
გაერთიანებული კომისიის სხდომაზე, თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების" დეპუტატები „ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლევან ხაბეიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაპირისპირებაში დეპუტატები ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ჩაკვეტაძე და ალექსანდრე ხუჯაძე მონაწილეობდნენ. ხაბეიშვილს დაზიანებები თვალის არეში აღენიშნება. ოპოზიცია ამბობს, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა, რასაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია „სისულელეს" უწოდებს.
„წინასწარ დაგეგმილი, - ეს არის აბსოლუტური სისულელე. თითქოს გეგმა დასახეს დეპუტატებმა და თავს დაესხნენ. ძალიან არასასურველი, ცუდი ამბავი მოხდა და ასეთი რამ საკრებულოში არ უნდა ხდებოდეს," - ამბობს ნუკრი ქანთარია „რეზონანსთან."
„ქართული ოცნების" დეპუტატი მიიჩნევს, რომ „ხაბეიშვილი ცდილობს ნებისმიერ საქმეში ინტრიგა დათოსოს."
„ფრაქცია, საკრებულო, საკრებულოს თავმჯდომარე... მგონი, გამოძიებაც ჩაერთო. ასე რომ, გადაწყვეტენ და სრული სურათიც იქნება, შედეგიც შესაბამისი დადგება. ეს ცემა-ტყეპა, რომელიც იყო, ადრეც მომხდარა, ხდება-ხოლმე ასეთი სამწუხარო ფაქტები. პასუხისმგებლობა ალბათ ყველა მხარეს დაეკისრება. საზოგადოება უყურებს და გადაწყვეტს კიდევაც. საზოგადოება მთავარ პასუხისმგებლობას დააკისრებს ნებისმიერს, - მონაწილეს თუ გამომწვევს.
„ხაბეიშვილი რომ მაქსიმალურად ცდილობს ნებისმიერ საქმეში გარკვეული ინტრიგა დათესოს და ზედაპირზე იყოს, ეს ჩანს კიდევაც," - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
„ნაციონალური მოძრაობის" წევრ ზაალ უდუმაშვილის თქმით, საკრებულოში „ქართული ოცნების" წევრების სახით, „კრიმინალური დაჯგუფებაა დაბუდებული".
„ქართულმა ოცნებამ" მოახერხა და ეს შენობა, რომელიც უნდა ემსახურებოდეს თბილისელების ინტერესებს, გადააქცია კრიმინალების ბუდედ. დიახ, აქ არის „ქართული ოცნების" კრიმინალურ დაჯგუფება დაბუდებული, რომელიც ფიზიკურად უსწორდება პოლიტიკურ ოპონენტებს. წარმოიდგინეთ, ამდენი ადამიანი იყო საკრებულოში „ქართული ოცნებიდან" წარმოდგენილი, ერთი იყო ლევან ხაბეიშვილი და პოლიტიკური არგუმენტები რომ არ ჰქონდათ, ადგნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„ეს იყო წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა. ეს არ მომხდარა სპონტანურად, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ. უნდოდათ, რომ გასწორდებოდნენ ჩვენი პარტიის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ წევრს ლევან ხაბეიშვილს ფიზიკურად. ყველამ უნდა აგოს პასუხი ვინც მონაწილეობდა ამ თავდასხმაში და ამ კრიმინალურ გარჩევაში," - განაცხადა უდუმაშვილმა.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ მომხდარ დაპირისპირებაზე კომენტირებისას, ორივე მხარეს მოუწოდა, მაქსიმალურად შეიკავონ თავი როგორც პირადი შეურაცხყოფისგან, ასევე, ფიზიკური დაპირისპირებისგან. როგორც მან აღნიშნა, მაქსიმალურად ეცდებიან, რომ საკრებულოს შენობაში უსაფრთხოების ზომები დაცული იყოს და სიმშვიდე შენარჩუნდეს.