„პროპორციულს გამოემშვიდობონ, გამოემშვიდობებიან მაშინ, თუ ხელისუფლებას საკონტიტუციო უმრავლესობა ექნება და კონსტიტუციაში ცვლილებებს შეიტანს, თუ ვერ შეიტანს, მაშინ არსებული ჩანაწერი დარჩება და 2024 წლის შემდგომი არჩევნები უკვე პროპორციული სისტემით ჩატარდება".
ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებას იმის შესახებ, რომ ან ოპოზიცია უნდა დათანხმდეს მმართველი გუნდის შეთავაზებას, ან გამოიგლოვოს პროპორციული საარჩევნო სისტემა.
„რეზონანსი":დასავლელი დიპლომატებისგან საქართველოს ხელისუფლებისადმი კრიტიკა სულ უფრო იმატებს. როგორ ფიქრობთ, როგორია ხელისუფლების პოზიციები ქვეყნის შიგნით?
ვახტანგ ძაბირაძე: გასაგებია, რომ გარე კრიტიკული ტალღა ძლიერდება, ეს მოსალოდნელიც იყო, საარჩევნო წელია და საქართველოში როგორც საშინაო, ისე საგარეო ძალიან ბევრი ინტერესები იკვეთება,
რომ ვთქვათ, დღეს ქვეყნის შიგნით ელექტორატის განწყობებში სურათი მნიშვნელოვნადაა შეცვლილი მთავარი პარტიების „ქართული ოცნებისა" და „ნაციონალური მოძრაობის" მიმართ, ჯერჯერობით რაღაც ასე არ ჩანს,ოპოზიციაში გადაწყობა-გადალაგების პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ისევ ის პოლიტიკური ვითარებაა შეარჩუნებული, რაც წინა წლის შემოდგომიდან მოყოლებული იყო,
ჯერჯერობით ყველა საშინაო ფაქტორი ჯერ არ ჩართულა, მგონია, რომ ხელისუფლებას ამ ვითარებიდან თავის დაღწევა შეუძლია, მას კომპრომისების საშუალება აქვს, იგივე საარჩევნო სისტემასთან მიმართებაში,
იქიდან გამომდინარე რა პასუხებს მივიღებთ ეუთო/ოდირიდან, როგორ გადაწყდება საარჩევნო სისტემა და როგორი იქნება, ეს ფაქტორი მნიშვნელოვნად განაპირობებს არა არჩევნების ლეგიტიმურობა-არალეგიტიმურობას, არამედ ეს დაპირისპირება ნორმალურ კანონიერ ჩარჩოებში ჩაჯდება, როგორც ეს ყველა ნორმალურ ქვეყანაში წინაასაარჩევნოდ ხდება ხოლმე და პოლიტიკური ძალები ქვეყანას მკვეთრი და ხისტი დაპირისპირებისაკენ არ წაიყვანენ.
„რ": დედაქალაქის მერიამ რეაბილიტაციის მიზნით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას რკინის ჯებირები შემოავლო,ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლებამ ეს შიშის გამო გააკეთა, რადგან ოპოზიციის პროტესტის ეშინია...
ვ.ძ.: მე ერთ-ერთ გადაცემას ვუსმინე და იქ ნათქვამი იყო, რომ გადავამოწმეთო და მერიას ეს პროექტი დაგეგმილი ჰქონდაო, ანუ სპონტანურად არ დაუწყია, მაგრამ დღეს ჩვენთან პოლიტიკური სიტუაცია იმდენად დაძაბულია, ნებისმიერი გადაწყვეტილება პოლიტიკურ ჭრილში უნდა იყოს გატარებული,
პარლამენტის წინ ღობის შემოღობვა, როგორც არ უნდა ყოფილიყო დაგეგმილი, ეს წამგებიანია პირველ რიგში „ქართული ოცნებისთვის" იმიტომ, რომ რამდენიც არ უნდა ამტკიცოს ხელისუფლებამ, რომ ეს დაგეგმილი მქონდაო, არცერთი ადამიანი ამას არ დაიჯერებს, ამიტომ პირველ რიგში ხელისუფლება გონიერად უნდა მიუდგეს ასეთ ფაქტორებს.
ბუნებრივია, რომ ოპოზიცია ამ ფაქტს გამოიყენებს, მას საპროტესტო მოძრაობისთვის არც არაფერში ხელს არ შეუშლის, პიკეტირება თუ უნდათ, პიკეტირება თვითონ ხელისუფლებამ მოაწყო, შემოღობა და დარჩა სამი შესასვლელი კარი, სამ კართან გააკეთებენ პიკეტირებას, რა პრობლემაა. ხელისუფლებამ უბრალოდ პოლიტიკურად წააგო, როდესაც ამ ეტაპზე პარლამენტთან რეაბილიტაცია დაიწყო.
„რ" როგორ შეაფასებთ იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებას, რომ , ოპოზიცია ან უნდა დათანხმდეს მმართველი გუნდის შეთავაზებას, ან გამოიგლოვოს პროპორციული საარჩევნო სისტემა.
ვ.ძ.: ის, რასაც ხელისუფლება სთავაზობს, არაა პროპორციული, ლაპარაკი, რომ 100 მანდატი პროპორციულად გადანაწილდეს და 50 მაჟორიტარულად, ანუ მაჟორიტართა რაოდენობა მცირდება, ესაა და ეს.
ამას დამატებით მოსდევს ის, რომ კონსტიტუციაში ცვლილება უნდა შევდეს, რომ ყველა შემდგომი არჩევნები ამ სისტემით ჩატარდეს, ანუ 100/50-ზე.
დიდი ალბათობით, ოპოზიცია ამაზე არ წავა იმიტომ, რომ იგი ფაქტიურად იმის შანსს კარგავს, რომ 2024 წელს პროპორციული არჩევნები იყოს, რაც შეეხება იმას, რომ პროპორციულს გამოემშვიდობონ, გამოემშვიდობებიან მაშინ, თუ ხელისუფლებას საკონტიტუციო უმრავლესობა ექნება და კონსტიტუციაში ცვლილებებს შეიტანს, თუ ვერ შეიტანს, მაშინ არსებული ჩანაწერი დარჩება და 2024 წლის შემდგომი არჩევნები უკვე პროპორციული სისტემით ჩატარდება.