მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე “სილქნეტსა” და OneWeb-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა
ანა ჯინჭარაძე
23.01.2020

“სილქნეტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარემ, გიორგი რამიშვილმა და OneWeb-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ადრიან სთექელმა, დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიმდინარეობისას საქართველოსა და კავკასიის რეგიონში პარტნიორობას მოაწერეს ხელი. საქართველოში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტქსელის განვთარების პარალელურად, ოპერატორები უკვე წლებია უკაბელო და სატელიტური ტექნოლოგიის გამოყენებით ინტრნეტსერვისებს უზრუნველყოფენ. ახლა უკვე, “სილქნეტსაც” შეეძლება ინტერნეტკავშირი ისეთ მომხმარებელსაც შესთავაზოს, რომლის გეოგრაფიული მდებარეობაც ბოჭკოვანი ქსელით არაა დაფარული.

როგორც OneWeb-ის აღმასრულებელმა დირექტორი ადრიან სთექელმა განაცხადა: „დღევანდელ რეალობაში, როდესაც ბიზნესებს ესაჭიროება მუდმივი კავშირი საინფორმაციო რესურსებთან, მაგრამ ყველგან არ არის სათანადო გეოგრაფია ან საკმარისი რესურსი ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის ასაგებად, OneWeb-ის რევოლუციური კავშირგაბმულობის ქსელი საშუალებას მისცემს ყველას ისარგებლოს მაღალი სიჩქარის ინტერნეტით, დედამიწის ნებისმიერ კუთხეში. მე მოხარული ვარ, რომ ჩვენ გადავდგით პირველი და ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი “სილქნეტთან” საპარტნიორო ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად”. 

“სილქნეტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის გიორგი რამიშვილის აზრით, ამ პარტნიორობის შედეგად საქართველოში გაჩნდება ციფრული კავშირგაბმულობის დამატებითი წყარო, რომელიც არსებულ ტექნოლოგიებს კონკურენციას კი არ გაუწევს, არამედ შეავსებს. 

„ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მოშორებული ადგილებისთვის, სადაც ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა ამა თუ იმ მიზეზით არ არსებობს“, - განაცხადა მან.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 10-12 წლის წინ, როდესაც ქვეყანაში ერთიანი სამთავრობო ქსელის, მოგვიანებით კი საჯარო სკოლების ინტერნეტიზაციის საჭიროება შეიქმნა, “მაგთიკომმა” ინტერნეტის მიწოდება უკაბელო კავშირგაბმულობის გამოყენებით უზრუნველყო. იმ დროისთვის  “მაგთიკომი” ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე ჯერ კიდევ არ იყო შესული და როგორც მობილური ოპერატორი ისე ოპერირებდა,  მიუხედავად ამისა ტექნიკურად მხოლოდ “მაგთიკომმა” შეძლო საქართველოში შეექმნა ერთიანი ინტერნეტქსელი, სადაც ყველა სახელმწიფო სტრუქტურა გააერთიანა. 2009 წელს კი “მაგთიკომმა” იმავე პრინციპით უზრუნველყო სკოლების ინტერნეტ მომსახურება, მოახდინა საჯარო სკოლების 100%-იანი ინტერნეტიზაცია - 2220-ზე მეტი სკოლა ჩართო ინტერნეტქსელში და  შედეგად სკოლებში პირველად ჩატარდა ელექტრონული გამოცდები. საქართველოში მცირე და საშუალო ოპერატორების უმრავლესობა სწორედ უკაბელო ტექნოლოგიების გამოყენებით  ოპერირებს გეოგრაფიულად რთულ არეალებში.  

OneWeb-ის მიზანია სატელიტური კავშირგაბმულობის გამოყენებით უზრუნველყოს მაღალი სიჩქარის და დაბალი ლატენტობის ინტერნეტ-კავშირი დედამიწის ნებისმიერ წერტილში როგორც კერძო, ასევე სამთავრობო სტრუქტურებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×