„საზოგადოება უნდა მიხვდეს, რომ თუ ასე გაგრძელდა საქართველო დასავლეთის მხარდაჭერას დაკარგავს და როცა არჩევნებზე მივლენ, მათ უნდა იცოდნენ, რომ თუ „ქართულ ოცნებას" გამოუვიდა ფარსი, მაშინ დასავლეთისგან აღარ უნდა გვქონდეს გვერდში დგომის იმედი," - ასე აფასებს „რეზონანსთან" შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კონგრესმენებისა და ევროპარლამენტარების კრიტიკას მმართველი გუნდის მისამართით.
ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ დასავლთის კრიტიკა მეგობრულია, რომელიც არადემოკრატიული ქვეყნების მიმართ არ ექნებოდა.
„საქართველო დასავლეთის თვალში, დემოკრატიის წარმატებულად განხორციელების ქვეყნად ითვლება, იგივე ფინანსების გამოყოფის შემთხვევაშიც კი ჩვენს მიმართ მეტად კეთილგანწყობილნი არიან და უცებ საქართველო დემოკრატიიდან უხვევს, რატომ უნდა ხარჯონ თავიანთი რესურსები არადემოკრატიული სახელმწიფოსათვის?
„ამიტომ მათ ჩვენს მიმართ ისეთი რეაქცია აქვთ, რაც არ ექნებოდათ არადემოკრატიული სახელმწიფოების მიმართ, ისინი მეგობრებად გვთვლიან, ამიტომ ეს დამოკიდებულება და კრიტიკა მეგობრულია.
„მგონია, რომ მათი რეაქცია ბუნებრივი, მეგობრული და გამაფრთხილებელია, რომ თუ ასე გაგრძელდა, ისინი გადახედავენ თავიანთ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ,
„აშკარაა, რომ 14 ნოემბრის კენჭისყრამ გამაოგნებელი, შოკისმომგვრელი ეფექტი გამიწვია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებში იმიტომ, რომ ასეთი თავხედური, უტიფარი ტყუილი პოლიტიკაში არ ჯდება ხოლმე, შეიძლება შენი ძალით გაიტანო შენი რაღაცა, მაგრამ საზოგადობა მოატყუო, რომ მე ეს ჩამივარდა, როცა თეთრი ძაფითაა ნაკერი, რომ არ ჩაუვარდა და ჩააგდეს, ამ ფონზე რა თქმა უნდა მათი აღშფოთება ისეთივეა, როგორიც ქართული საზოგადოების აღშფოთებაა," - აცხადებს იგი.
დასავლელი დიპლომატების განცხადებებით, „ქართულ ოცნება" პოლიტიკას თუ არ შეცვლის, ამან შესაძლოა საზოგადოებაზე მოახდინოს გავლენა, რამაც შესაძლოა არჩევნებზე ჰპოვოს ასახვა.
„ქართულ ოცნებას" შეცდომა არ დაუშვია, მან შეგნებული დანაშაული ჩაიდინა. ეს შეცდომა არაა, შეგნებულად წავიდა ამ ფარსზე და სპექტაკლზე, ის არ შეცვლის პოლიტიკას, ის გააგრძელებს. დღეს რომ მმართველმა გუნდმა პოლიტიკა შეცვალოს, ამით ოპოზიციას გააძლიერებს და თავიანთ მხარდამჭერი ხალხის ნდობას შეასუსტებენ, ჩაუთვლიან სისუსტედ, ამით ოპოზიცია გაძლიერდება და კიდევ უფრო მეტად შუტევს, ამიტომ ის გააგრძელებს თავის ტყუილში, ფარსში და თავის სპქტაკლებში ცხოვრებას.
„ასეთი განცხადებებით „ქართული ოცნება" არაფერს არ შეცვლის, ერთადერთი ისაა, რომ ამ კრიტიკამ შესაძლოა გავლენა ქართულ საზოგადოებაზე მოახდინოს, რომ მართლაც რთულადაა საქმე და მათი ხელისუფლებაში ყოფნა სულაც არაა ყველაზე კარგი ვარიანტი.
„კონგრესმენების ის წერილი, რომელიც გახარიას მისამართით გამოაგზავნეს, ხომ შეეძლოთ ჩუმად ფოსტით გამოეგზავნათ და საჯარო არ ყოფილიყო, მაგრამ მათი ინტერესი იყო, რომ საჯარო ყოფილიყო, ანუ ისინი ქართულ დემოკრატიას, საზოგადოებას მხარს უჭერენ, ამიტომაც ამ წერილის გასაჯაროება მოხდა და საზოგადოება უნდა მიხვდეს, რომ თუ ასე გაგრძელდა საქართველო დასავლეთის მხარდაჭერას დაკარგავს და როცა არჩევნებზე მივლენ, უნდა იცოდნენ, რომ თუ „ქართულ ოცნებას" ფარსი გამოუვიდა, მაშინ დასავლეთისგან აღარ უნდა გვქონდეს გვერდში დგომის იმედი,
„საზოგადოება როცა არჩევნებზე წავა, კარგად უნდა იცოდეს რა შედეგებით დასრულდება არჩევნები, რომლიც საზოგადოების პასუხისმგებლობა იქნება და არა „ქართული ოცნების," -განაცხადა ზაქარეიშვილმა.