თამარ შუკვანი
24.01.2020

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაური იყო დღესაც; ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას პროცესი მიმდინარეობს, სადაც ზაზა სარალიძემ დაცვის მხარეს ფოტოები შეაყარა და სხდომათა დარბაზი ხმაურით დატოვა. სარალიძის განცხადებით, მისი აგრესია კალანდიას უფლებადამცველების მისამართით არის, რადგანაც ამბობენ, რომ მისი შვილი მოკვლის ღირსი იყო. მომხდარი ფაქტის შემდეგ კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ თქვა, რომ სარალიძემ პასუხი ხელისუფლებას უნდა მოთხოვოს და არა მათ.

როგორც ზაზა სარალიძემ სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ აღნიშნა, სხდომებს აღარ დაესწრება: „ამიხსენით, რაზე მელაპარაკებით, კანონმა მითხრა, 15 წელზე მეტს ვერ მივცემთ შენი შვილის მკვლელებსო, ფეხებზე მკიდიაო და რა კითხვებს მისვამთ. ამ ჩემს ფეხებს თუ გამოუშვებენ, 15 წელში ხომ უნდა გამოუშვან რა მნიშვნელობა აქვს, ეს არის გარიგება? შთამომავალი, რომელიც მომიკლეს სუბელიანის და კალანდიების ოჯახმა... გუშინ მიგინა, რა კითხვა გაინტერესებთ რა პასუხი გინდათ," - განაცხადა ზაზა სარალიძე.

მიხიელ კალანდიას მამამ, თენგიზ კალანდიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საქმე საპროცესო გარიგებასთან გვაქვს და მისი შვილის ბრალეულობის დამადასტურებელი არცერთი დოკუმენტი არ არსებობს.

„აქამდე არაფერი ჰქონდათ ჩემ შვილზე, ახლა მოძებნეს ჯანაშია, ბარბაქაძე და შეპირდნენ საპროცესო გარიგებას იმის სანაცვლოდ, რომ ეთქვა, ჩემ შვილის ხელში დანის მაგვარი რაღაც ეჭირა. ჯანაშია, რომელიც დანების კოლექციონერია, ვერ გაარკვია დანა ეჭირა ჩემ შვილს ხელში თუ რაღაცა, რომელსაც 200 დანა აქვს სახლში და იცის დანების ყველა მწარმოებელი ფირმა და ყველა ბრენდი, რაც კი არსებობს. უბრალოდ ბავშვს სინდისმა შეაწუხა და ბოლომდე ვერ თქვა, რომ დანა ეჭირაო, ამიტომ თქვა დანის მაგვარიო.

„არაფერი არსებობს დედამიწის ზურგზე, რაც ჩემი შვილის ბრალეულობას ამტკიცებს. სადაც დიდი ფულია, იქ სიმართლეა. სამწუხაროდ ასეა და ყველაფერი ჯანაშიას ბიძის, ნაკაიძის ნამოქმედარია," - ამბობს თენგიზ კალანდია.

კითხვაზე, რაში აწყობს სარალიძეს მისი შვილის მკვლელის მაგივრად სხვისი დასჯა, კალანდიამ უპასუხა: „ფული! ფული ჯოჯოხეთს ანათებს."

„ზაზა სარალიძე მართალი რომ ყოფილიყო, გუშინ მის მიმართ შეურაცხყოფის გამო კი არ გაიქცეოდა, თვალებს დამთხრიდა შიშველი ხელებით და ყელს გამომჭამდა, მაგრამ კუდამოუებული გაიქცა. მართალი რომ ყოფილიყო, დამელოდებოდა გარეთ და არ გამექცეოდა, პასუხს გამცემდა," - განაცხადა მან.

ცნობისათვის, 23 იანვარს თენგიზ კალანდიამ თქვა, რომ ეჭვი აქვს, ზაზა სარალიძემ ბევრი აქვს აღებული. როგორც ჟურნალისტებს თენგიზ კალანდიამ განუცხადა, სარალიძემ ფული ჯერ „ნაციონალური მოძრაობისგან" აიღო, შემდეგ „ევროპული საქართველოსგან" და მერე მთავრობამ გადაიბირა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×