საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მსოფლიოს მსხვილი ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს შეხვდება. რა შედეგი შეიძლება მოიტანოს მთავრობის აქტიურობამ? ქართველი სპეციალისტების შეფასებით, შეხვედრები საქართველოს ეკონომიკურ წინსვლაზე არ იმოქმდებს, რადგან ჩვეი ქვეყანა დასავლურ რიტმს ფეხს ვერ უწყობს და მუდმივად რჩება ხარვეზები, რომლის გამოსწორებაზეც არავინ ფიქრობს.
შეხვედრა რომ შეხვედრისთვისაა და საიმიჯო ხასიათს ატარებს, ამას წლების გამოცდილება მოწმობს, დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე საქართველო უკვე რამდენიმე წელია მონაწილეობს და დაპირებებსაც იღებს, რომ პარტნიორობა იქნება მჭიდრო და სტრატეგიული, თუმცა მიუხედავად ამისა, ინვესტიციები ბოლო 2 წელია დაღმავალის და როგორც ჩანს, ეს არც წელს შეიცვლება.
„ახალი ეკონომიკური სკოლის“ დამფუძნებელი პაატა შეშელიძე „რეზონანსთან“ აღნიშნავს, რომ დასავლური ეკონომიკური რიტმისთვის საქართველო მზად არ არის და ფეხს ვერ უწყობს, რასაც მოწმობს ანაკლიის პორტის გაურკვეველი ვადით გაჩერებული პროექტი.
„საქართველო წლებია ამ ფორუმში მონაწილეობს, თუმცა ეკონომიკური გარდატეხა არ შეინიშნება, დაპირებებს ვიღებთ და შესაძლოა, ინტერესდებიან კიდეც ჩვენი ქვეყნით, თუმცა არ ვიცით, როგორ უნდა ვიმუშაოთ პრობლემებზე. დასავლეთს სულ სხვა რიტმი აქვს, რასაც საქართველო ფეხს ვერ უწყობს და ამას სჭირდება სულ სხვა მუშაობს, ტემპი და ენთუზიაზმი. რჩევებს, რომელსაც მეგობარი ქვეყნები გვაძლევენ, გათვალისწინება, ხოლო პრობლემებს აღმოფხვრა და მუშაობა სჭირდება, თუმცა ჩვენი მთავრობა ამტკიცებს, რომ პრობლემები არ აქვთ და ყველაფერი კარგად მიდის. არა მგონია ამ შეხვედრებმაც რაიმე შედეგი გამოიღოს, უბრალო ფორმალობად იქცა სამწუხაროდ“, - განაცხადა „რეზონანსთან“ პაატა შეშელიძემ.
იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ევროპა და ევროკავშირი ქმნის აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებისთვის და კერძოდ, საქართველოსთვის, მთავრობა არაეფექტური პოლიტიკით ანიავებს.
მიუხედავად იმისა, რომ ფორუმი უამრავ შესაძლებლობას იძლევა, ეკონომიკური კუთხით საქართველო მოწინავე კომპანიების თვალთახედვის არეალშიც კი ვერ ხვდება. მთავარ მიზეზად სპეციალისტები საქართველოს მთავრობისგან რესურსების არაგონივრულად ხარჯვას ასახელებენ.
ეკონომისტი დემურ გიორხელიძე ხაზს უსვამს, რომ შეხვედრა უფრო მეტად საიმიჯო ხასიათისაა და არავინ უნდა შეიქმნას წინასწარი განწყობა, რომ ამ შეხვედრების შემდეგ ეკონომიკა აყვავდება საქართველოში.
„დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ყოფნა კარგია პირადი კონტატების მხრივ, რასაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დააგროვებს. განსაკუთრებული მოლოდინი კი არ უნდა გვქონდეს და არც უნდა შევიქმნათ ის განწყობა, რომ ამით რაიმე მნიშვნელოვანი ძვრა დაიწყება ჩვენს ქვეყანაში. ეკონომიკის აყვავებას რასაკვირველია არ უნდა უნდა ველოდოთ. ამ შეხვედრებს აქვს სულ სხვა დატვირთვა და საქართველოს იმიჯისთვის აუცილებელია. კარგია, რომ ჩვენი პრემიერ-მინისტრი მსოფლიო დონის ფორუმზე სამუშაო ვიზიტით იმყოფება, შედეგი კი ახლა არ დადგება“, - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას გიორხელიძემ.
გიორგი გახარიას ვიზიტი დავოსში კი მედიის ყურადღების ცენტრშია, გუშინ მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა შეხვედრიდან ინფორმაციები ვრცელდებოდა, რაც დადებით ფონს ქმნის, თუმცა თუ გავითვალისწინებთ გასული წლების გამოცდილებას და მაჩვენებლებს დავოსში ეკონომიკური ფორუმის შეხვედრებს, მნიშვნელოვანი ეკონომიკური წინსვლა საქართველოსთვის არ მოუტანია. ამიტომ არც სპეციალისტებს და არც საზოგადოებას ამ ტიპის ფორუმებისგან არ აქვს დიდი მოლოდინი.