგესხა თავს, ქვაფენილის ფილით დაგიზიანა თავი… ოცი დღე ებრძოდი სიკვდილს…

როგორ ვანუგეშოთ შენი ოჯახი, შენი მშობლიური სოფელი, სკოლა, მეგობრები, კლასელები, მასწავლებლები…შენამდე შენი სკოლელი, მეთერტმეტეკლასელი დიმა მატკავა ემსხვერპლა ავტოავარიას, მერე ულამაზესი ნინო ქათალანძე – ჭუბურხინჯის N2 სკოლის კურსდამთავრებული და ზუგდიდის უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი; ვასიკო ეხვაია-ნაბაკევის სკოლის კურსდამთავრებული და თსუ-ს პირველკურსელი გადაფრინდა მეცხრე სართულიდან და შეუერთდა მარადისობას… სულ ახლახან დათო ქურსუა, ესეც შენსავით ულამაზესი და უწესიერესი ვაჟკაცი, ჭუბურხინჯის N1 სკოლის კურსდამთავრებული ემსხვერპლა ავარიას, სოხუმში, ავტოსამრეცხაოში დასაქმებული, საახალწლოდ შინისკენ, მშობლებთან შესახვედრად მოიჩქაროდა ბიჭი…დავაჟკაცება, დაქალება ვერ მოასწარით ბავშვებო… რომელ ერთზე ვიტიროთ…“, - წერს ნონა შონია. სუპერმარკეტ „სპარის“ თანამშრომელი მათე ჯომიდავა, თავის არეში მიყენებული დაზიანებების შედეგად 21 იანვარს გარდაიცვალა. ის გალის რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრია. შემთხვევა თბილისში 30 დეკემბერს მოხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×