„ახალი ვირუსის საქართველოში გავრცელების რისკი სხვა ქვეყნების მსგავსად არსებობს. ჩვენი პროგნოზით, საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, შესაძლოა, ვირუსის ექსპორტი მოხდეს. ეს ნიშნავს, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩინეთიდან საქართველოში ჩამოდიან, პოტენციურად შეიძლება, იქცნენ ვირუსის გადამტანად.განსაკუთრებით, ეს ეხება იმ ადამიანებს, ვინც ჩინეთის იმ რეგიონებიდან ჩამოდიან, სადაც ვირუსი გავრცელდა," - ამის შესახებ საქართველოს პრველ არხს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა სილვიუ დომენტემ განუცხადა.
„საქართველოს მოქალაქეებმაც ჩინეთში მოგზაურობის დროს მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ. ხელისუფლებამ კი საეჭვო შემთხვევები სწარაფად უნდა გამოავლინოს, გამოიძიოს და დიაგნოზი დასვას. საჭიროების შემთხვევაში, უნდა მოხდეს ინფიცირებულთა სწრაფი იზოლაცია. საქართველოს მოქალაქეებს, ვინც ჩინეთში მიემგზავრება, ვირუსთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ.
აუცილებელია მათი გაფრთხილება და ქცევის წესებთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაცემა. ძირითადი რჩევა იქნება ჰიგიენის დაცვა და უსაფრთხო საკვების მიღება. მათ თავი უნდა შეიკავონ თევზეულისა და სხვა ბაზრობებზე მისვლისგან. ასევე, უნდა მოერიდონ ადამიანებს, ვისაც აქვს გრიპის ან გაციების ნიშნები, ასევე გამოიყენონ დამცავი ნიღაბი. რაც შეეხება საკვებს, აუცილებელია, თავი შევიკავოთ უმი ხორცპროდუქტებისა და რძის მიღებისგან", - განაცხადა დომენტემ.
ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის შემთხვევათა რაოდენობა, ბოლო მონაცემებით, 830 ადამიანამდე გაიზარდა, გარდაცვლილია 25, 177 პაციენტის მდგომარეობა კი შეფასებულია, როგორც სერიოზულად მძიმე. ასევე დაფიქსირდა 1072 ადამიანის ინფიცირების საეჭვო შემთხვევა.
ცნობილია უცნობი ვირუსის რამდენიმე დაფიქსირებული შემთხვევა იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ტაილანდში, აშშ-ში, ვიეტნამში და საუდის არაბეთში. ჩინეთი კი პიკს თებერვალში ელოდებიან.
24 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ორდღიანი მსჯელობის შემდეგ, ჩინეთში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, თუმცა მსოფლიო საგანგებო სიტუაციის გამოცხადებისგან თავი შეიკავა, მათი განცხადებით, ეპიდემიის გავრცელების გამო, საგანგებო მდგომარეობის საერთაშორისო დონეზე გამოცხადება ნაადრევია.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია რეკომენდაციას იძლევა იმის შესახებ, რომ აეროპორტებში მგზავრების შემოწმება განხორციელდეს, „როგორც ყოვლისმომცველი შემაკავებელი ზომების ნაკრები,ყველა ქვეყანამ უნდა მიიღოს ზომები კორონავირუსის შემთხვევების დასაფიქსირებლად".
ორგანიზაცია ასევე აცხადებს, რომ ვირუსის შემდგომი გავრცელების პრევენციისთვის აუცილებელია, ისეთი მარტივი პროცედურების დაცვა, როგორიცაა ხელების ხშირი დაბანა, ხველისა და დაცემინების დროს სახის იდაყვით დაფარვა.
24 იანვარს ქალაქ უჰანის მთავრობამ რეკომენდაცია გასცა,რომ მოსახლეობამ განსაკუთრებული მიზეზების გარეშე, ქალაქი არ დატოვონ. შეზღუდვები დაწესდა ქალაქ ჰუან-განში შესვლასა და გადაადგილებაზეც.
უცნობი კორონავირუსის გამო, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის აეროპორტებში ჩინეთიდან კერძოდ ვუჰანის ქალაქიდან განხორციელებულ რეისებზე კონტროლი დააწესეს.
ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო, ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ოფიციალურმა ჩინეთმა აღიარა, რომ კორონავირუსი გადამდებია.
მომხდარის გამო, ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს.
დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ალბათობა იმისა, რომ ინფექცია საქართველომდე მოაღწევს, მინიმალურია, თუმცა მაინც არსებობს.
„ჩვენ ქალაქ უჰანთან პირდაპირი რეისი არ გვაქვს, ამიტომ ინფექციის შემოტანის ალბათობა მინიმალურია, მაგრამ, რა თქმა უნდა, არსებობს, რის გამოც მზადყოფნა აუცილებელია... ჩვენ კონცენტრაციას ვაკეთებთ ადამიანებზე, რომლებიც ჩინეთში ბოლო ორი კვირის განმავლობაში და, განსაკუთრებით, უჰანში იყვნენ. თუ ასეთ ადამიანს ეწყება მსგავსი სიმპტომები, აუცილებლად მიმართონ შემდგომი დიაგნოსტიკისთვის ინფექციურ საავადმყოფოებს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ლუგარის ცენტრში ლაბორატორიულ შესაძლებლობებს აძლიერებს, რათა მოხდეს კორონავირუსის იდენტიფიცირება.